გულმკერდის ჩონჩხი.

rippe-darstellung-rippen-menschen-1024x853

გულმკერდი ძვლოვანი ღრუა, რომელიც შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილით, ნეკნებითა და მკერდით. მას აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა, რომელიც ფართო ფუძით მიმართულია ქვემოთ, წაკვეთილი მწვერვალით – ზემოთ.

გულმკერდში განასხვავებენ წინა, უკანა და გვერდით კედლებს, ზემო და ქვემო ხვრელებს.
წინა კედელს წარმოქმნის მკერდი და ხრტილოვანი ნეკნები.
უკანა კედელი წინასთან შედარებით უფრო გრძელია და წარმოქმნილია გულმკერდის მალებითა და ნეკნების უკანა ბოლოებით;

გულმკერდის უკანა კედლის გარეთა ზედაპირზე, მალების წვეტიან მორჩებსა და ნეკნთა კუთხეებს შორის იქმნება ორი ღარი – ზურგის ღარები; ისინი ამოვსებულია ზურგის ღრმა კუნთებით.
გულმკერდის შიგნითა ზედაპირზე არსებობს ასევე ორი ღარი – ფილტვების ღარები, რომლებზედაც თავსდება ფილტვები.

გულმკერდის გვერდითი კედლები შედარებით გრძელია და წარმოქმნილია ნეკნების სხეულებით. ნეკნებს შორის მოთავსებულია ნეკნთაშუა სივრცეები, რომლებიც ამოვსებულია თანამოსახელე კუნთებით. გულმკერდის ღრუ, შემოსაზღვრულია ზემოთ აღნიშნული კედლებით და გააჩნია ორი ხვრელი – ზემო და ქვემო ხვრელები.

გულმკერდის მოყვანილობა და მისი ზომები სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია. გულმკერდი მამაკაცებში გრძელი, ფართო და შედარებით უფრო კონუსისებურია, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, გულმკერდის ფორმა იცვლება ასაკთან ერთად.

ნეკნები.

ადამიანს 12 წყვილი ნეკნი აქვს. ნეკნები წარმოადგენენ სხვადასხვა სიგრძის, რკალისებურად მოხრილ ძვლებს, რომლებიც სიმეტრიულად უკავშირდებიან ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს.

ნეკნის ხრტილები – (მათი რაოდენობა ასევე 12-ია), წარმოადგენენ ნეკნების ძვლოვანი ნაწილის გაგრძელებას. პირველი შვიდი ნეკნი მკერდის ძვალს უკავშირდება საკუთარი სამკერდე ბოლოთი და მათ ნამდვილი ნეკნები ეწოდება. ქვედა ხუთი წყვილი ნეკნი ცნობილია როგორც ცრუ ნეკნები. მათგან VIII, IX და Х ნეკნები ხრტილოვანი ნაწილით უერთდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი VIII ნეკნი VII ნეკნის ხრტილს უკავშირდება. XI და XII (ზოგჯერ X) ნეკნის ხრტილები არ უერთდებიან არც მკერდის ძვალს და არც ერთიმეორეს და მათი სამკერდე ბოლოები თავისუფლად მდებარეობენ მუცლის კუნთების სისქეში. აღნიშნულის გამო XI და XII ნეკნებს მერყევ ნეკნებს უწოდებენ.

მკერდის ძვალი (მკერდი), წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის კენტ, ბრტყელ ძვალს, წინა გამოზნექილი და უკანა ჩაზნექილი ზედაპირით.

მკერდი სამი ნაწილისაგან შედგება:–მკერდის ტარი, მკერდის სხეული და მახვილისებრი მორჩი. სამივე ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება ხრტილოვანი ჩანაფენით, რომელიც ასაკთან ერთად ძვალდება. მკერდის სხეული, სიგრძით თითქმის 3-ჯერ მეტია ტარზე. ქალებს მკერდის ძვლის სხეული უფრო მოკლე აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მახვილისებრი მორჩი, მკერდის ძვლის ყველაზე მოკლე ნაწილია. მორჩი ბრტყელი, ნიჩბისებრი ფორმისაა და ახალგაზრდა ასაკში ხრტილისაგან შედგება.

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments