თავის ქალას ჩონჩხი.

qala_M

თავის ჩონჩხს წარმოადგენს ქალა, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: ტვინის ქალად და სახის ქალად.

ტვინის ქალას შეადგენენ ტვინის ქალას ძვლები, ხოლო ქალას სახის ნაწილს – სახის ქალას ძვლები. ტვინის ქალა შეიცავს თავის ტვინს და დიდი ხვრელით ერთვის ხერხემლის არხს. სახის ქალა შეიცავს საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ ორგანოთა სისტემების დასაწყის ნაწილებსა და გრძნობის ორგანოებს. ქალას ძვლები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნაკერებით, და ხრტილოვანი შეერთებებით ; გამონაკლისს წარმოადგენს საფეთქლის ძვალი.

მთლიანი თავის ქალა.

ტვინის ქალაში განასხვავებენ ორ ნაწილს: ქალასარქველს და ქალას ფუძეს. ზემოთ მდებარეობს ქალასარქველი, მის ქვემოთ კი – ქალას ფუძე. ქალასარქველი წინა მხარეზე გამობურცულია და ქმნის შუბლს. ქალასარქველის უკანა ნაწილში სამი გამობურცულობაა: მათგან ორი თხემის ბორცვია, ხოლო ერთი – უკანა, კეფის ბორცვია. ამ სამ გამობურცულობას შორის მდებარეობს ქალასარქველის წვერი, თხემი. ქალასარქველის სატვინე ზედაპირი უსწორმასწოროა და იმეორებს ტვინის რელიეფს.

ტვინის ქალას ძვლები.

კეფის ძვალი

კეფის ძვალი შეადგენს ქალას უკანა ქვედა ნაწილს. მასში არჩევენ 4 ნაწილს: ძირითად ნაწილს, წყვილ ლატერალურ ნაწილს და კეფის ქიცვს, რომლებიც მოთავსებულნი არიან დიდი ხვრელის ირგვლივ. ამ ხვრელით ქალას ღრუ უკავშირდება ხერხემლის არხს.

სოლისებრი ძვალი

სოლისებრი ძვალი, ქალას ფუძის ცენტრალური ნაწილია. იგი შედგება სხეულისა და მისგან გამომავალი სამი წყვილი ფრთისაგან. სოლისებრი ძვლის სხეული კუბის ფორმისაა და აქვს 6 ზედაპირი. სხეულის ზედა ზედაპირი ქალას ღრუსკენაა მიქცეული, ფორმით უნაგირს ჰგავს და თურქული კეხი ეწოდება. კეხის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ჰიპოფიზის ფოსო, რომელშიცმოთავსებულია ტვინის დანამატი (ჰიპოფიზი).

საფეთქლის ძვალი

საფეთქლის ძვალი (წყვილი) მონაწილეობს ქალას ფუძისა და ქალასარქველის გვერდითი კედლის წარმოქმნაში. მასში მოთავსებულია სმენისა და წონასწორობის ორგანო. საფეთქლის ძვალი ენაწევრება ქვედა ყბას და წარმოადგენს საღეჭი აპარატის საყრდენს. ძვლის გარეთა ზედაპირზე არის გარეთა სასმენი ხვრელი, რომლის გარშემოც განლაგებულია საფეთქლის ძვლის 3 შემადგენელი ნაწილი.

თხემის ძვალი

თხემის ძვალი წყვილი ძვალია და წარმოქმნის ქალასარქველის ზედა და გვერდით ნაწილებს; აქვს ოთხკუთხა, გარეთ გამობურცული ფორმა და გამოდრეკილია. მის შუა ადგილას მდებარეობს თხემის ბორცვი, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ბავშვებში.

შუბლის ძვალი

შუბლის ძვალი შეადგენს ქალასარქველის წინა ნაწილს და ნაწილობრივ მის ფუძეს; შუბლის ძვალი შედგება ოთხი ნაწილისაგან: შუბლის ქიცვი, თვალბუდის ნაწილები, და ცხვირის ნაწილი.

ცხავის ძვალი

ცხავის ძვალი, კენტი ძვალია; მისი უდიდესი ნაწილი მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, მცირე ნაწილი – ქალას ფუძის წინა ნაწილში. ცხავის ძვალი შედგება ჰაეროვანი უჯრედებისაგან და მიეკუთვნება პნევმატიკურ ძვლებს. ცხავის ძვალი შედგება ორი ურთიერთპერპენდიკულარული ფირფიტისაგან: დაცხრილული და პერპენდიკულარული ფირფიტებისაგან.

ცრემლის ძვალი

ცრემლის ძვალი წყვილი ძვალია; მდებარეობს თვალბუდის მედიალური კედლის წინა ნაწილში და აქვს მოგრძო ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა.

სახის ქალას ძვლები.

ზედა ყბა

ზედა ყბა წყვილი ძვალია, მდებარეობს სახის ქალას წინა ზემო ნაწილში. მიეკუთვნება ჰაეროვან (პნევმატიკურ) ძვლებს, ვინაიდან მასში მდებარეობს ლორწოვანი გარსით ამოფენილი ღრუ – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღი

ცხვირის ძვალი

ცხვირის ძვალი, ოთხკუთხა ფორმის წყვილი ძვალია. მისი ზედა კიდე ერთვის შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილს

სასის ძვალი

სასის ძვალი წყვილი ძვალია. მდებარეობს ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში და მონაწილეობს მისი ფსკერის ნაწილისა (მაგარი სასა) და გვერდითი კედლის წარმოქმნაში.

ცხვირის ქვემო ნიჟარა

ცხვირის ქვემო ნიჟარა წყვილი ძვალია; იგი წარმოადგენს თხელ, მოდრეკილ, ფორებიან ძვლოვან ფირფიტას.ნიჟარა მოთავსებულია ცხვირის ღრუში.

სახნისი

სახნისი წარმოადგენს კენტ, ოთხკუთხა, თხელ ფირფიტას; იგი წარმოქმნის ცხვირის ძგიდის უკანა ნაწილს. სახნისის ზემო კიდე შედარებით სქელია და გაყოფილია ორ ფრთად, ე. წ. სახნისის ფრთებად.

ყვრიმალის ძვალი

ყვრიმალის ძვალი წყვილი ძვალია; შედის სახის ქალას გვერდითი ნაწილების შემადგენლობაში. მასზე არჩევენ 3 ზედაპირს.

ქვედა ყბა

ქვედა ყბა კენტი ძვალია და ქმნის სახის ქალას ქვედა ნაწილს. ქვედა ყბაში არჩევენ: სხეულს და ორ მორჩს, ე. წ. ტოტებს , რომლებიც მიემართებიან სხეულის უკანა ბოლოდან ზემოთ. სხეული, თავის მხრივ შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც სიცოცხლის პირველ წელს ხორცდება და იქცევა ერთ მთლიან ძვლად.

ინის ანუ ენისქვეშა ძვალი

ენისქვეშა (ინის) ძვალი – os hyoideum, კენტია, მოთავსებულია ქვედა ყბის ქვემო კიდის დონეზე, ენის სხეულის ქვეშ, აქვს ნალის ფორმა და გამხდარ ადამიანებში ისინჯება კანიდან. სხვა ძვლებს იგი უკავშირდება იოგებით.

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments