რამდენ ცილას ითვისებს ორგანიზმი ერთ მიღებაზე.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ორგანიზმი ერთ მიღებაზე ითვისებს მხოლოდ 30 გრამ ცილას. ამ შეხედულებას საფუძვლად დაედო 2009 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც იკვლევდა დამოკიდებულებას ცილის მიღებასა და ორგანიზმის აღდგენას შორის ვარჯიშის შემდეგ, ასევე საერთოდ ანაბოლიზმს.

გამოსაცდელი სპორტსმენები ვარჯიშის მერე იღებდნენ სხვადასხვა რაოდენობის ცილას და ანალიზს უღებდნენ 4 საათის შემდეგ. დადგინდა, რომ 30 გრამზე მეტი ცილის მიღება არ იძლევა კუნთის ცილის სინთეზის მომატებას. ანუ თუ ჩვენ ვიღებთ 30 გრამ ცილაზე მეტს, ეს მეტი ცილა არანაირ გავლენას არ ახდენს კუნთის ცილის სინთეზზე, ანაბოლიზმზე. მაგრამ ამ გამოკვლევაში ლაპარაკი იყო მხოლოდ ვარჯიშის მერე მიღებულ ცილაზე და ვარჯიშიდან 4 საათის შემდეგ მიმდინარე პროცესზე.

სწორედ ამ გამოკვლევაზე დაყრდნობით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 30 გრამზე მეტი ცილის მიღებას აზრი არ აქვს, არ აითვისება ორგანიზმის მიერ და წავა უნიტაზში. რომ ზედმეტი ცილის მიღება არ შეიძლება, რადგან ზედმეტად დატვირთავს თირკმელებს და გამოიყვანს მათ მწყობრიდან ან კიდევ უარესი, ზედმეტი ცილა გარდაიქმნება ცხიმში.

ყურადღება მიაქციეთ, რომ გამოკვლევა ცილის ათვისებაზე კი არ იყო ჩატარებული, არამედ კუნთის სინთეზზე. ადამიანების უმრავლესობას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს დანაწევრებულ კვებაზე და საკვებს იღებენ დღეში 2-3-ჯერ. მათი ორგანიზმი რომ ვერ ითვისებდეს 30 გრამზე მეტ ცილას, დაიღუპებოდნენ ცილის დეფიციტის გამო, რაც მადლობა ღმერთს ასე არ ხდება.

ეს გამოკვლევა მეტყველებს იმაზე, რომ საშუალო კომპლექციის ადამიანისთვის 30 გრამი ცილა საკმარისია, რომ ვარჯიშის მერე გარკვეული დროის შემდეგ უზრუნველყოს კუნთის სინთეზი და მორჩა, მარტო ეს იყო კვლევის შედეგი. კვლევაში არ იყო გათვალისწინებული, რომ ცილა საჭიროა არა მარტო კუნთისთვის, რომ ადამიანი მთლიანად შედგება ცილებისაგან და მისი ყველა ორგანო და ქსოვილი საჭიროებს ცილას. გამოკვლეული იყო მარტო კუნთის სინთეზი, თუმცა ვარჯიშის მერე აღდგენა სჭირდება მყესებსაც, ძვლების სისტემასაც და აქტიურდება ჰორმონალური სისტემაც.

ეტყობა ამ კვლევის შედეგი ვიღაცამ/ჟურნალისტმა აიტაცა და მისცა თავისი ინტერპრეტაცია, თითქოს ორგანიზმი ერთ მიღებაზე 30 გრამ ცილაზე მეტს ვერ ითვისებს მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოკვლევა სულ სხვა საკითხს სწავლობდა.

და მაინც, სინამდვილეში რამდენ ცილას ითვისებს ჩვენი ორგანიზმი ერთ მიღებაზე?

ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ფიზიოლოგია იძლევა ამაზე პასუხს. ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემაში არ არსებობს ისეთი ფუნქცია, რომელიც გადაზომავს 30 გრამ ცილას, აითვისებს და დანარჩენს გამოყოფს გარეთ. ფაქტიურად საკვებიდან მიღებულ ცილას სრულად შეიწოვს სისხლი, ხოლო სითხის გამომყოფი ორგანო არის თირკმელები. ზედმეტი ცილის შარდით გამოყოფა რომ ხდებოდეს, ეს უკვე თირკმელების დაავადებაა, პიელონეფრიტი, რომელიც სასწრაფოდ სამკურნალოა. ჯანმრთელი ადამიანის თირკმელები არ უნდა გამოყოფდნენ ცილას შარდში.

ე.ი. არ არსებობს კუჭ-ნაწლავში ისეთი მექანიზმი რომელიც მხოლოდ 30 გრამ ცილას აითვისებს და თუ ჯანმრთელი თირკმელები გვაქვს, არც ზედმეტ ცილას არ უნდა გამოყოფდეს. ცილებიდან მიღებული ყველა ამინომჟავა აითვისება ორგანიზმის მიერ ცილის სინთეზზე, კუნთის მასის მშენებლობაზე და სხვა პროცესებზე.

სინამდვილეში კუჭ-ნაწლავთა სისტემის შეთვისების უნარი უზარმაზარია. დღე-ღამეში ადამიანს შეუძლია შეიწოვოს ნახევარი კილო ცხიმი, 600-700 გრამი ცილა და 10 ლიტრი წყალი. ეს არის ორგანიზმის შესაძლებლობა და გამტარუნარიანობა, ნელი და ხანგრძლივი პროცესი. აი ამ მოცულობის საკვების ათვისება და გადამუშავება შეუძლია ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამეში, თუ ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოინდომებთ დღე-ღამეში 600-700 გრამი ცილის მიღებას, ალბათ არ ღირს ამ რაოდენობის ცილის ერთ ჯერზე მიღება. ყველასთვის ცნობილია, რომ ცილის და განსაკუთრებით ხორცის ცილის ათვისება ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. მისი გადამუშავება გრძელდება დიდხანს, განსაკუთრებით კაზეინის, რომელიც 6 საათს გრძელდება.

არის კიდევ ასეთი მოსაზრება, რომ ზედმეტი ცილების მიღებას შეუძლია დააზიანოს თირკმელები, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არარეალურად დიდი რაოდენობის ცილას მიიღებთ, მაგალითად 8-10 გრამ ცილას 1 კგ. მასაზე.

მოკლედ, თუ თქვენ მიიღებთ 100 გრამ ცილას ერთბაშად, ორგანიზმი უფრო მეტ დროს დახარჯავს მის ათვისებაზე, ვიდრე 30 გრამი ცილის მიღებისას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება