ქვემო კიდურის ჩონჩხი.

vjec8

ქვემო კიდურის ძვლები:

1. ქვემო კიდურის სარტყელი.
2. ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი.

ქვემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის მენჯის ძვალი; თავისუფალი ნაწილი შედგება ბარძაყის ძვლისაგან, კანჭის ძვლებისაგან (დიდი წვივის ძვალი, და მცირე წვივის ძვალი), ტერფისაგან (უკანა ტერფი, წინა ტერფი, და ტერფის თითების ძვლები)

ქვემო კიდურის სარტყელი.

მენჯი.

ორივე მენჯის ძვალი წინიდან ერთმანეთს უკავშირდებიან ბოჭკოვანი ხრტილით, უკანა მხრიდან – გავის ძვლით და წარმოქმნიან მყარ ძვლოვან რგოლს – მენჯს. ამიტომ ქვემო კიდურის სარტყელს სხვანაირად უწოდებენ მენჯის სარტყელს.

მენჯის ძვალი.

მენჯის ძვალი წყვილია. 16 წლამდე იგი სამი განცალკევებული ძვლისაგან შედგება: თეძოს ძვალი, საჯდომი ძვალი და ბოქვენის ძვალი. თითოეულ მათგანს აქვს გასქელებული ნაწილი – სხეული. რითაც ძვლები უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან ე. წ. ტაბუხის ბუდეს.

მენჯი მთლიანად.

მენჯი შედგება მენჯის ორი ძვლისაგან, გავისა და კუდუსუნისაგან ასევე ბოქვენის ძვალთაშუა ხრტილისაგან, რომლებიც უკავშირდებიან რა ერთმანეთს სახსრებით, იოგებითა და ორი დამხურავი აპკით, ქმნიან ერთ მთლიან ძვლოვან რგოლს. მენჯს ყოფენ ორ ნაწილად: ზედა, შედარებით ფართო ნაწილად – დიდ მენჯად და ქვედა, შედარებით ვიწრო – მცირე მენჯად.

ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი.

ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი შედგება შემდეგი ძვლებისაგან:

ბარძაყის ძვალი
კანჭის ძვლები
ტერფის ძვლები

ბარძაყის ძვალი.

ბარძაყის ძვალი ყველაზე გრძელი და მსხვილია ადამიანის ჩონჩხის ლულისებრ ძვლებს შორის. მასში განარჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. ბარძაყის ძვლის სხეული, ცილინდრული ფორმისაა.

კვირისტავი ბრტყელი ძვალია; აქვს ორი ზედაპირი: წინა ზედაპირი და უკანა სადა სასახსრე ზედაპირი, კვირისტავი მიეკუთვნება სესამოიდურ ძვლებს; იგი მოთავსებულია ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის სისქეში და იცავს და აფიქსირებს მუხლის სახსარს.

კანჭის ძვლები.

კანჭის ძვლების შემადგენლობაში შედის ორი ძვალი: დიდი წვივი და მცირე წვივი. პირველი მდებარეობს მედიალურად, ტერფის ცერის მხარეზე, მეორე – ლატერალურად, ნეკის მხარეზე.

დიდი წვივი წარმოადგენს გრძელ ლულისებრ ძვალს. მასში არჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. დიდი წვივის ზემო, პროქსიმალური ბოლო, ფართოა.

მცირე წვივი მიეკუთვნება გრძელ ლულისებრ ძვლებს და მდებარეობს დიდი წვივის გარეთა მხარეზე. ძვალს აქვს სხეული და ორი ბოლო: ზემო და ქვემო ბოლოები (ეპიფიზები).

ტერფის ჩონჩხი.

ტერფი იყოფა სამ ნაწილად:

უკანა ტერფი
წინა ტერფი
თითები

უკანა ტერფის ძვლები.

უკანა ტერფის ძვლები, ორ რიგად განლაგებული 7 ძვალია; პროქსიმალურ რიგს მიეკუთვნება კოჭი და ქუსლის ძვალი; დისტალურ რიგის ძვლებია: ნავისებრი ძვალი, კუბური ძვალი და სამი სოლისებრი ძვალი. უკანა ტერფის ძვლები ენაწევრებიან წვივის ძვლებს.

კოჭი აკავშირებს კანჭის ძვლებს ტერფთან; იგი შედგება სამი ნაწილისაგან: კოჭის სხეული, კოჭის ყელი და კოჭის თავი.

ნავისებრი ძვალი, მდებარეობს ტერფის მედიალურ მხარეზე. უკანა ზედაპირზე ძვალს აქვს შედრეკილი სასახსრე ზედაპირი, რომლითაც იგი ენაწევრება კოჭის ძვლის სასახსრე ზედაპირს.

კუბური ძვალი, მდებარეობს ლატერალური სოლისებრი ძვლის გარეთ, ქუსლის ძვლის წინ და წინატერფის IV და V ძვლების ფუძეების უკან.

სოლისებრი ძვლები მდებარეობენ ნავისებრი ძვლის წინ.

წინა ტერფის ძვლები.

წინა ტერფის ძვლები, წარმოდგენილია 5 გრძელი ლულისებრი ძვლით, რომლებიც მდებარეობენ უკანა ტერფის წინ. თითოეულ ძვალს აქვს სხეული, და ორი ბოლო: უკანა, პროქსიმალური, ანუ ფუძე, და წინა, დისტალური, ანუ თავი. ძვლების დათვლა წარმოებს ტერფის მედიალური კიდიდან (ცერიდან ნეკისაკენ). წინა ტერფის 5 ძვლიდან პირველი ძვალი მოკლე, მაგრამ უფრო მსხვილია, მეორე ძვალი – ყველაზე გრძელია.

ტერფის თითების ძვლები 3 რიგად განლაგებული პროქსიმალური, შუა და დისტალური ფალანგებია; გამონაკლისია მხოლოდ ცერი, რომელიც ორი – დისტალური და პროქსიმალური ფალანგისაგან შედგება.

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments