ართროლოგია.

sovremennaya-artrologiya-1728x800_c

ძვალთა შეერთების ორი ჯგუფი არსებობს: უწყვეტი და წყვეტილი.

უწყვეტი, ანუ ფიბროზული შეერთების დროს ძვლებს შორის კავშირი ხორცილდება ამა თუ იმ ტიპის შემაერთებელი ქსოვილით;

იმის, მიხედვით, თუ რა ტიპის ქსოვილით უკავშირდებიან ძვლები ერთმანეთს, არჩევენ უწყვეტი შეერთების შემდეგ სახეებს:

1. ძვალთა შეერთება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით – სინდესმოზი;
2. ძვალთა შეერთება ხრტილოვანი ქსოვილით, – ხრტილოვანი შეერთება, ანუ სინქონდროზი;
3. ძვალთა შეერთება ძვლოვანი ქსოვილით – სინოსტოზი.

ძვლების წყვეტილი შეერთება, ანუ სახსარი (სინოვიური შეერთება) ხასიათდება იმით, რომ ორ ან რამოდენიმე ძვალს შორის არსებობს სახსრის ღრუ, რომელიც ჰერმეტულად დახურულია შემაერთებელქსოვილოვანი პარკით – სასახსრე ჩანთით;

წყვეტილი შეერთების დროს მოძრაობა გაცილებით უფრო თავისუფალია. სახსარს უწოდებენ მარტივს, როდესაც მის წარმოქმნაში მონაწილეობს ორი ძვალი, და რთულს – თუკი მის წარმოქმნაში მონაწილეობს ორზე მეტი ძვალი.

მოძრავ შეერთებებში არჩევენ შემდეგ წარმონაქმნებს:

1. სასახსრე ზედაპირები ანუ, მოცემული სახსრის წარმოქმნაში მონაწილე ძვლების ის ზედაპირები, რომლებიც ენაწევრებიან ერთმანეთს;
2. სასახსრე ზედაპირების მფარავი სასახსრე ანუ ჰიალინური ხრტილი;
3. სასახსრე ჩანთა, წარმოადგენს ბოჭკოვან შემაერთებელქსოვილოვან დახშულ პარკს, რომელიც ერთი ძვლის სასახსრე ნაპირიდან გადადის მეორე ძვლის სასახსრე ნაპირზე და გრძელდება ამ ძვლების ძვლისაზრდელაში. სასახსრე ჩანთის კედელი შედგება: გარეთა, ბოჭკოვანი აპკისა, და შიგნითა სინოვიური აპკისაგან. სინოვიური აპკი სახსრის ღრუში გამოყოფს სინოვიურ სითხეს – სინოვიას;
4. სახსრის ღრუ ძვლების სასახსრე ზედაპირებს შორის არსებული ვიწრო ნაპრალია, რომელიც ყველა მხრიდან ჩაკეტილია სასახსრე ჩანთით.

გარდა ზემოთ აღწერილი ოთხი ძირითადი წარმონაქმნისა, არსებობს ე. წ. დამხმარე წარმონაქმნები. მათ მიეკუთვნება:

1. იოგები ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის კონებია, რომლებიც განლაგებულია სასახსრე ჩანთის ბოჭკოვანი (ფიბროზული) აპკის ზემოთ ან მის სისქეში, ზოგჯერ კი სახსრის ღრუში, სასახსრე ზედაპირებს შორისაა მოთავსებული; გამომდინარე აქედან არსებობს: სახსარგარე იოგები, და სახსარშიდა იოგები.
ზოგიერთ სახსარს აქვს სასახსრე დისკო, და სასახსრე მენისკი. დისკო და მენისკი ხრტილის ფირფიტებია, რომლებიც მოთავსებულნი არიან სახსრის ღრუში, შენაწევრებული ძვლების სასახსრე ზედაპირებს შორის.

არჩევენ სახსარში მოძრაობის შემდეგ სახეებს:

1. მოძრაობა ფრონტალური (ჰორიზონტალური) ღერძის გარშემო – მოხრა და გაშლა;
2. მოძრაობა საგიტალური ღერძის გარშემო – მოზიდვა და განზიდვა;
3. მოძრაობა ვერტიკალური ღერძის გარშემო – ბრუნვა (rotatio).
ბრუნვითი მოძრაობა შეიძლება იყოს შიგნით მიმართული (pronatio) და გარეთ მიმართული (supinatio).

სფერულ სახსრებში, გარდა ზემოთ აღწერილი მოძრაობებისა, შეიძლება ასევე წრიული მოძრაობაც (circumductio), როდესაც ძვლის თავისუფალი ბოლო მოხაზავს წრეს, მთლიანად ძვალი კი – კონუსის ზედაპირს.

სახსარს, რომელშიც მოძრაობა წარმოებს ერთი ღერძის გარშემო ერთღერძიანი ეწოდება;
ორღერძიან სახსარში მოძრაობა ორი ღერძის გარშემო წარმოებს;
არსებობს ასევე სამღერძიანი და მრავალღერძიანი სახსრების ჯგუფი, რომლებშიც მოძრაობა შესაძლებელია სამი ან მეტი ღეძის გარშემო.

მრავალღერძიან სახსარს მიეკუთვნება სფერული სასახსრე ზედაპირის მქონე სახსრები და მათ სფერული სახსარი ეწოდება;

სამღერძიან სახსრების ჯგუფს მიეკუთვნება ბრტყელი სასახსრე ზედაპირის მქონე სახსრები, რომლებშიც მოძრაობა შესაძლებელია სამივე მიმართულებით, მაგრამ საკმაოდ შეზღუდულად, უმნიშვნელო ფარგლებში და მათ ბრტყელი სახსრები ეწოდება.

ორღერძიან სახსრებს მიეკუთვნება:

ორღერძიან სახსრებს მიეკუთვნება:
1. ელიფსური სახსარი.
2. უნაგირა სახსარი.

ერთღერძიანი სახსრებია:
1. ჭაღისებრი სახსარი,
რომელშიც მოძრაობა (მოხრა და გაშლა) წარმოებს ფრონტალური ღერძის გარშემო, და მისი სახესხვაობა – ბურღისებრი სახსარი;
2. ცილინდრული სახსარი, რომელშიც მოძრაობა (ბრუნვა წარმოებს ვერტიკალური ღერძის გარშემო.

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments