რატომ ვიმატებთ წონაში, როცა ვანებებთ თავს მოწევას?

19-01_statia_9_1

მოწევის თავის დანებებისას წონის მატებაზე მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი, ქიმიური ნივთიერება – ნიკოტინი და მავნე ჩვევა, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი.

მოდით ვნახოთ როგორ მოქმედებს ნიკოტინი თქვენს ორგანიზმზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ნიკოტინი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გახდომისთვის სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ სიგარეტის მოწევა (არსებობს მეტაბოლიზმის აჩქარების გაცილებით უკეთესი მეთოდები, რომლებიც არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას). ე.ი. წონის მომატებას იწვევს მეტაბოლიზმის შენელება. ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მიიღებთ ზედმეტ კალორიებს, ორგანიზმი ვეღარ ასწრებს მიღებული კალორიების გადამუშავებას და აგროვებს მას მარაგებში ცხიმის სახით.

ნიკოტინი მეტაბოლიზმის აჩქარების გარდა ხელს უწყობს ლიპოლიტური თვისებების მქონე ჰორმონის – ადრენალინის გამომუშავებას, რომელიც მონაწილეობს ცხიმის წვაში.

ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რაც ართულებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების ათვისებას.

ასევე ნიკოტინი ახშობს გემოს რეცეპტორებს და ამცირებს მადას.

მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მოწევა ამშვიდებს ადამიანს, პირიქით, ნიკოტინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ახლა ვისაუბროთ მოწევაზე უარის თქმის ფსიქოლოგიურ ფაქტორზე.

როდესაც ადამიანი თავს ანებებს მოწევას, განიცდის სტრესს. მას ეწყება ფსიქიკური დისკომფორტი, რადგან ვეღარ იღებს ფსიქო აქტიურ ნივთიერებას ნიკოტინს. ადამიანი ცდილობს ფსიქო აქტიური ნივთიერებისადმი ლტოლვა შეცვალოს რაიმე საკვები პროდუქტით. ხშირ შემთხვევაში ეს სტრესი იფარება საჭმლით, თანაც არაჯანსაღი და კალორიული საკვებით: კანფეტებით, ჩიფსებით, მზესუმზირით და სხვ. ეს ყველაფერი ზრდის მიღებული კალორიების რაოდენობას და აჭარბებს დღიურ ნორმას.

ამავდროულად ადამიანი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მიღებული კალორიების რაოდენობას და ვინაიდან დამოკიდებულების დროს შეუკავებელი ლტოლვა მოწევისადმი მძაფრდება რამოდენიმეჯერ დღეღამის განმავლობაში, გამოდის რომ სხვადასხვა პროდუქტს იღებს საკმაოდ ხშირად და დიდი რაოდენობით, რაც იწვევს წონის მატებას. ამით ადამიანი უბრალოდ ახშობს ნიკოტინზე დამოკიდებულებას ცხიმიანი და ტკბილი საკვებით. მართლაც, ასეთი საკვების მიღებას თან სდევს ენდორფინების დონის მომატება, რაც რაღაც დოზით ამსუბუქებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტობრივად ერთ მავნე დამოკიდებულებას ცვლის სხვა, საკვებზე დამოკიდებულებით.

რა ხდება, როცა ჩვენ თავს ვანებებთ მოწევას.

სანამ ჩვენ განვთავისუფლდებით ნიკოტინზე დამოკიდებულებისაგან, თავიდან შენელდება ნივთიერებათა ცვლა, მოგვემატება მადა, შემცირდება ცნს-ის (ცენტრალური ნერვული სისტემის) აღგზნებადობა, შემცირდება გულისცემა. ეს ხელს შეუწყობს წონის მომატებას.

წონის მომატების კიდევ ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენა, რადგან ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. ნიკოტინის გამორიცხვის ხარჯზე საჭმლის მონელება უმჯობესდება, უკეთესად აითვისება საკვები ნივთიერებები და წონაც შესაბამისად მატულობს.

ამის გარდა გემოს რეცეპტორები, რომლებიც ნიკოტინის ზემოქმედებით იყო ჩახშობილი, იწყებენ მუშაობას, რაც გვაიძულებს კიდევ უფრო მეტი ვჭამოთ.

ეს ყველაფერი ერთად აღებული იწვევს წონის მატებას. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ მიიღებს ზედმეტ კალორიებს და თავს შეიკავებს შეჭამოს რაიმე გემრიელი, ბუნებრივია, წონა არ მოიმატებს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვიმატოთ წონაში?

როდესაც თავს ვანებებთ მოწევას, ორგანიზმში ირთვება რეცეპტორების ადაპტაციის მექნიზმი, ანუ ორგანიზმი დროთა განმავლობაში ეჩვევა ყველაფერს და აღარ რეაგირებს გამაღიზიანებლებზე. ნიკოტინის არ არსებობასაც ისევე ეჩვევა ორგანიზმი, როგორც თავის დროზე მიეჩვია იმავე ნიკოტინს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი წონის მატება შეჩერდება და ნელნელა დაიწყებთ წონის კლებას, ოღონდ უკვე ჯანსაღი მეთოდებით.

პირველ რიგში, არ უნდა შევცვალოთ ნიკოტინზე დამოკიდებულება საკვებზე დამოკიდებულებით. მეორე, რადგან იცვლება მეტაბოლიზმი, უნდა შევამციროთ მიღებული საკვების კალორიულობა და მესამე, დავიწყოთ ფიზიკური აქტიურობა.

მოწევის აკვიატებული ლტოლვის ჩანაცვლება ფიზიკური აქტიურობით არის ყველაზე სწორი გამოსავალი ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში. მაგ. დღეში რამდენჯერაც თქვენ მოგინდებათ სიგარეტის მოწევა, იმდენჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ რაიმე ვარჯიში, იატაკიდან აზიდვები, გაწელვები, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ.

ჩემი რჩევა იქნება ჯერ გადახვიდეთ სწორ კვებაზე, შეამციროთ კალორაჟის დღიური ნორმა და როდესაც დაიწყებთ წონის კლებას, მერე დაანებოთ თავი მოწევას. შეიძლება მაინც მოიმატოთ წონაში, მაგრამ ეს არ იქნება იმ დოზით მომატება და თან, თქვენ უკვე გეცოდინებათ, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ზედმეტ წონას.

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments