რა არის ქოლესტერინი და მავნებელია თუ არა ის?

ღვიძლი-და-ქოლესტერინი

ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს ჩვენს ორგანიზმში. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში (ღვიძლი, ნაწლავები, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებიდან იღებს. ქოლესტერინს შეიცავს ნაჯერი ცხიმები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. მცენარეული ცხიმები ქოლესტერინს არ შეიცავს.

ჩვენი ნებისმიერი უჯრედის მემბრანები შეიცავენ ქოლესტერინს, რომელიც მემბრანას აძლევს სიმტკიცეს. ამიტომ ჩვენი სხეული ყოველდღიურად საჭიროებს ქოლესტერინს, რადგან მუდმივად ხდება ყველა ორგანოების და ქსოვილების განახლება (კანის, ნაწლავების და სხვა). მკვდარი უჯრედების ნაცვლად წარმოიქმნება ახალი უჯრედები და ამისთვის საჭიროა ქოლესტერინი.

ქოლესტერინის გარეშე ვერ სინთეზირდება ანდროგენური ჰორმონები, მაგ. ტესტოსტერონი, რომლის გარეშეც მამაკაცი კარგავს სექსუალურ ფუნქციას. თირკმელზედა ჯირკვალში არის დიდი რაოდენობით ქოლესტერინი, იმიტომ რომ ის გამოიმუშავებს ჰორმონებს. ასევე დედის რძეც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს და სპეციალურ ფერმენტს, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ეხმარება ქოლესტერინის ათვისებაში.

ქოლესტერინი არის ნაღველის მთავარი კომპონენტი. ნაღველი არის ღვიძლის მიერ წარმოქმნილი სითხე, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მონელებას. ანუ ქოლესტერინი გვეხმარება ქოლესტერინის ათვისებაში. ვიტამინი D სინთეზირდება ქოლესტერინისგან. ვიტამინი D კი საჭიროა ზრდისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის, ჰორმონების ინსულინის, ზრდის ჰორმონის და სხვა სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებისთვის.

ეხლა წარმოვიდგინოთ ორგანიზმის რამდენი ფუნქცია მოიშლება თუ ქოლესტერინის დონე იქნება დაბალი.

როგორ ხვდება ჩვენს ორგანიზმში ქოლესტერინი.

როდესაც ცხიმიანი და ქოლესტერინით მდიდარი საკვები კუჭიდან ხვდება 12 გოჯა ნაწლავში, გამომუშავდება დიდი რაოდენობით ნაღველი, რომელიც ეხმარება ცხიმების დაშლას და ქოლესტერინის ათვისებას. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ნაღველი თვითონ შედგება ქოლესტერინისგან. ქოლესტერინი და ცხიმები არ იშლება სითხეში, შესაბამისად არც სისხლში იშლება.

იმისათვის რომ ცხიმები და ქოლესტერინი მოხვდეს სისხლში, საჭიროა ცხიმის გადამტანი ერთგვარი კაფსულები. ქოლესტერინიდან ღვიძლი იწყებს ლიპოპროტეიდების სინთეზს, რომელიც შედგება ცხიმისა და ცილისაგან. ლიპოპროტეიდები არიან მტვირთავები, მათ გადააქვთ ქოლესტერინი სადაც საჭიროა და საიდანაც საჭიროა. განასხვავებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები შედგება ცოტა ცილისა და ბევრი ცხიმისგან/ქოლესტერინისგან, მისი ფუნქციაა ქოლესტერინის მიწოდება უჯრედში, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები შედგება ბევრი ცილისა და ცოტა ცხიმისგან/ქოლესტერინისგან, მისი ფუნქციაა ზედმეტი ქოლესტერინის უკან დაბრუნება ღვიძლში, ნაღველში. შესაბამისად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს კარგ ქოლესტერინს ეძახიან, ხოლო დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს ცუდ ქოლესტერინს.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები შეიცავს სისხლში არსებული ქოლესტერინის სამ მეოთხედს, მათ გადააქვთ ქოლესტერინი ღვიძლში, ნაწლავების სისტემაში, ტვინში და ყველგან, სადაც ის საჭიროა. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები შეიცავენ სისხლში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ 20%-ს, ისინი აბრუნებენ გამოუყენებელ ქოლესტერინს ღვიძლში. ანუ თუ ქოლესტერინი ბევრია, მასზე არ არის მოთხოვნა და კარგი ლიპოპროტეიდები აბრუნებენ ღვიძლში, სადაც გარდაიქმნება ნაღველაში, რომელიც გვეხმარება ქოლესტერინის ათვისებაში. ამ ქოლესტერინს იმიტომ ეძახიან კარგს, რომ მას გამოაქვს ქოლესტერინი ათეროსკლეროზული ბალთებიდან, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვებში.

ფიზიკური აქტიურობა ხელს უწყობს კარგ ლიპოპროტეიდებს წამოიღონ არამოთხოვნადი ქოლესტერინი. რაც უფრო აქტიურები ვართ ფიზიკურად და რაც უფრო ბევრს ვვარჯიშობთ, მით ნაკლებად გვიგროვდება ქოლესტერინი. რახან ლიპოპროტეიდები შედგება ცილისაგან, თუ ჩვენ არ მივიღებთ საკმარისი რაოდენობით ცილებს, მაშინ არ გვეყოფა კარგი ლიპოპროტეიდების შექმნისთვის ცილა. ამიტომ უნდა ვჭამოთ ცილოვანი პროდუქტი საკმარისად, რომ არ წარმოიქმნას მარტო დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები (რომელსაც არ ჭირდება ბევრი ცილა) და არ დაირღვეს კარგი და ცუდი ქოლესტერინის თანაფარდობა.

ის რომ საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი უმატებს ქოლესტერინს სისხლში, ეს მითია! ჩვენ ორგანიზმში არსებობს ორი სახის ქოლესტერინი, ეკზოგენური და ენდოგენური. ეკზოგენურია საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი, ხოლო ჩვენი ღვიძლის მიერ გამომუშავებული – ენდოგენური.

საერთო ქოლესტერინის (დაბალი და მაღალი სიმკვრივის ერთად) ზედა ზღვარი უნდა იყოს 250 მგრ. 100 მლ-ზე. დღეში ჩვენ საკვებიდან ვიღებთ არა უმეტეს 1,5 გრ. (1500 მგრ.) ქოლესტერინს, რაც ადამიანის სისხლის საერთო მოცულობა 6 ლიტრისთვის (6000 მლ.) შეადგენს მხოლოდ 25 მგ-ს 100 მლ-ზე. ეს არის ნორმის მხოლოდ 10% და ამიტომ ჩვენ ვერ მოვახდენთ საკვები ქოლესტერინით მნიშვნელოვან ზეგავლენას საერთო ქოლესტერინის ნორმაზე. ღვიძლი გამოიმუშავებს 10-ჯერ მეტ ქოლესტერინს, ვიდრე ჩვენ ვიღებთ საკვებიდან.

როდესაც ჩვენ ექიმები გვეუბნებიან, რომ არ უნდა ვჭამოთ პროდუქტები რომლებიც შეიცავენ ქოლესტერინს, ან ვზივართ უცხიმო დიეტაზე, ამით მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოვახდენთ მაღალი ქოლესტერინის შემცირებაზე, სამაგიეროდ ცხიმიან საკვებზე უარის თქმით სერიოზული პრობლემები შეექმნება ორგანიზმს, რადგან ნაღველი გამოიყოფა მხოლოდ ცხიმისგან. რაც უფრო ნაკლებ ცხიმიან საკვებს მივიღებთ, მით ნაკლები ნაღველი გამოიყოფა, ზედმეტი ქოლესტერინი ვერსად ვერ დაგროვდება, მცირდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების რაოდენობა და იზრდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების რაოდენობა, შესაბამისად იზრდება ცუდი ქოლესტერინის ანალიზის მაჩვენებელი. ჩვენ გვჭირდება კარგი ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელსაც ამცირებს უცხიმო დიეტა.

საკვები ქოლესტერინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის განახლებაში. საქმე იმაშია, რომ ნაწლავების უჯრედების განახლება ხდება ყოველდღიურად. საკვების გადამუშავებისას ნაწლავების უჯრედები ზიანდება, ნაწლავების ლორწოვანი გარსი ზიანდება და მათი აღდგენისთვის ყოველდღიურად საჭიროა ქოლესტერინი, ქოლესტერინი ხომ უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტია. სწორედ ჩვენს მიერ საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი გამოიყენება ნაწლავების განახლებაზე და ხშირად ქოლესტერინი საერთოდ არ ხვდება საკვებიდან სისხლში, იმიტომ რომ ნაწლავების უჯრედებმა დახარჯეს საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი.

რა ხდება მაშინ, როცა ჩვენ ვართ უცხიმო დიეტაზე და არ ვიღებთ ქოლესტერინს?

ჩვენი ღვიძლი იღებს სიგნალს ნაწლავებისგან, რომ სჭირდება ქოლესტერინი უჯრედების განახლებისთვის და ღვიძლი იწყებს მეტი ქოლესტერინის გამომუშავებას, რომელიც გადააქვს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს. შესაბამისად ცუდი ქოლესტერინის დონე მატულობს, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონე ეცემა, იმიტომ რომ ნაღველი არ გამოიყოფა. რა გამოდის, რაც ნაკლებ ქოლესტერინს ვიღებთ საკვებიდან, მით მეტი ქოლესტერინი გვაქვს სისხლში და ანალიზებში, ეს დამტკიცებულია მეცნიერული ფაქტებით. ორგანიზმი თვითონ აკეთებს ქოლესტერინის დეფიციტის კომპენსირებას.

ამას ადასტურებს ინდოელი ვეგეტარიანელების (რომლებიც საერთოდ არ იღებენ ქოლესტერინს საკვებიდან) სისხლის ანალიზი, რომლებსაც თითქოს უნდა ქონდეთ ქოლესტერინის კარგი მაჩვენებელი, თუმცა ქოლესტერინის დონე აქვთ მაღალი 300-350 მგ/მლ. ხოლო ესკიმოსებში, რომლებიც ყოველდღიურად იკვებებიან ხორცით და თევზით, ქოლესტერინის დონე 205-220 მგ./მლ. აქვთ. ამას ადასტურებს სხვა ქვეყნების კვლევებიც. მაგ. იაპონელები ყოველდღიურად ჭამენ ყველაზე მეტ კვერცხს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ასევე იღებენ ზღვის პროდუქტებს, რომლებშიც ბევრი ქოლესტერინია, თუმცა ყველაზე ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადებები და ათეროსკლეროზი. იგივე სტატისტიკაა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც.

ეხლა გადავიდეთ მთავარ დაავადებაზე, რომელსაც თითქოსდა იწვევს ქოლესტერინის ბევრი მიღება საკვებიდან – ათეროსკლეროზზე. ათეროსკლეროზი ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს არტერიებს და სისხლძარღვებს. სისხლძარღვებში სხვადასხვა მიზეზით ჩნდება მიკრო ბზარები, რომლებიც რაღაცნაირად უნდა ამოივსოს. იმუნური უჯრედები, რომლებიც მოძრაობენ სისხლში, აღწევენ სისხლძარღვების ბზარებში და ავსებენ მას. ამავე დროს ეს იმუნური უჯრედები სისხლიდან იჭერენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს ამ ბზარების ამოსავსებად, ეს მათი საშენი მასალაა. ამ პროცესში ეს უჯრედები სივდება, რომელიც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. თუ არტერია შევიწროვებულია, სისხლის მიმოქცევა ფერხდება, მატულობს წნევა, ორგანოებს არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის სისხლი. ყველაფერ ამას იწვევს ე.წ. ბალთები/ფოლაქები, რომლებიც წამოიზარდა სისხლძარღვების შიგნით.

ურთიერთკავშირი ქოლესტერინის მაღალ დონესა და ათეროსკლეროზით სიკვდილიანობას შორის დღემდე არ დაუდგენიათ და წარმოადგენს ჰიპოთეზას, თუმცა ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით ექიმები პაციენტებს მკურნალობენ უცხიმო დიეტით და ქოლესტერინის დამწევი პრეპარატებით. კარდიოლოგებმა იციან, რომ ათეროსკლეროზი აქვთ ქოლესტერინის კარგი მაჩვენებელის მქონე პაციენტებსაც.

ათეროსკლეროზი არის გამოხმაურება სისხლძარღვების დაზიანებაზე. არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს: პირველ რიგში ეს არის მოწევა, არასწორი ცხოვრების წესი, სტრესული სიტუაციები, ცილის ნაკლებობა, ჰორმონალური თერაპია და სხვა. საბოლოო ჯამში ექიმებმა ყველაფერი დააბრალეს ქოლესტერინის მაღალ დონეს, რომელიც არის ათეროსკლეროზული ფოლაქების შემადგენელი და დაიწყეს ათეროსკლეროზის მკურნალობა ქოლესტერინის შემცირებით. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ათეროსკლეროზი იწყება სისხლძარღვების დაზიანებით, რადგან მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ სხვა ფაქტორებზე, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვებს, ქოლესტერინის შემცირება კი შეიძლება პრეპარატებით.

ათეროსკლეროზი მოყვება სისხლძარღვების დაზიანებას და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს როგორია ქოლესტერინის დონე სისხლში, ქოლესტერინი მხოლოდ ავსებს დაზიანების ადგილებს. ამიტომ არის რომ ათეროსკლეროზი აქვთ ქოლესტერინის კარგი მაჩვენებელის მქონე პაციენტებსაც. საჭიროა პირველ წყაროს მკურნალობა, რაც აზიანებს სისხლძარღვებს და არა ქოლესტერინის შემცირება, რომელიც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან და გვეხმარება დაზიანებული სისხლძარღვების მკურნალობაში. წამლები კი ამცირებენ ქოლესტერინს და დაზიანებების რაოდენობა იზრდება.

როგორ ვუმკურნალოთ სისხლძარღვებს?

ძალიან მარტივად: პირველ რიგში უნდა გავზარდოთ ფიზიკური აქტიურობა, რითაც მატულობს სისხლის მიმოქცევა სისხლძარღვებში. უნდა მივიღოთ ბევრი ცილა, რომელისგანაც შედგება სისხლძარღვები. უნდა მივსდევდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, უნდა მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, ანტიოქსიდანტები, მაშინ აღარ განვითარდება ათეროსკლეროზი და მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაშიც ვიქნებით ჯანმრთელები. თუ არ მივიღებთ ცილებს, მაშინ არ გვექნება სისხლძარღვების საშენი მასალა, თუ ვეწევით, სიგარეტის კვამლი აზიანებს სისხლძარღვებს და რა თქმა უნდა იქ ჩალაგდება ქოლესტერინი, რათა ამოავსოს დაზიანება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. იმისათვის, რომ წარმოიქმნას ათეროსკლეროზული ფოლაქები, გამოიყენება არა ნორმალური ქოლესტერინი, არამედ დაჟანგვის შედეგად გაფუჭებული ქოლესტერინი, თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით მოდიფიცირებული დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები. ანუ თუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები არ არის მოდიფიცირებული, მას არ გამოიყენებენ უჯრედები დაზიანების შესავსებად. იმისათვის რომ არ მოხდეს ქოლესტერინის დაჟანგვა, უნდა მოვაშოროთ თავისუფალი რადიკალები, ამისთვის უნდა მივიღოთ ანტიოქსიდანტები და ვიტამინები.

როგორ მკურნალობენ დღეს ქოლესტერინს?

ექიმები საორიენტაციოდ იღებენ საერთო ქოლესტერინის დონეს სისხლში. კარგია, თუ მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონე მაღალია და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონე დაბალია და ცუდია, როცა პირიქითაა. ამიტომ ექიმები ცდილობენ შეცვალონ მაღალი და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის თანაფარდობა უცხიმო დიეტით, რაც არასწორია.

ჯერ ერთი როგორც უკვე ავღნიშნეთ, მხოლოდ მოდიფიცირებული ლიპოპროტეიდები ავსებენ დაზიანებებს, მეორეც ჩვენ უკვე ვიცით რა უკუჩვენება მოყვება უცხიმო დიეტას. ქოლესტერინის ხელოვნურად/პრეპარატებით შემცირებით ჩვენ მის გარეშე ვტოვებთ ყველა ქსოვილს და ორგანოებს, რომლებიც საჭიროებს ქოლესტერინს. თავბრუსხვევა, ამნეზია, ანორექსია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ჰიპო და ჰიპერგლიკემია, უშვილობა, ციკლის დარღვევა, ფრიგიდულობა, სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, ამ ყველაფერს იწვევს დაბალი ქოლესტერინი. ადრე ქოლესტერინის დონეს ამოწმებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოევლინათ ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ცეროზი, დიაბეტის ბოლო სტადია, სპიდი, რა დროსაც ქოლესტერინის დონე დაბალია. დაბალი ქოლესტერინისგან უფრო ადრე იღუპება ადამიანი, ვიდრე მაღალი ქოლესტერინისგან.

სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი მიზეზებია ასაკი, რაც უფრო ხანდაზმული ხართ, რისკი მატულობს, სქესი – მამაკაცებში უფრო მაღალია დაავადებების რაოდენობა, მოწევა, უმოძრაობა, დიაბეტი, მაღალი წნევა ცვითავს და აზიანებს სისხლძარღვებს, დიდი რაოდენობით შაქარის და მარილის გამოყენება. ამიტომ საჭიროა არა ქოლესტერინისგან მკურნალობა, არამედ სისხლძარღვების მკურნალობა. მაღალი ქოლესტერინი კი არ გვავნებს, არამედ გვეხმარება დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენაში.

ბოლოს დავამატებ, რომ კვერცხის, ნამდვილი ნაღების კარაქის, ღორის ქონის (ე.წ. სალას) ზომიერი მიღებით არ მატულობს ქოლესტერინის დონე სისხლში, რაც დადგენილია არა ერთი ლაბორატორიული გამოკვლევით.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=608

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments