რა არის ოსტეოქონდროზი, ხერხემლის მალთაშუა დისკის პროტრუზია და თიაქარი. დისკოზი და მისი პრევენცია.

ხერხემალი შედგება მალებისგან და მალთაშუა დისკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან სახსროვან-მყესოვანი აპარატითაა დაკავშირებული. მალთაშუა დისკი ხრტილოვანი ქსოვილია, რომლის შიგნით ჟელესმაგვარი ნივთიერება ე.წ. პულპოზური ბირთვია მოთავსებული, გარედან კი ამ ბირთვს ფიბროზული რგოლი აკრავს. როდესაც დისკი ზედმეტ დატვირთვას ექვემდებარება, ფიბროზული რკალი თანდათანობით იშლება. ამ პროცესს ოსტეოქონდროზი ეწოდება.

ზურგის ტკივილი. ოსტეოქონდროზი.

ოსტეოქონდროზი აზიანებს მალთაშუა დისკს. ოსტეოქონდროზი ვითარდება თვითონ დისკში, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, სახსრის ართროზმა და სხვა. ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს დეგენერაციული პროცესი. მალთაშუა დისკში, თვითონ პულპოზურ ბირთვში, რომელიც ასრულებს დატვირთვის შემამსუბუქებელ ფუნქციას, ხდება დეგენერაცია, იმიტომ რომ პულპოზური ბირთვის უჯრედები ცუდად იკვებება, ისინი ნელნელა იფიტებიან და კვდებიან. ისინი მუდმივად არიან დატვირთვის ქვეშ, განსაკუთრებით როცა ვზივართ და ჩვენ ძირითადად გვიწევს ჯდომა (ტრანსპორტში, კომპიუტერთან, საწერ მაგიდასთან, ტელევიზორთან და ა.შ.) და არ ვმოძრაობთ, ამ დროს ჩვენი მალთაშუა დისკების უჯრედები მუშაობენ.

რა ხდება დისკში, როდესაც ჩვენ ცზივართ: ფეხზე დგომისგან განსხვავებით სკამზე ჯდომის დროს ზურგის და მუცლის კუნთები მოდუნებულია, ხერხემლის მალთაშუა დისკებზე დატვირთვა იზრდება, ამ დროს დისკები არ მარაგდება სისხლით და მკვებავი ნივთიერებებით, ჟანგბადით. 20 წლის ასაკიდან ირღვევა მიკროცირკულაცია და ხერხემლის სვეტი კარგავს სისხლით მომარაგებას, ამის გამო ვითარდება ოსტეოქონდროზი. გარდა ამისა თუ ადამიანი სრულფასოვნად არ იკვებება, ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის ძვლისა და მალების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება, რომლის დროსაც პირველ რიგში ზიანდება მალთაშუა დისკები. ისინი ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს დეფორმირდებიან, სიმაღლეში იკლებენ. ძვლების გარშემო იოგები (რომელიც ხერხემალს იჭერს და კრავს) უხეშდება, ხდება გაუწყლოვანება, დახეთქვა. წარმოიქმნება მარილოვანი წანაზარდები, რაც ზეწოლას ახდენს ნერვის გარსზე, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ტკივილს თუ ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას.

როგორ ვითარდება პროტრუზია და მალთაშუა დისკის თიაქარი.

მალებს შორის დისკის პროტრუზია წარმოიქმნება, როგორც ოსტეოქონდროზის განვითარების შედეგი. მალთაშუა დისკის ფიბროზული ქსოვილის დაშლასთან ერთად თავს იჩენს ამობურცულობა – პროტრუზია, რომელიც უკვე ძვლის ტვინიდან გამოსულ ნერვის გარსს შეიძლება აწვებოდეს. სწორედ ამ სტადიაზე გრძნობს ადამიანი ტკივილს, ან დისკომფორტს ზურგის არეში.

ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკის ფიბროზული რკალი კარგავს თავის ელასტიურობას, უჩნდება ნაპრალები. თუკი გრძელდება ზედმეტი დატვირთვა, დროთა განმავლობაში თავს იჩენს დეფექტი, რომლის დროსაც ბირთვის ჟელესებრი შემადგენლობა გარეთ გამოდის, მაგრდება და წარმოქმნის თიაქარს, რომელმაც შესაძლოა ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს. ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ანუ დისკოზი, ხერხემლის ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და მის მეოთხე სტადიას წარმოადგენს.

მალთაშუა დისკის თიაქარის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროება და შედეგად ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესია, რაც იწვევს მიმდებარე ქსოვილების ანთებას და შეშუპებას. ამ დროს ადამიანს აღენიშნება ძლიერი ტკივილი მალთაშუა დისკის თიაქარის ლოკალიზების ადგილას და ნერვული ღეროების გასწვრივ.

კლინიკური ნიშნები.

დაავადების გამოვლინება დამოკიდებულია მალთაშუა დისკის თიაქარის ზომაზე და ადგილმდებარეობაზე.

ხერხემლის კისრის მიდამო:

• ტკივილი მხარში;
• ტკივილი ხელში;
• თავბრუსხვევა;
• არტერიული წნევის ცვალებადობა;
• თავის ტკივილი შეუღლებულ თავბრუსხვევასთან და არტერიული წნევის ცვალებადობასთან;
• დაბუჟება ხელის თითებში.

ხერხემლის წელის მიდამო:

• დაბუჟება ფეხის თითებში;
• ტკივილი ფეხში, უფრო ხშირად ფეხის უკანა და ზოგჯერ წინა და გარეთა ზედაპირის გასწვრივ ტერფამდე;
• იზოლირებული ტკივილი წვივსა და ტერფში;
• დაბუჟება საზარდულის მიდამოში;
• მუდმივი ხასიათის ტკივილი წელის მიდამოში.

ხერხემლის გულმკერდის მიდამო:

• მუდმივი ხასიათის ტკივილი ხერხემლის გულმკერდის მიდამოში იძულებით პოზაში მუშაობის დროს (ქირურგები, მკერავები, შემდუღებლები და ა.შ.);
• ტკივილი შეუღლებულია ხერხემლის გულკმკერდის მიდამოს სქოლიოზთან და კიფოსქოლიოზთან.
შენიშვნა: მალთაშუა დისკის თიაქარი ხერხემლის გულმკერდის დონეზე წარმოადგენს იშვიათობას.

გამომწვევი მიზეზები.

ხერხემლის მალთაშუა თიაქარს უმეტესად იწვევს:

* არასწრორი ფიზიკური დატვირთვა;
* ხერხემლის გამრუდება (სქოლიოზი);
* ასაკი (20 წლის ზემოთ – სწორედ ამ ასაკიდან ირღვევა მიკროცირკულაცია და ხერხემლის სვეტი კარგავს სისხლით მომარაგებას. შესაბამისად, ჯერ ოსტეოქონდროზი, ხოლო შემდეგ მისი გართულებული ფორმა – დისკოზი ყალიბდება);
* სხეულის ჭარბი წონა;
* სიმძიმეების აწევა;
* ცხოვრების მჯდომარე წესი;
* ხერხემლის ტრავმა.

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია თამბაქოს მოხმარება, რომელიც ავიწროვებს სისხლძარღვებს და კუნთების უმოქმედობის გამო, სპაზმი ხდება უფრო მეტად გამოხატული.

იშვიათად (დისკოზით დაავადებულთა დაახლოებით 2-5%-ში), შეიძლება გამოვლინდეს პარეზი – არასრული ან ნაწილობრივი დამბლა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მალთაშუა დისკი სკდება, მისგან გამოდევნილი პულპოზური მასა მთლიანად ავსებს მალთაშუა ხვრელს და იქ მდებარე ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებს სრულ კომპრესიას უკეთებს.

დაავადების დიაგნოსტიკა.

* დაავადების დიაგნოსტიკისთვის ძირითადად გამოიყენება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ).

* შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც (კტ), თუმცა რბილ ქსოვილებს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უკეთ იკვლევს.

ქირურგიული ჩარევა რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მალთაშუა დისკი გამსკდარია და მისგან გამოდევნილ პულპოზურ მასას მთლიანად შევსებული აქვს მალათაშუა ხვრელი.

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ხერხემლის მალთაშუა თიაქარის განკურნება შესაძლებელია სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით, რა დროსაც ეტაპობრივად ხდება დაზიანებული კუნთებისა და მყესების ჩართვა მოძრაობისა და დატვირთვის პროცესში. ეს მეთოდი დიდ დატვირთვას არ გულისხმობს – ხდება მხოლოდ ლოკალური და ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც აღადგენს სხეულის მდგომარეობას ხერხემლის დეკომპრესიამდე.

ტკივილის მოხსნის შემდეგ ზურგის კუნთების გამაგრებისა და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი. სასარგებლოა ცურვა.

სპეციალური ვარჯიშებით ძლიერდება ზურგის კუნთების სისხლით მომარაგება, იხსნება კუნთებში არსებული სპაზმი. ვარჯიშები ხელს უწყობს ხერხემლის კვების აღდგენას, რის საშულებითაც თიაქარი ზომაში შემცირებას იწყებს და დროთა განმავლობაში პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

ისინი, ვინც თვეობით და წლობით ცდილობენ ხერხემლის მალთაშუა თიაქარისგან განკურნებას ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ინექციებით, წამლებით, ფიზიოთერაპიით თუ სხვა მეთოდებით არამარტო უსარგებლო, არამედ ხშირად საზიანოცაა, რადგან დროებითი გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობა ისევ მწვავდება, რემისიის პერიოდი კი სულ უფრო მეტად მცირდება და ტკივილებიც მატულობს.

ზოგიერთი სპეციალისტი, თიაქარის მკურნალობისას, ავადმყოფს კორსეტის ტარებასაც უნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან კორსეტი იწვევს ხერხემლის სეგმენტის ბლოკადას და მალთაშუა თიაქარის კიდევ უფრო გართულებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კორსეტის ტარება წელის კუნთების ატროფიასაც იწვევს.

დისკოზის პრევენცია.

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია:

* დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაში – ჯერ კიდევ ოსტეოქონდროზის დროს;
* ყველა ადამიანმა ცხოვრების წესად უნდა აქციოს სწორი ვარჯიში;
* წონის კორექცია;
* მოერიდოს სიმძიმეების არასწორად აწევას;
* მოერიდოს ნებისმიერ ზედმეტ დატვირთვას ხერხემალზე (ხტომას, სირბილს, მკვეთრ მოძრაობებს და ა.შ.).

როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა ხერხემლის თიაქარი?

რამოდენიმე ნიშნით შეიძლება ამის დადგენა:
1. თუ წელის ტკივილი არ არის ლოკალური და გადადის ფეხზე, მიყვება ფეხის ნერვს გვერდზე (მე-4 მე-5 მალთაშუა დისკის), ან ფეხის უკან (მე-5 მალასა და გავას ძვალს შორის). თან რაც უფრო დიდია თიაქარი, მით უფრო დაბლა ჩადის ტკივილი.
2. ტკივილი ჩნდება უმოძრაობის დროს, მაგ. ძილში. ნერვს აწვება შეშუპებული კუნთი, როცა თიაქარი 5-6 მმ-ზე მეტია.
3. ფეხის დაბუჟება, ოღონდ დაბუჟება მოდის წელიდან ფეხის სიგრძეზე მუდმივად და განსხვავდება ჩვეულებრივი დაბუჟებისგან, რომელიც უხერხული ჯდომისგან ან წოლისგან ჩნდება (აქაც ნერვი იჭყლიტება), მაგრამ გვერდს თუ მოვიცვლით ან ცოტას თუ გავივლით დაბუჟება გაივლის.
4. ცალი ფეხის კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ტერფის. დროთა განმავლობაში ადამიანი იწყებს კოჭლობას და ნერვის ხანგრძლივი გაჭყლეტის შედეგად შეიძლება განვითარდეს პარეზი, პარალიჩი. ნერვი კვდება და სიგნალი ტვინიდან ვეღარ აღწევს ტერფამდე. აქედან ჩნდება ფეხის კუნთის სისუსტე.
5. შორს წასული დაავადება, როდესაც უკვე მენჯის არეშია დარღვევები, შარდის შეუკავებლობა, პოტენციის დარღვევა. ნერვი ტვინიდან წამოსულ იმპულსებს ვეღარ ატარებს და შინაგანი ორგანოების მუშაობის რეგულაცია ვეღარ ხდება.
ამ ნიშნებით შეიძლება ეჭვი შევიტანოთ გვაქვს თუ არა თიაქარი.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ აგვტკივდა წელი.

პირველ რიგში უნდა დავიწყოთ დიაგნოსტიკით, ნებისმიერი მკურნალობა იწყება დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენით, დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდები. ამიტომ უნდა მიხვიდეთ სადიაგნოსტიკო ცენტრში, გადაიღოთ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) იმ ზონაში, სადაც გრძნობთ ტკივილს.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments