კუნთების დაგვიანებული ტკივილი – კრეპატურა.

ინტენსიურ ან უჩვეულო დატვირთვას შეუძლია გამოიწვიოს კუნთების სხვადასხვა დაზიანება. კუნთების დაზიანების ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს კუნთების დაგვიანებული გადადებული ტკივილი – კრეპატურა. როგორც წესი, კუნთების ტკივილი იწყება დატვირთვიდან 6-12 საათის შემდეგ. ძალიან დაგვიანებული გადადებული კუნთების ტკივილის პიკი იგრძნობა 48-72 საათის შემდეგ. როგორც წესი, 5-7 დღის შემდეგ ტკივილის სიმპტომები ქრება.

ხშირად კრეპატურას განიცდიან გაუვარჯიშებელი ადამიანები, რომლებიც ძალიან ინტენსიურად ტვირთავენ ორგანიზმს პირველ ვარჯიშზე, ან სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშის დროს ირჩევენ მათთვის უჩვეულო, განსხვავებულ ვარჯიშებს.

ამ სინდრომის წარმოშობის ერთ-ერთი კონკრეტული მიზეზია ექსცენტრიული მოძრაობა, როდესაც დაძაბული კუნთის ბოლოები ერთმანეთს შორდება (ექსცენტრიული/შტანგის დაშვება და კონცენტრიული/შტანგის აწევა ). ამ დროს წარმოიშობა სამუხრუჭე ან უარყოფითი ძალები, რომლებმაც თუნდაც გავარჯიშებულ კუნთებში შეიძლება გამოიწვიოს კრეპატურის სიმპტომები.

კრეპატურის მიზეზები.

სავარაუდოდ, კრეპატურის გამომწვევი მიზეზები არის უფრო მექანიკური, ვიდრე მეტაბოლური.
კუნთების ჰისტოლოგიური კვლევების შედეგებმა აჩვენა Z- დისკებისა და სარკომერების მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, ასევე დაფიქსირდა დაზიანებები კუნთების შემაერთებელ ქსოვილებში, მიოფილემენტებში და სარკოპლაზმაში.

უჯრედის მემბრანის სტრუქტურების დაზიანება იწვევს მათი მთლიანობის დარღვევას და ამით გავლენას ახდენს უჯრედის შიგნით და გარეთ იონების კონცენტრაციაზე (იონურ ჰომეოსტაზზე). უჯრედის შიგნით იცვლება კალციუმის კონცენტრაცია, რომელიც არის სიგნალის გადამცემი, რაც იწვევს ელექტრომექანიკური პროცესის ცვლილებას. მემბრანის მთლიანობის დარღვევას მივყავართ კუნთის ცილების მოხვედრას სისხლში, პირველ რიგში კრეატინკინაზას. სწორედ ამიტომ კრეატინკინაზას კონცენტრაცია ითვლება კუნთების ფიზიოლოგიური ცვეთის შეფასების კრიტერიუმად. კრეპატურის დროს სისხლში აღმოჩენილ იქნა კუნთის ბოჭკოების სხვა ცილები, მაგ. მიოგლობინი და ლაქტატის დეჰიდრაგენაზა.

კუნთების სტრუქტურული დაზიანების გამო ვითარდება ანთებითი რეაქცია. ანთება არის ორგანიზმის რეაქცია ქსოვილის დაზიანების მიმართ. თავიდან აღინიშნება მწვავე ანთებითი რეაქცია, რაც ხასიათდება კუნთოვანი ქსოვილის სისხლძარღვთა შევიწროებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლის დაკარგვა. შემდეგ სისხლძარღვები ფართოვდება, მათი გამტარიანობა იზრდება და ანთებით ქსოვილში ხვდება იმუნური უჯრედები. ამავდროულად დაზიანებულ ქსოვილში გამოთავისუფლდებიან პროანთებითი მედიატორები, რომელთა მიზანია ქიმიური სიგნალების საშუალებით სისხლძარღვებიდან დაზიანებულ კუნთოვან ქსოვილებში იმუნური უჯრედების (ლეიკოციტების) მოზიდვა. ექსცენტრიული დატვირთვის (ანუ უარყოფითი/ნეგატიური ფაზა – წონის დაშვების) შემდეგ რამოდენიმე საათში სისხლის პლაზმაში აღინიშნება ისეთი მედიატორების მნიშვნელოვანი ზრდა, როგორიცაა პროსტაგლანდინები. იმუნური უჯრედების მიზანია დაზიანებული უჯრედების ნარჩენების აღმოფხვრა და რემოდელირების პროცესების დაწყება. სისხლძარღვების გაფართოება და შეღწევადობის გაზრდა ხელს უწყობს ანთებით ქსოვილში როგორც იმუნური უჯრედების შეღწევას, ასევე ცილებით მდიდარი ქსოვილური სითხისა და ლიმფის მიწოდებას, რაც იწვევს ქსოვილში სითხის დაგროვებას – შეშუპებას. კუნთების შეშუპება შეინიშნება ექსცენტენტრიული დატვირთვის შემდეგ 72 საათის განმავლობაში და შესაბამისად კუნთის ტკივილის წარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ანთებითი პროცესი ლოკალურის გარდა (მაგალითად, თავად კუნთში არსებული რეაქცია) ყოველთვის გვხვდება სისტემური გამოვლინებებით. ლოკალური და სისტემური ანთებითი პროცესები ერთდროულად ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების ჭრილობის განკურნებას და აღდგენას, ასევე იზრდება ცილის სინთეზი.

განმეორებითი დატვირთვის ეფექტი.

დიდი ხანია დაამტკიცებულია, რომ ფიზიკური დატვირთვის გამეორებით კრეპატურის სიმპტომები მნიშვნელოვნად მცირდება. ამ ფენომენს ეწოდება გამეორებითი დატვირთვის ეფექტი. ის მდგომარეობს შემდეგში: კუნთების დროებითი ადაპტაცია რომელიმე სპეციფიური დატვირთვის მიმართ, რაც შესაძლებელია მხოლოდ სრულფასოვანი დასვენების შემდეგ. ამრიგად, იგივე ინტენსიურობის და ხანგრძლივობის მომდევნო ექსცენტრიული დატვირთვისას გამოთავისუფლდება უფრო მცირე რაოდენობით კრეატინკინაზა და მცირდება ანთებითი რეაქციის ხარისხი. ამავე დროს მცირდება ტკივილის შეგრძნების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ძალის აღდგენის დრო. ეს ეფექტი აღინიშნება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ახალი განსხვავებული დატვირთვა არ გამოიწვევს კუნთების დაგვიანებული ტკივილის პროვოცირებას.

კრეპატურის პრევენცია და მკურნალობა.

კრეპატურის (კუნთების დაგვიანებული ტკივილის) შემცირების ერთადერთი პრევენციული საშუალებაა ვარჯიშის წინ კუნთების საფუძვლიანი გახურება. ეს მეთოდი თავიდან ვერ აგაცილებთ კუნთების ტკივილს, მაგრამ შეასუსტებს მის სიმპტომებს.

ყველაზე გავრცელებული თერაპიული ღონისძიებებია ცივი კომპრესები, ცვლადი ტემპერატურის აბაზანები, მასაჟი, გაწელვები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ცვალებადი ტემპერატურის წყლის აბაზანები და ცივი კომპრესები რეგულარულად გამოიყენება სპორტში თუმცა, მათ არ აქვთ ტკივილზე ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტი. ასევე არაეფექტურია ანტიოქსიდანტები, როგორიცაა მაგ. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობასაც არ აქვთ გრძელვადიანი ეფექტი ტკივილზე. მხოლოდ იბუპროფენი გარკვეულწილად ამცირებს ტკივილს, მაგრამ ის არ მოქმედებს კუნთების ფუნქციის აღდგენაზე.

კუნთების დაზიანებისა და დაღლილობის მოსახსნელად ფართოდ გამოიყენება მასაჟი. თუმცა, მისი ეფექტურობა კუნთების აღდგენის თვალსაზრისით საეჭვოა.

მართალია კუნთების ტკივილის პრევენციისა და აღდგენისთვის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება პრაქტიკაში, მაგრამ ჯერჯერობით ვარჯიშის წინ საფუძვლიანი გახურების გარდა არც ერთი მათგანი არ არის ეფექტური.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments