ინსულინი ბოდიბილდინგში.

blog-insulin-bodybuilding

ინსულინი არის ერთერთი ყველაზე ძლიერი და მრავალფუნქციური ჰორმონი ადამიანის ორგანიზმში, რომელსაც გამოყოფს პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი). ის ფლობს ანაბოლური მოქმედების უნარს, ხელს უწყობს ცილის სინთეზს და ქსოვილების მშენებლობას. ინსულინი ასევე უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის და ძალის ზრდას. ამავე დროს ის სტიმულს აძლევს ცხიმის სინთეზს.

სამედიცინო სფეროში ინსულინს იყენებენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ინსულინის მთავარი ფუნქცია არის სისხლში გლუკოზის დონის შემცირება. ინსულინი საჭიროა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ყველა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზოგიერთი პაციენტისათვის.

ინსულინი გამოიყოფა სისხლში შაქრის დონის აწევისას. რომ გავიგოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, უნდა ვიცოდეთ რა მექანიზმები ერთვება ამ დროს.

საკვების მიღების დროს ჩვენ ვიღებთ ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს. ნახშირწყლები იყოფა იმის მიხედვით, თუ როგორი სისწრაფით ითვისებს მას ორგანიზმი, აქვს თავისი გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში მოხვედრის სიჩქარე. ეს ინდექსი რაც უფრო მაღალია, მით უფრო სწრაფად იზრდება შაქრის დონე სისხლში.

(დღეისათვის ეს შეხედულება შეცვლილია: მეცნიერებმა თავდაპირველად ჩათვალეს, რომ რადგან არსებობენ რთული და მარტივი ნახშირწყლები, მაშინ მარტივი ნახშირწყალი, რომლის მოლეკულაც უფრო მარტივია, უფრო სწრაფად აითვისება ორგანიზმის მიერ და რთული ნახშირწყალი რთული მოლეკულით შესაბამისად უფრო ნელა. ასე გაჩნდა მითი, რომ არსებობენ სწრაფი და ნელი ნახშირწყლები. შემდგომში დადგინდა, რომ ნახშირწყლების სირთულე არ მოქმედებს ორგანიზმის მიერ მისი ათვისების სისწრაფეზე, ნებისმიერი სახის ნახშირწყალი სისხლში შაქრის დონეს მაქსიმალურ პიკამდე წევს 30 წუთში მისი მიღებიდან. გლიკემიურ ინდექსს დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ როგორც ნახშირწყლების ათვისების სიჩქარის მაჩვენებელს, სინამდვილეში გ.ი. არის რაოდენობის, და არა სისწრაფის მაჩვენებელი ერთეული. ანუ სხვადასხვა პროდუქტების ათვისების სიჩქარე ერთნაირია, მაგრამ შაქარის რაოდენობა – სხვადასხვა, ანუ რაც უფრო მარტივია ნახშირწყალი, მით უფრო მაღლა იწევს შაქრის დონე სისხლში და მით მეტია გ.ი. ყველაფერი დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და არა დროზე. სტატია გლიკემიურ ინდექსზე იხ აქ)

შაქრის მომატებასთან ერთად ორგანიზმი მაშინვე გამოიმუშავებს ინსულინს, იმიტომ რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე სახიფათოა და ინსულინს გამოაქვს ზედმეტი გლუკოზა სისხლიდან. იმისათვის, რომ გლუკოზა მოხვდეს უჯრედში, საჭიროა ინსულინი. ის ზრდის უჯრედების (მათ შორის კუნთის უჯრედების) მიერ გლუკოზის მოხმარებას და გამოყენებას. ის მსგავსად გასაღებისა, რომლითაც ვაღებთ კარებს, ეხმარება შაქარს სისხლიდან უჯრედის (მემბრანის გავლით) შიგნით მოხვედრაში. (როცა ინსულინის რაოდენობა საკმარისი არ არის, შაქარი რჩება სისხლში, რაც გამოიწვევს სისხლის შედედებას).

ზედმეტი გლუკოზა ინსულინს გადააქვს ცხიმის ქსოვილებში, რომელიც ინახება ე.წ. ცხიმის დეპოში. სწორედ ამიტომ, როცა ადამიანი მოიხმარს ბევრ ტკბილს – შაქარს, ნამცხვრებს, ტკბილ წვენებს და ლიმონათებს, მას აქვს ზედმეტი წონა.

თქვენი ნაცნობებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ზიან დიეტაზე, თითქმის არაფერს არ ჭამენ დღის განმავლობაში და საღამოს შეჭამეს ცოტა ხილი და შოკოლადი. რა თქმა უნდა ასეთი კვებით ბევრ კალორიას ვერ მიიღებ, მაგრამ საქმე მარტო კალორიებში არ არის. როდესაც მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამ, სისხლში შაქრის დონე დაბალია და როგორც კი მიიღებ სწრაფ ნახშირწყლებს შაქრის დონე მკვეთრად გაიზრდება. შესაბამისად ორგანიზმი მკვეთრად გამოყოფს ინსულინს და ინსულინი ამ გლუკოზას გადაიტანს ცხიმის ქსოვილში (დეპოში), სადაც ინახავს მარაგის სახით. უფრო მეტიც, ეს პროცესი ავტომატურად გრძელდება, ინსულინის გამომუშავება მუდმივად გრძელდება. ორგანიზმი ინსულინის მკვეთრ მომატებაზე პასუხობს შესაბამისად, შემდგომი საკვების მიღება წავა არა ორგანიზმის ენერგეტიკულ რესურსებში, არამედ ცხიმის მარაგში. ამიტომაც დიეტოლოგები გვირჩევენ ხშირად ჭამას, 3-4 საათში ერთხელ, ნახშირწყლები მივიღოთ უფრო ნელი ნახშირწყლების სახით და არ მივიღოთ ბევრი ტკბილეულობა.

აქვე შეიძლება შევეხოთ ცილოვან-ნახშირწყლოვან ფანჯარას. როგორც ვიცით ეს არის 40 წუთიანი პერიოდი ვარჯიშის შემდეგ. ვარჯიშის დროს თქვენ ამოწურეთ გლიკოგენის მარაგი, რომელიც ინახება ღვიძლში და კუნთებში. ცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარა საშუალებას გვაძლევს ძალიან მალე მოვახდინოთ დახარჯული გლიკოგენის კომპენსაცია მცირე ზედმეტობით. ვარჯიშის მერე თუ ჩვენ მივიღებთ ნახშირწყლებს ცილებთან ერთად, ჩვენ აღვადგენთ გლიკოგენის მარაგს ღვიძლში და კუნთებში. ამ დროს ინსულინი გლიკოგენს არ წარმართავს ცხიმის უჯრედში, საკვებიდან მიღებულ ნივთიერებებს და მათ შორის ამინომჟავებს ის გადაიტანს კუნთის უჯრედში. თუ ადამიანმა ნორმალურად არ მიიღო საკვები და არ გამოიძინა (ღამე მიმდინარეობს ძირითადი ჰორმონების გამომუშავება), მისი კუნთები ცარიელია გლიკოგენისგან და ენერგიისგან და ადამიანი სწრაფად იღლება.

(ამ საკითხზეც არის აზრთა სხვადასხვაობა. არის მოსაზრება, რომ ვარჯიშის მერე ნახშირწყლების მიღებით ვბლოკავთ ზრდის ჰორმონის მოქმედებას და რომ ნახშირწყლოვანი ფანჯარა გრძელდება 12 საათს და მეტ ხანსაც. ამის საპასუხოდ:
ინსულინი ვარჯიშის შედეგად არ გამოიყოფა, ვარჯიშის შედეგად აქტიურდება მეტაბოლიზმი, იცვლება ჰორმონალური ფონი. აქტიურად გამოიყოფა სტრესის ჰორმონები ადრენალინი და კორტიზოლი, რომელთა ანტაგონისტი ჰორმონია ინსულინი, რომელიც ბლოკავს სტრესის ჰორმონებს. ინსულინის სეკრეციისთვის კი საჭიროა შაქრის დონის აწევა სისხლში, რაც არ მოხდება თუ არ მივიღებთ სწრაფ ნახშირწყალს)

ბოდიბილდინგში ინსულინს იყენებენ მისი გამოკვეთილი ანაბოლური ეფექტის გამო. ინსულინი ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარობას გლუკოზის შეღწევისთვის, ააქტიურებს გლიკოლიზის ფერმენტებს, სტიმულს აძლევს ღვიძლში და კუნთში გლუკოზიდან გლიკოგენის წარმოქმნას. აძლიერებს ცილის და ცხიმის სინთეზს.

ამას გარდა ინსულინი ახშობს გლიკოგენის და ცხიმის დამშლელი ფერმენტების აქტივობას, ანუ ანაბოლური მოქმედების გარდა ინსულინი ფლობს ანტიკატაბოლურ ეფექტსაც. ინსულინზეა დამოკიდებული გლუკოზის ტრანსპორტირება კუნთის და ცხიმის ქსოვილებში.

ინსულინი არის ერთერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი ბბ-ში. არის შეხედულება, რომ ეს არის ნომერ პირველი პრეპარატი კუნთის მასის ზრდაში, შემდეგ მოდიან სტეროიდები და ზრდის ჰორმონი. რაც შეეხება მყესებს, აქ პირიქითაა: ჯერ მოდის ზრდის ჰორმონი, სტეროიდები და ბოლოს ინსულინი.

რატომ არის ინსულინი უფრო ეფექტური პრეპარატი ვიდრე სტეროიდი?

პირველ რიგში ინსულინი არის ყველაზე მთავარი ტრანსპორტირების ჰორმონი, ის ამარაგებს ჩვენს უჯრედებს როგორც ზრდისთვის ასევე ენრგეტიკული მოთხოვნილებებისათვის საჭირო სასარგებლო, მკვებავი ნივთიერებებით. ნახშირწყლები, ეს არის გლიკოგენი, რომელიც არის ენერგიის წყარო, ამინომჟავები კი კუნთის საშენი მასალა, რისგანაც შენდება ჩვენი კუნთის უჯრედები. მეორეც, ინსულინს აქვს ანაბოლური თვისებების გარდა ანტიკატაბოლური თვისებები. ინსულინი ეწინააღმდეგება კუნთის უჯრედების დაშლას, უჯრედიდან მკვებავი ნივთიერებების და ამინომჟავების გამოტანას, უკეთესად ინახავს მათ როგორც ვარჯიშის დროს, ასევე ვარჯიშის მერე.

სპორტსმენები ინსულინს იღებენ დამატებით. ჩვეულებრივ ათლეტებს, რომლებიც არ იღებენ ინსულინს დამატებით, აქვთ მხოლოდ ერთი ხელსაყრელი მომენტი დახარჯული გლიკოგენის სწრაფად კომპენსაციისათვის – ცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარა, რომელიც დგება ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. ხოლო ისინი, ვინც ხელოვნურად იღებენ ინსულინს, მათ შეუძლიათ შექმნან და გამოიყენონ მეორე ცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარა, მოახდინონ ორგანიზმის კიდევ ერთი კომპენსაცია. სინამდვილეში ამით ახდენენ გლიკოგენის მომარაგებას კუნთში, რადგან ღვიძლში მისი ადგილი აღარ რჩება.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც იყენებენ ინსულინს პროფესიონალი ბოდიბილდერები. როგორც იცით ისინი იღებენ დიდი რაოდენობით საკვებს და მათ შორის სწრაფ ნახშირწყლებს. ამიტომ მათი კუჭქვეშა ჯირკვალი გადატვირთულია და მუდმივად გამოიმუშავებს ინსულინს დიდი დოზებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი. ამიტომ თავი რომ დაიცვან დიაბეტისგან პროფესიონალი ბბ-ები იკეთებენ ინსულინის ინექციას მცირე დოზებით.

ინსულინის გამოყენება ბოდიბილდინგში დიდ საფრთხეს შეიცავს იმიტომ, რომ ინსულინი საშიში პრეპარატია სტეროიდებისგან განსხვავებით, რისგანაც ბევრი ბბ-რია გარდაცვლილი. ისინი ვარდებიან გლიკემიურ კომაში, რაც იწვევს სიკვდილს. ამიტომ მისი გამოყენება არაპროფესიონალებისათვის შესაბამისი ცოდნის და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე უკიდურესად არაგონივრული და საფრთხის შემცველია.

P.S. ჩემი სტატიები ბბ-ში ქიმიური პრეპარატების გამოყენების შესახებ ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და არ ისახავს მიზნად ფარმაკოლოგიური პრეპარატების რეკლამირებას. მე ჩემი სტატიებით ვცდილობ თავიდან აგაცილოთ ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოყენებას ამ თემაში ჩაუხედავი სპორტსმენებისათვის.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

მასის მომატებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=30

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება