ცხიმის უჯრედები – ადეპოციტები. ცენტრალური და პერიფერიული სიმსუქნე. ლიპოქსაცია.

layer-of-fat1

ორგანიზმში ცხიმის წარმოქმნა გათვალისწინებულია ბუნებით. ადამიანი იბადება უკვე ცხიმის მარაგით. ის იცავს და კვებავს შინაგან ორგანოებს, იცავს სხეულს სიცივისაგან. ადამიანს აქვს საშუალოდ 30 მლრდ. ცხიმოვანი უჯრედი, რომლებსაც ადეპოციტებს უწოდებენ. ცხიმის უჯრედი – ადეპოციტი პასუხს აგებს ცხიმის სინთეზზე და დაგროვებაზე.

ემბრიონებს (ადამიანის ჩანასახი) ცხიმის უჯრედების რაოდენობა აქვთ ერთნაირი და შემდგომში ემბრიონის ზრდასთან ერთად იზრდება ცხიმის უჯრედების რაოდენობაც. ადამიანის ცხიმის უჯრედები 5 წლამდე იზრდება მოცულობაში და გაყოფის შედეგად მრავლდება. ადამიანის ცხოვრებაში არსებობს 3 კრიტიკული პერიოდი, როდესაც ცხიმის უჯრედების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ეს არის ჩანასახის განვითარების ბოლო 3 თვე, დაბადებიდან სიცოცხლის პირველი 6-12 თვე და სქესობრივი მომწიფების, 10-12 წლის ასაკი. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არ გადავკვებოთ ბავშვი, რათა შევზღუდოთ ადეპოციტების რაოდენობის ზრდა. ამ ასაკის მერე მათი რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად არ იცვლება, ცხიმის უჯრედები აღარ იყოფა და აღარ მრავლდება, ის მხოლოდ მატულობს ზომაში. ადეპოციტების საერთო რაოდენობა მატულობს იმ ადამიანებში, რომლებსაც სიმსუქნე განუვითარდათ ბავშვობაში.

ბავშვთა სიმსუქნე არის ჰიპერპლასტიკური ტიპის (უჯრედების ჰიპერპლაზია), როდესაც იზრდება ადეპოციტების რაოდენობა. ცხიმის უჯრედების ჰიპერპლაზია მსუქან ბავშვებში უფროა გამოხატული, ვიდრე გამხდრებში. უფროსების სიმსუქნე კი არის ჰიპერტროფიული ტიპის (უჯრედის ჰიპერტროფია), როცა იზრდება თვითონ უჯრედი. სქესობრივი მომწიფების შემდეგ ადეპოციტების რაოდენობა ფაქტიურად არ იცვლება, მაგრამ ის იმატებს ზომაში. ცხიმის დაგროვებისას უჯრედი შეიძლება გაიზარდოს უზომოდ დიდი. ამიტომ ორგანიზმის მიერ ცხიმის დაგროვების შესაძლებლობა პრაქტიკულად შეუზღუდავია.

ადამიანის ადეპოციტების საბოლოო რაოდენობა ინდივიდუალურია და განსაზღვრულია გენეტიკით, ამიტომ ჩვენი შესახედაობა დამოკიდებულია რამდენად მოიმატებს ზომებში ადეპოციტების ფიქსირებული რაოდენობა. ადეპოციტები შეიძლება წარმოიქმნას ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილში. მათი ზომა და რაოდენობა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში განსხვავდება, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ცხიმის უჯრედები მდებარეობს კანქვეშა ქსოვილის უჯრედებში და შინაგანი ორგანოების გარშემო.

ცხიმის უჯრედები არის რუხი და თეთრი ფერის. რუხი ფერის უჯრედები გაძეძგილია მიტოქონდრიებით, რომლებიც აწარმოებენ ენერგიას, ანუ წვავენ ცხიმს. რუხი ფერის ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციაა სითბოს წარმოება, სიცივისგან დაცვა და საკვებიდან მიღებული ზედმეტი ენერგიის გაფანტვა. უფროსი ასაკის ადამიანებს მათი რაოდენობა აქვთ გაცილებით ნაკლები, ვიდრე ბავშვებს და ამიტომ ასაკოვან ადამიანებს გაცილებით მეტად უჭირთ გახდომა. ჩვენ რომ მხოლოდ რუხი ფერის ცხიმის უჯრედები გვქონდეს, სიმსუქნე არ შეგვაწუხებდა.

თეთრი ფერის ცხიმოვანი ქსოვილის ფიზიოლოგიური როლი მდგომარეობს ცხიმოვანი მჟავების დეპონირებასა და შენახვაში, რომელსაც შეიცავს ტრიგლიცერიდები და რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ენერგიის წყარო. ასევე როგორც შინაგანი ორგანოების სითბოს დაკარგვისგან შემაკავებელი დამცავი გარსი და თერმოიზოლატორი.

ჩვენ ორგანიზმში არის ცხიმის და ნახშირწყლების მარაგი, ხოლო ცილის მარაგი არ არის. ცილა წარმოადგენს დეპონირებული ენერგიის გაცილებით ნაკლებ ნაწილს. ცილა არის ძირითადი პლასტიკური მასალა – კუნთები, ფერმენტები, ჰორმონები, ანტისხეულები ყველა ესენი არიან ცილოვანი ნივთიერებები და თუ ცილოვანი საკვები რაციონში იქნება ცოტა, უკვე კუნთებიდან აიღებს ორგანიზმი ცილას. გლიკოგენი ენერგიის დეპოს კიდევ უფრო მცირე ნაწილია, მაგრამ ფიზიკური დატვირთვისას ან მოკლევადიანი შიმშილობისას გამოიყენება ენერგიის სწრაფად მისაღებად.

ჩვენ სხეულში დეპონირებული ენერგიის 90% აკუმულირებულია ცხიმოვანი ქსოვილის ტრიგლიცერიდებში. ცხიმის მარაგი, ანუ ე. წ. ცხიმის დეპო წარმოიქმნება კანქვეშა ცხიმის ქსოვილში, ან შინაგანი ორგანოების გარშემო. შინაგანი ორგანოების სომატურ უჯრედებს შეუძლიათ დააგროვონ საკუთარი მასის მხოლოდ 20% ცხიმი, ხოლო კანქვეშა ცხიმის უჯრედები – ადეპოციტები კი აგროვებენ საკუთარი მასის 62% ცხიმს. ცხიმის დეპო საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ენერგიის მარაგი, რომელიც აუცილებელია ზრდისთვის, ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციისთვის, ასევე სხვა ფიზიოლოგიური და გარეშე ფაქტორებით წარმოშობილი მოთხოვნებისთვის.

ადამიანის ორგანიზმში ცხიმი წარმოდგენილია ფრაქციებად. ცხიმის პირველი ფრაქციაა – სტრუქტურული ესენციალური ლიპიდები, რომლებიც შედის ძვლის ტვინის შემადგენლობაში, ცნს-ში (ცენტრალურ ნერვულ სისტემაში), სარძევე ჯირკვალში, ასევე ყველა უჯრედის მემბრანაში.

ცხიმის სხვა სახეობაა – დეპონირებული ცხიმები, ძირითადად კანქვეშა უჯრედებში დაგროვილი ტრიგლიცერიდები და ცხიმები, რომლებითაც გარშემორტყმულია შინაგანი ორგანოები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

ე.წ. სტრუქტურული სავალდებულო ცხიმები წარმოდგენილია ნერვული ქსოვილის, ძვლის ტვინის, გულის, ღვიძლის, ფილტვების, ელენთას, თირკმელების და ნაწლავების ლიპიდებით. ქალებში ასეთ ცხიმებს მიაკუთვნებენ სარძევე ჯირკვალში, მენჯის არეში და თეძოებზე დაგროვილ ცხიმებს, თუმცა ცხიმების ეს ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ენერგიის წყარო. საერთო ჯამში სტრუქტურული სავალდებულო ცხიმები ქალის ორგანიზმში შეადგენს 12%-ს, მამაკაცებში კი მხოლოდ 3-5%-ს.

ადამიანს არ შეუძლია არეგულიროს სად დააგროვოს ცხიმი, ეს გენეტიკურად არის განსაზღვრული. ცხიმი ჩვენ ორგანიზმში არათანაბრად ნაწილდება, არსებობს 2 ტიპის სიმსუქნე: ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალური სიმსუქნისას ცხიმი გროვდება მუცლის არეში, რომელიც ყველაზე სახიფათოა, თითქმის ყველა ავადმყოფობა და მათ შორის დიაბეტიც დაკავშირებულია ამ ტიპის სიმსუქნესთან. ასეთი სიმსუქნე უფრო მეტად ახასიათებთ მამაკაცებს. ასეთი სიმსუქნისას ზიანდება შინაგანი ორგანოები, ორგანიზმში გროვდება შინაგანი, ე. წ. ვისცირალური ცხიმის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ჰორმონალური აქტიურობით, ეს კი პირდაპირ უქმნის საფრთხეს გულ-სისხლძარღვთა და მომნელებელ სისტემას. ვისცირალურ ცხიმის უჯრედებს შეუძლიათ აწარმოონ ქალური სასქესო ჰორმონები ესტროგენები არა მარტო ქალებში, ასევე მამაკაცებში. ამიტომ მამაკაცებს ვისაც აქვთ დიდი მუცელი, აქვთ ქალური ჰორმონები უფრო მეტი, ვიდრე წესით უნდა ქონდეს მამაკაცს.

პერიფერიული ტიპის სიმსუქნისას ცხიმი გროვდება დუნდულებში და ბარძაყებში. ასეთი სიმსუქნე უფრო მეტად ახასიათებთ ქალებს, ასეთი სიმსუქნე ნაკლებად სახიფათოა რადგან ეს არ არის შინაგანი ცხიმი, ეს არის კანქვეშა ცხიმი.

წონის დაკლებით არ მცირდება ცხიმის უჯრედების რაოდენობა, მათი რაოდენობა არ იცვლება. ცხიმის გამოთავისუფლება უჯრედიდან რთული ქიმიური პროცესია, რომელსაც ლიპოლიზი ქვია. უჯრედებში ცხიმი ინახება სპეციალურ ნივთიერებაში – ტრიგლიცერიდებში, ბუნებრივ ორგანულ ნაერთებში. სტრესის ორი ჰორმონის, ადრენალინის და ნორადრენალინის ზემოქმედების შედეგად ტრიგლიცერიდები იშლება გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად. მიღებული ნივთიერებები იწყებენ მოგზაურობას სისხლძარღვებში მანამ, სანამ არ მოხდება მათი უტილიზაცია ორგანიზმის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ცხიმოვანი მჟავები არ იქნა გამოყენებული ორგანიზმის მიერ, არ მოხდა მათი დაჟანგვა/დაწვა მიტოქონდრიებში, ის ბრუნდება ცხიმის უჯრედებში სადაც მათ შეუძლიათ ისევ გაერთიანდნენ ტრიგლიცერიდებად.

შეუძლებელია ვაიძულოთ სისხლი გამორეცხოს მხოლოდ მუცლის არე, ანუ ცხიმის დაშლა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე ფიზიოლოგიურად შეუძლებელია. მაგრამ ლოკალური ცხიმის გროვების გაქრობა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით, ლიპოქსაციით. ლიპოქსაცია ანადგურებს ცხიმის უჯრედებს მექანიკური ჩარევით.

ყველა ადამიანის სხეულზე არსებობს ე. წ. ცხიმოვანი ხაფანგები, სადაც გროვდება ცხიმი და რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება ყველაზე ბოლოს, ან საერთოდ არ გამოიყენება. ეს არის გალიფეს ადგილი, ბარძაყის შიდა და გარეთა ზედაპირზე, მუცლის ქვედა ნაწილი, ფეხებზე მუხლის სახსრების დონეზე, ღაბაბის ადგილზე. ყველა ამ შემთხვევაში ლიპოქსაციას შეუძლია მოაშოროს ცხიმის ლოკალური გროვა. ამის შემდეგ ადამიანი შეიძლება ისევ გასუქდეს, მაგრამ უკვე ამ ცხიმის ხაფანგების გარეშე, მთელ სხეულში ცხიმის უჯრედების გაზრდის ხარჯზე. ბოლო გამოკვლევებით დადგენილია, რომ ქირურგიული კორექციის, ანუ ლიპოქსაციის შემდეგ თუ კი ადამიანი დაუბრუნდება კვების ძველ ჩვევებს, მოცილებული ცხიმი დაბრუნდება სხვა ადგილებში, გაჩნდება ახალი ცხიმოვანი ხაფანგები.

სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება, რომელიც არ ინკურნება, მაგრამ შეიძლება მისი რემისია, დროებითი შესუსტება ან გაქრობა. სიმსუქნით დაავადებული ადამიანი იქნება ნორმალური წონის მთელი ცხოვრების მანძილზე, თუ ემახსოვრება, რომ აქვს ეს დაავადება და დაიცავს ექიმის გარკვეულ რეკომენდაციებს.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29
თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments