ტრანს – ცხიმები.

84bb2b92be86926e89c6418c4a4cbac6

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენ ტრანს-ცხიმს მოიხმართ ყოველდღიურად. მარგარინი არის იგივე ტრანს-ცხიმი – პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ ყველა ფეხის ნაბიჯზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ მწარმოებლებისთვის აუცილებელი გახდა მიეღოთ ძვირადღირებული ნაღების კარაქის იაფფასიანი ანალოგი. სწორედ ესეთი ანალოგია მარგარინი.

როგორ აწარმოებენ მარგარინს?

იღებენ ყველაზე იაფფასიან მცენარეულ ზეთს (არანაჯერი ზეთი) და აჯერებენ წყალბადით, რის შედეგადაც თხევადი არანაჯერი ზეთი გარდაიქმნება მყარ ნაჯერ ცხიმად – მარგარინად. აქვე შეგახსენებთ, რომ არანაჯერი ცხიმები თავისი მოლეკულური სტრუქტურიდან გამომდინარე არის თხევადი (მაგ. ზეთები), ხოლო ნაჯერი ცხიმები – მყარი (მაგ. ცხოველური ცხიმები).

ტრანს-ცხიმები არის არანაჯერი ცხიმების ნაირსახეობა, რომელიც წარმოიშობა არანაჯერი ცხიმების მაღალტემპერატურული დამუშავების ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციით თხევადი მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევიან, ისეთი როგორიცაა მარგარინი, ანუ არანაჯერი ცხიმი გადაიქცა ნაჯერ ცხიმად.

მარგარინს აქვს სხვა სახელწოდებებიც:

მყარი სინთეტიკური ცხიმი;
ტრანს-ცხიმი;
ჰიდროგენიზირებული მცენარეული ცხიმი.

აქ ცუდი ის კი არაა, რომ არანაჯერი ცხიმი გადაიქცა ნაჯერ ცხიმად, არამედ ის, რომ გაჯერების დროს მოლეკულა დაიგრიხა, მიიღო ტრანსკონფიგურაცია. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გვქონდა ნორმალური არანაჯერი ცხიმის მოლეკულა, რომელიც გავაჯერეთ წყალბადის ატომებით და მოლეკულა გახდა გაჯერებული, თანაც დაიგრიხა. ე.ი. ტრანს ცხიმები ეს არის ცხიმები, რომლის მოლეკულებმაც განიცადა ტრანსკონფიგურაცია. აქედან მოდის ტრას-ცხიმების სახელწოდებაც.

სწორედ ეს არის სახიფათო – მოლეკულის დაგრეხა და კონფიგურაციის ტრანსფორმირება. რადგან ბუნებაში ფაქტიურად არ არსებობს ასეთი ცხიმები და არც შეიძლება არსებობდეს, მარგარინი არის გამორჩეულად სინთეტიკური ცხიმი. ჩვენ ორგანიზმს არ შეუძლია გადაამუშავოს ასეთი ცხიმები, იმიტომ რომ ისინი სინთეტიკურია. ჩვენ ორგანიზმში ყველაფერი და მათ შორის ფერმენტების სისტემაც მოწყობილია ბუნებრივი და არა ხელოვნური ცხიმების დაშლაზე.

ორგანიზმს არ შეუძლია გაარჩიოს ტრანს-ცხიმი ნორმალური ცხიმისაგან და არც შეუძლია გადაამუშავოს ის როგორც ბუნებრივი ცხიმი. ჩვენმა სხეულმა ხომ არ იცის, რომ ტრანს-ცხიმები ხელოვნური ცხიმებია და იყენებს ყველა ბიოქიმიურ პროცესებში როგორც ჩვეულებრივ ცხიმებს.

ცხიმების ფუნქციები ჩვენ ორგანიზმში კი უამრავია: ენერგეტიკული ფუნქცია, ტვინის მშენებლობა, სხვადასხვა ქსოვილების მშენებლობა, სუნთქვის ფუნქცია, ჰორმონების გამომუშავება. სხეული ვერ ხვდება, რომ ტრანს-ცხიმები არ არის ნამდვილი ცხიმები. ჩვენ კი ვხვდებით, რომ ჩვენი სხეულის სამშენებლო მასალა არასრულფასოვანია და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. უჯრედების მემბრანა შედგება ცხიმებისაგან, ლიპიდებისაგან და თუ მის ადგილზე აღმოჩნდება ტრანს-ცხიმი, ასეთი უჯრედი სიმსივნის პოტენციური უჯრედი ხდება. აქედან გამომდინარე ჩვენ რაციონში ტრანს-ცხიმების მოხმარების შედეგად სხეულის ბევრი ფუნქცია შეიძლება მოიშალოს. ასე რომ სიმსივნე და იმუნური სისტემის დაავადებები ტრანს-ცხიმების მომხმარებელთა ტიპიური თანამგზავრია.

ჩვენი ცხიმის ქსოვილის შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ცხიმებს ვიყენებთ საკვებად. ანუ სხეული აგროვებს ცხიმს იმ ფორმით, რა ფორმითაც იღებს და მიღებული ტრანს-ცხიმი გროვდება როგორც ტრანს-ცხიმი, რომლის დაშლაც უჭირს ჩვენ სხეულს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ საშუალო სტატისტიკური ამერიკელის ცხიმის 5% შეადგენს ტრანს-ცხიმს.

მოდით ვნახოთ რომელ პროდუქტებშია ტრანს-ცხიმები.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურად ტრანს-ცხიმებს არავინ არ ამზადებს. ინტერნეტში ფართოდ გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ რაფინირებული მცენარეული ზეთები შეიცავს 25%-მდე ტრანს-ცხიმებს, რაც არასწორია. ბუნებაში არსებობს ბუნებრივი ტრანს-ცხიმები, რომლებიც სასარგებლოა. ისინი გვხვდებიან ყველა მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებში, მაგრამ მისი პროცენტული შემადგენლობა 1%-ზე ნაკლებია. უფრო მეტიც, ზეთის თერმული დამუშავების დროსაც არ წარმოიქმნება ტრანს-ცხიმები. რაფინირებული მცენარეული ზეთები ტრანს-ცხიმებს არ შეიცავს (ისევე, როგორც ხოლესტერინს), იმიტომ რომ:

1. ის არ არის მყარი;
2. ზეთის რაფინირება, ანუ გაწმენდა სულ სხვა პროცესია ჰიდროგენიზაციისგან განსხვავებით;
3. ზეთების თერმული დამუშავებით ტრანს-ცხიმები არ წარმოიშობა.

ეხლა კონკრეტულად რომელი პროდუქტები შეიცავენ ტრანს-ცხიმებს.

პირველ რიგში თავად მარგარინი და მასზე მომზადებული პროდუქტი. რძის პროდუქტების უმრავლესობა შეიცავს მარგარინს, რაზეც ინფორმაცია უნდა იყოს ეტიკეტზე, თუმცა მწარმოებელი ხშირად ეშმაკობს და მკაფიოდ არ უთითებს პროდუქტში ტრანს-ცხიმების რაოდენობას. მაგ. მდნარი ყველი, ხაჭო, მაიონეზი, არაჟანი რომელთა შემადგენლობაში მითითებულია მცენარეული ზეთი და რა თქმა უნდა არ წერია ტრანს-ცხიმი. თუ ვხედავთ, რომ ასეთი პროდუქტი მყარია, არ დნება და ფორმას არ კარგავს ე.ი. იქ მარგარინია და შეიცავს ტრანს-ცხიმს. ნაყინი გაძეძგილია ტრანს-ცხიმებით, თუმცა მასზე ვერ წაიკითხავთ რომ შეიცავს ტრანს-ცხიმებს. ასევე შეიძლება ეწეროს ჰიდროგენიზირებული ცხიმი, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ტრანს-ცხიმია.

მოკლედ ყველგან შეიძლება ეწეროს მცენარეული ზეთი, სინამდვილეში კი პროდუქტის შემადგენლობაში იყოს მარგარინი, რომელიც დამზადებულია ყველაზე იაფფასიანი მცენარეული ცხიმისაგან და ჰიდროგენიზაციის შედეგად გადაიქცა ტრანს-ცხიმად.

ეხლა უკვე ყველამ იცის, რომ ტრანს-ცხიმებია არაჟანში, მაიონეზში და მწარმოებლები იყენებენ მარგარინს ამ პროდუქტებში, მაგრამ მაიონეზს ზოგჯერ მართლა ამზადებენ მცენარეულ ზეთზე და ასეთი პროდუქტის ყიდვა შეიძლება.

საერთოდ ყველაზე კარგი რჩევაა შეხედოთ პროდუქტის შემადგენლობას და თუ პროდუქტში არ უნდა იყოს მცენარეული ზეთი და მაინც აწერია, მაშინ აქ უკვე დიდი ალბათობით მცენარეული ზეთის მაგივრად არის მარგარინი, სქელი მასის მისაღებად. ან თუ პროდუქტის შემადგენლობაში უნდა იყოს მცენარეული ზეთი, მაგრამ ის არის ძალიან სქელი და მკვრივი, მაშინ აქაც გამოყენებულია მარგარინი.

და ყველაზე მთავარი, რასაც ადრე არ აქცევდით ყურადღებას – ყველა გამოცხობილი ნაწარმი, ხაჭაპურები, ტორტები, ნამცხვრები, ფასთ-ფუდები ყველაფერი მზადდება მარგარინზე, რადგან ნაღების კარაქს არავინ გამოიყენებს მისი სიძვირის გამო.

(გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად ჩიპსები არ შეიცავს ტრანს-ცხიმებს, რადგან კარტოფილის შესაწვავად იყენებენ ყველაზე იაფფასიან ცხიმებს, რომელიც მარგარინზე ძვირი არ ღირს და დარწმუნებული იყავით, რომ მართლაც სიმინდის ზეთზეა შემწვარი კარტოფილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის მავნე და მათი ჭამა შეიძლება).

საბოლოო დასკვნა:

1. მარგარინი არის უფრო ძვირადღირებული საქონლის ცხიმის ანალოგი, რომელიც მიღებულია იაფფასიანი მცენარეული ცხიმების ჰიდროგენიზაციის შედეგად.
2. ტრანს-ცხიმებს სპეციალურად არავინ არ ამზადებს. ტრანს-ცხიმი ჩნდება მარგარინის მიღების დროს.
3. სხეული იღებს ტრანს-ცხიმებს როგორც ჩვეულებრივ ცხიმოვან მჟავებს, რითაც თავის ქსოვილებს აშენებს სინთეტიკური, არაბუნებრივი ცხიმებისაგან.
4. მცენარეულ და მით უმეტეს რაფინირებულ ზეთებში არ შეიძლება იყოს ტრანს-ცხიმები.
5. ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემადგენლობა, ამაზეა დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობა.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება