TRX-ით ვარჯიში.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალისმიერი ვარჯიშის შედარებით ახალ სავარჯიშო მოწყობილობაზე TRX-ზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს გრავიტაციის ძალის გამოყენებით ვივარჯიშოთ საკუთარი წონით. TRX-ით ყველა კუნთის ჯგუფზე მუშაობა მიდის მხოლოდ სხეულის საკუთარი წონით. ეს ტრენაჟორი არის მაქსიმალურად ფუნქციონალური, მასზე შეიძლება ნებისმიერი ტიპის ვარჯიშების შესრულება, როგორც ძალისმიერი, ასევე კარდიო, სტატიკური, გაწელვითი და სხვა ვარჯიშები.

TRX-ით შესაძლებელია კომპლექსურად დატვირთოთ მთელი სხეული, იმუშავოთ სტაბილიზატორ კუნთებზე, რელიეფზე, განავითაროთ ძალა, გამძლეობა, კოორდინაცია, ბალანსი და ელასტიურობა, თუმცა TRX სრულფასოვნად ვერ შეგიცვლით ძალისმიერ ვარჯიშს სპორტდარბაზში და ვერ შეძლებთ დიდი კუნთების მასის მომატებას. ამ მოწყობილობით ვარჯიშის დროს მუდმივად დატვირთულია ღრმა სტაბილიზატორი კუნთები, რაც აძლიერებს მას. TRX ზედგამოჭრილია მოზარდებისთვის და მათთვის, ვისთვისაც არ შეიძლება ხერხემლის დატვირთვა სიმძიმეებით, საკუთარი წონით ვარჯიში გამორიცხავს ღერძულა დატვირთვას ხერხემალზე და არის მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.

ძალისმიერი ვარჯიშისგან განსხვავებით აქ ვარჯიშდება სტაბილიზატორი კუნთები, რომლებზეც არის დამოკიდებული ჩვენი ხერხემლის მალთაშუა დისკების, ყველა სახსარის სისხლით მომარაგება და კვება. ეს კუნთები აწვდიან საკვებ ნივთიერებებს სახსრებს და ხერხემალს, ასევე გამოაქვთ ნარჩენი პროდუქტები.

ვინაიდან ზედაპირული კუნთები უფრო ჩანს სხეულზე და ლამაზია, ძირითადად მას ავარჯიშებენ ფიტნეს დარბაზებში სიმძიმეებით. რაც შეეხება სტაბილიზატორ კუნთებს, რომლებიც გვეხმარება შევინარჩუნოთ ბალანსი, წონასწორობა და უჭირავს ხერხემალი, არ ჩანს სხეულზე გარედან და მას არავინ არ ავარჯიშებს სპეციალურად, სწორედ ამ კუნთებს ავარჯიშებს TRX.

გოგოებსაც ძალიან უყვართ TRX-ით ვარჯიში, რადგან ის არ ზრდის კუნთებს, არ ამსხვილებს ფეხებს, მიუხედავად იმისა, რომ მათზე დატვირთვა ძალიან დიდია. TRX-ით ვარჯიში ასევე უმატებს მონაცემებს ძალისმიერ ვარჯიშებში, ყველანაირ ჟიმებში, ამოწევებში, ჩაჯდომებში. TRX-ით ჩვენი სტაბილიზატორი კუნთები ძლიერდება და ამის ხარჯზე მატულობს სპორტსმენის ძალისმიერი მაჩვენებლები. იმიტომ, რომ დიდი კუნთების გარდა, ძალისმიერი მაჩვენებლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ნეირო კუნთოვანი კავშირი ტვინსა და კუნთებს შორის, მნიშვნელოვანია სახსრების ძალა და სტაბილიზატორი კუნთების ძალა. სწორედ სტაბილიზატორებზეა დამოკიდებული უსაფრთხოება და ძალა.

TRX-ი მაგრდება 2.15-2.75 მ. სიმაღლეზე (სტაბილიზატორი მარყუჟი 1.80 მ-ის სიმაღლეზე), რადგან უნდა შეგვეძლოს მისი ისე რეგულირება, რომ იატაკიდან დაცილება იყოს 10 სმ. ეს მნიშვნელოვანია რათა სრულად გავაკეთოთ ყველა ვარჯიში TRX-ით, ამაზეა დამოკიდებული შესრულების ტექნიკა და ვარჯიშების ვარიაცია.

დატვირთვის ცვლილების ხერხები.

მთავარი პრინციპია – რაც უფრო დიდია დახრის კუთხე, მით მეტია დატვირთვა. მაგ. ზურგის ვარჯიშზე ერთი ნაბიჯის წინ გადადგმით დატვირთვა გაიზრდება. იგივეა აზიდვებზე, თუ ერთი ნაბიჯით უკან დავდგავთ ფეხს, დატვირთვა გაიზრდება. ანუ დატვირთვის კუთხის შეცვლით შეიცვლება დატვირთვა. როცა იწყებთ TRX-ით ვარჯიშს, აუცილებლად დაიწყეთ მარტივი ვარიანტით, დაბალი დატვირთვით. TRX-ზე თუ დაიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ წესებს, შეუძლებელია ტრავმის მიღება.

ფეხებგაყრილი (ქუსლებით) TRX-ში ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ტანის ზევით აწევისას თუ თოკი ვერტიკალურია ეს არის ნეიტრალური პოზიცია, ვერტიკალიდან უკან დახევით დატვირთვა გაიზრდება, ხოლო წინ გაწევით დატვირთვა შემცირდება. იგივეა პრესის ვარჯიშისას, დამჯდარი მდგომარეობიდან ფეხის ტერფებს შევყოფთ მარყუჟებში და ამოვტრიალდებით სახით იატაკისკენ მუხლებზე დამდგარი ხელებით წინ გავსწორდებით, ნეიტრალური პოზიციიდან (თოკები ვერტიკალურია), აკეთებთ პრესებს, ფეხები მიგაქვთ ხელების მიმართულებით. ვერტიკალიდან ერთი ნაბიჯით წინ წაწევით უფრო გართულდება ვარჯიში, უკან წაწევით, გამარტივდება.

საყრდენი ფართობის შემცირების პრინციპი. რაც უფრო ნაკლებია საყრდენი წერტილი, მით მეტია არასტაბილურობა ( იზრდება დატვირთვა) და ერთვება მეტი სტაბილიზატორი კუნთები. მაგ. ზურგის ვარჯიში თუ გაკეთდება ერთ ფეხზე, დატვირთვა გაიზრდება, იმიტომ რომ ბალანსის დაჭერა გართულდება და მეტად ჩაერთვება სტაბილიზატორები -პრესის, ირიბი, ზურგის, ხერხემლის ყველა პატარა კუნთები იწყებენ მუშაობას.

რაც უფრო განზე დადგავთ ფეხებს, უფრო მარტივდება ვარჯიში და რაც უფრო ახლოს – რთულდება. ყველაზე რთულია ცალ ფეხზე ვარჯიში. ასევე რთულია ცალი ხელით ვარჯიში.

TRX-ის სიმაღლის რეგულირება. სხვადასხვა ვარჯიშებს TRX-ზე სჭირდება სხვადასხვა სიმაღლე, ამიტომ ის რეგულირდება. TRX-ის სრული სიგრძეა როცა ბოლომდეა ჩამოშვებული ფეხის გასაყრელი მარყუჟები – იატაკიდან 7 სმ-ზე, შემდეგი სიგრძეა კანჭის შუამდე აწევა, შემდეგ მოდის საშუალო სიგრძე, მოკლეა როცა მარეგულირებელი ბოლომდეა აწეული და ბოლოს მაქსიმალურად ზევით, როცა კარაბინია ბოლომდე აწეული.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი+“-ში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის Tidani + – ის დალაიქება.

Facebook Comments