ენდოკრინული სისტემა.

ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედის მუშაობას მართავს ენდოკრინული სისტემა. სწორედ ჰორმონების მიერ თავის დროულად და ზუსტად მიცემულ ბრძანებებზე პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, გუნება-განწყობილება, შესახედაობა, ინტელექტი და მეხსიერება. ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე შედეგები მთელი ორგანიზმისთვის.

ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი მოვლენებით, რომლებზეც ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს მრავალი ქიმიური რეაქციით, რის შედეგადაც თავისუფლდება ენერგია, რომელიც გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი მოულოდნელობა და ეს პროცესები ხორციელდება ჰორმონების ზემოქმედებით.

ჰორმონები არის ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმზე გარკვეული მიმართულებით, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უჯრედების ერთმანეთთან ურთიერთობის სალაპარაკო ენა. დღეისათვის ცნობილია 150-ზე მეტი ჰორმონი, რომელთა დონეს შორის ბალანსს ჰორმონალური ფონი ეწოდება. ჰორმონალური ფონი ბევრ რამეში განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. ის ფორმირებას უკეთებს შესახედაობას, სიმაღლეს, წონას, ჩონჩხის აგებულებას, კანის სტრუქტურას და თმის ფერსაც. კარგი გუნება-განწყობისთვის მნიშვნელოვანია სისხლში ჰორმონების განსაზღვრული თანაფარდობა. ნორმიდან გადახვევა – ჰორმონების მომეტებული დონე ან მათი უკმარისობა იწვევს სერიოზულ დარღვევებს ორგანიზმში.

ჰორმონების წარმოება ხორციელდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით, რომლებიც გაერთიანებულია საერთო, ენდოკრინულ სისტემაში.

უსადინარო (ენდოკრინული) ჯირკვლების სისტემა.

ენდოკრინული სისტემა – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და სპეციალიზირებული სტრუქტურების ერთობლიობაა და წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ ძირითად მარეგულირებელ სისტემას. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს არა აქვთ სადინარი და მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერება, ანუ ინკრეტი პირდაპირ გადადის სისხლში და ლიმფაში. ენდოკრინულ სისტემაში შემავალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და სპეცილიზირებული სტრუქტურები ლოკალიზებულნი არიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ასევე სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში და ფუნქციურად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან.

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები:
1. ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები;
2. ჰიპოფიზი
3. ჯალღუზისებრი სხეული
ინფორმაციას ღებულობენ ცენტრალური ნერვული სისტემიდან და გადასცემენ მას ჰიპოფიზს.

ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოებია:
ა) ჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები:
ფარისებრი ჯირკვალი,
თირკმლზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება,
სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები;

ბ) ჯირკვლები, რომლებიც დამოკიდებულნი არ არიან ჰიპოფიზზე:
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება,
ფარისებრახლო ჯირკვლები,
პანკრეასის კუნძულები და სხვა ორგანოთა ჰორმონმაპროდუცირებელი უჯრედები.

ენდოკრინული სისტემის ფუნქციურ – სტრუქტურული ელემენტების განხილვისას არჩევენ ქსოვილთა ორ ტიპს: ნეიროსეკრეციულ სისტემასა და სპეციალიზირებულ ეპითელურ ჯირკვლებს. მათ შორის შუალედული ადგილი უკავია თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებას.

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები.

ჰიპიოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები.
ჰიპოთალამუსი წარმოადგენს ორგანიზმის ენდოკრინული ფუნქციის უმაღლეს ნერვულ ცენტრს. იგი აკონტროლებს და ერთმანეთთან აკავშირებს ორგანიზმის ყველა ვისცერულ ფუნქციებსა და რეგულაციის ენდოკრინულ მექანიზმებს აერთიანებს ნერვულთან. ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთკავშირის სუბსტრატს წარმოადგენს ნეიროსეკრეციული უჯრედები, რომლებიც განლაგებულია ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციულ ბირთვებში.

ჰიპოთალამურ – ადენოჰიპოფიზურ სისტემაში აკუმულირდება ჰიპოთალამუსის შუა და უკანა ნაწილებში გამომუშავებული ადენოჰიპოფიზტროპული ნეიროჰორმონები; ნეიროჰიპოფიზში (ჰიპოფიზის უკანა წილი) კი აკუმულირდება ჰიპოთამალუსის წინა მიდამოს ბირთვებში გამომუშავებული ნეიროჰორმონები – ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი.

ამგვარად, ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები გამოიმუშავებენ და გამოყოფენ სპეციფიკურ ნეიროსეკრეტს, რომელიც ზემოქმედებს ჰიპოფიზზე. აღნიშნული მექნიზმით ხორციელდება ნერვული სისტემის მარეგულირებელი გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე.

ჰიპოფიზი – (სინ.: ტვინის დანამატი), მომრგვალო ფორმის კენტი ორგანოა და მდებარეობს სოლისებრი ძვლის თურქული კეხის თანამოსახელე ფოსოში.

ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციულ ბირთვებთან ერთად ჰიპოფიზი ქმნის ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემას, რომელიც აკონტროლებს პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას.

ჯალღუზისებრი სხეული, ანუ ეპიფიზი (ტვინის ზედა დანამატი) კვერცხისებრი ფორმის, მორუხო – წითელი ფერის კენტი ორგანოა; მდებარეობს დიდი ტვინის ჰემისფეროების ქვეშ.

ეპიფიზის ფუნქცია ბოლომდე შესწავლილი არ არის; დადგენილია რომ ეპიფიზში გამომუშავდება მელატონინი, რომელიც გავლენას ახდენს კანის პიგმენტის გამომუშავებაზე და ითვლება ჰიპოფიზის შუამდებარე ნაწილის ჰორმონის ინტერმედინის ანტაგონისტად. ეპიფიზს უკავშირებენ აგრეთვე ორგანიზმში მიმდინარე სადღეღამისო ციკლების რეგულირებას და სტრესული სიტუაციების დროს ორგანიზმის მიერ დაცვითი რეაქციების განხორციელებას. ჯალღუზისებრი სხეული გავლენას ახდენს ასევე ჰიპოთალამუსის სეკრეციულ ბირთვებზე.

ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები.

ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ნაწილში, სასულესა და ხორხის საზღვარზე მდებარე ნალისებრი ფორმის ორგანოა; იგი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ენდოკრინული ჯირკვალია.

თირკმელზედა ჯირკვალი თირკმლების ზემო ბოლოზე მდებარე წყვილი ორგანოა. ჯირკვალი მოთავსებულია გულმკერდის მე-11 მალის დონეზე. ჯირკვლის ქსოვილი შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებისაგან. ქერქოვანი ნივთიერება შედარებით უფრო მკვრივია და შედგება სამი სხვადასხვა უჯრედოვანი შრისაგან: გორგლოვანი, ბაგირაკოვანი და ბადისებრი შრეებისაგან. თითოეული შრე გამოიმუშავებს განსახვავებული ჯგუფის ჰორმონებს. დადგენილია, რომ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი დამოკიდებულია ადენოჰიპოფიზზე, ტვინოვანი ნივთიერება კი მოქმედებს დამოუკიდებლად. გამომდინარე აქედან, მათ განიხილავენ სხვადასხვა ჯგუფში.

სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს მიეკუთვნება სასქესო ორგანოების (როგორც ქალის, ასევე მამაკაცის) შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები. მამაკაცებში ასეთია სათესლის გლანდულოციტები, რომლებიც აქტიურდებიან ადენოჰიპოფიზის მალუთეინიზირებელი ჰორმონით.
ქალებში საკვერცხის ქერქოვანი ნაწილის სისხლძარღვების ტოტები იჭრებიან ფოლიკულის შემაერთებელ ქსოვილში, სადაც თავმოყრილია ინტერსტიციული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ესტროგენებს და მცირე რაოდენობით მამაკაცის სასქესო ჰორმონსაც – ანდროგენს.

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება მუქი მოწითალო ფერის, რბილი კონსისტენციისაა და შეადგენს ჯირკვლის დაახლოებით 10%-ს. ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილისაგან იგი გამოყოფილია ფიბროზული გარსით. ტვინოვანი ნივთიერება და ქრომაფინური სხეულაკები გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს.

ფარისებრახლო ჯირკვლები – მცირე ზომის ოვალური ფორმის სხეულაკებია, რომლებიც განლაგებულია ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი წილების უკანა ზედაპირზე და მჭიდროდ არიან მასთან დაკავშირებული. სულ ორი წყვილია – ზემო და ქვემო ფარისებრახლო ჯირკვალი. ფარისებრახლო ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ორგანზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას.

პანკრეასის კუნძულები – პანკრეასის ქსოვილში კუნძულების სახით განლაგებული ენდოკრინული უჯრედებია, რომლებიც მთლიანი ჯირკვლის დაახლოებით 3%-ს შეადგენენ. კუნძულები გაფანტულია მთელს პანკრეასში და განსაკუთრებით მის კუდის ნაწილში. ამ ჯირკვლებს არა აქვთ სადინარი და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონი – ინსულინი პირდაპირ გადადის სისხლში.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments