ჰორმონები.

ჰორმონები — ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა. ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის.

წარმოქმნა და გავრცელება.

ყველაზე მეტად ცნობილია ის ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს.

ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთი ჰორმონების სეკრეცია/გამოყოფა მათი წარმომქმნელი უჯრედების/ჯირკვლების მიერ ჩვეულებრივ უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხდება. არსებობს ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს იმავე ან სხვა ქსოვილსა თუ ორგანოში ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს.

რეცეპტორებთან ურთიერთქმედება.

ჰორმონის მიერ სამიზნე უჯრედისათვის სიგნალის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში რეცეპტორთან მისი ურთიერთქმედების საშუალებით ხდება. ჰორმონები და მათი რეცეპტორები ერთმანეთს ერგებიან როგორც გასაღები და კლიტე. ერთი ჰორმონი/გასაღები შეიძლება მოერგოს მხოლოდ ერთ რეცეპტორს/კლიტეს. ზოგიერთი რეცეპტორი მდებარეობს უჯრედის ზედაპირზე, სხვები უჯრედის ბირთვის ზედაპირზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჰორმონები, რომლებმაც შეასრულეს თავისი ფუნქცია, იშლება ღვიძლში.

რეცეპტორი შეიძლება განთავსებული იყოს მიმღები უჯრედის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ციტოპლაზმაში. უმეტესი ჰორმონების, მათ შორის ცილოვანი ჰორმონების რეცეპტორი მიმღები უჯრედის მემბრანაში ზის. ჰორმონთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ციტოპლაზმაში რეაქციათა ჯაჭვი გაეშვება.

მცირე ზომის ჰორმონების, მათ შორის სტეროიდული და თიროიდული ჰორმონების რეცეპტორები მიმღები უჯრედის ციტოპლაზმაში იმყოფება და მასთან ჰორმონი მხოლოდ უჯრედში შეღწევის შემდეგ ურთიერთქმედებს. ჰორმონი, რომელიც გადალახავს უჯრედის ბირთვის მემბრანას, შეაღწევს ბირთვში და ურთიერთქმედებს დნმ–თან, რითაც გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას იწვევს. ამდენად ჰორმონი საბოლოო ჯამში ცილების სინთეზზე ზემოქმედებს.

ჰორმონების მოქმედება.

ჰორმონების მოქმედების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

ზრდის სტიმულირება ან დათრგუნვა;
უჯრედის კვდომის გამოწვევა ან შეჩერება;
იმუნური სისტემის გააქტიურება ან დათრგუნვა;
მეტაბოლიზმის რეგულირება;
მომზადება გარკვეული ქმედებისათვის (მაგ. ბრძოლა, გაქცევა, შეჯვარება);
მომზადება ცხოვრების გარკვეული ფაზისათვის (მაგ. მომწიფება, ფეხმძიმობა, მენოპაუზა);
რეპროდუციული ციკლის კონტროლი.
ხშირად ერთი ჰორმონი სხვა ჰორმონების წარმოქმნას და გამოყოფას არეგულირებს.

ჰორმონების ფიზიოლოგია.

უმეტეს უჯრედებს აქვს ერთი ან რამდენიმე ისეთი მოლეკულის წარმოების უნარი, რომელიც სხვა უჯრედებს ზრდის, ფუნქციის, მეტაბოლიზმის ცვლილების სიგნალს აძლევს. ენდოკრინული ჯირკვლები კი ამ საქმიანობისათვის სპეციალიზირებული ორგანოებია. როგორც წესი, ისინი მთელი ორგანიზმის რეგულირებას ახორციელებენ, თუმცა შეიძლება უფრო ვიწრო დანიშნულებაც ჰქონდეთ.

ჰორმონების წარმოქმნის სიჩქარე ჰომეოსტაზის სისტემით კონტროლდება, როგორც წესი უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით.

ჰორმონების გამოყოფა შეიძლება გააქტიურდეს ან დაითრგუნოს შემდეგი ფაქტორების ზეგავლენით:

სხვა ჰორმონებით (მასტიმულირებელი ან სეკრეციის გამომწვევი ჰორმონები);
იონებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრაციით ციტოპლაზმაში, აგრეთვე დამჭერი გლობულინების რაოდენობით;
ნერვული ან მენტალური აქტივობით;
ცვლილებებით გარემოში, მაგ. განათების, ან ტემპერატურის ცვლილებით.

ჰორმონების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ე.წ. ტროპული ჰორმონები, რომლებიც სხვა ჯირკვლების მიერ ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებას ახდენს. მაგალითად, თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელსაც ჰიპოფიზი გამოჰყოფს, ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და გააქტიურებას იწვევს , რის შედეგადაც თიროიდული ჰორმონების სეკრეცია მატულობს.

ქიმიური კლასიფიკაცია.

ქიმიური აგებულების მიხედვით ხერხემლიანთა ჰორმონები სამ კლასად იყოფა:

ამინო–წარმოებულები, ამინომჟავა თიროზინის ან ტრიფტოფანის წარმოებულები. მაგ.: კატექოლამინები და თიროქსინი.

პეპტიდური ჰორმონები ამინომჟავების ჯაჭვებისგან შედგება. მცირე პეპტიდური ჰორმონების მაგალითებია TRH და ვაზოპრესინი. თუ პეპტიდში ამინომჟავათა რაოდენობა ასეულები ან მეტია, ეს უკვე ცილაა. ცილოვანი ჰორმონების მაგალითებია ინსულინი და ზრდის ჰორმონი. უფრო რთული სტრუქტურაა აქვთ გლიკოპროტეინებს, რომლებიც ცილის მოლეკულისა და კარბოჰიდრატის ჯაჭვის ნაერთს წარმოადგენენ. ასეთი ჰორმონების მაგალითია თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH).

ლიპიდების და ფოსფოლიპიდების წარმოებულები. ძირითადად ეს სტეროიდული ჰორმონებია, მაგ: ტესტოსტერონი და კორტიზოლი, რომელთა უმთავრეს წყაროს სასქესო ჯირკვლები და თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს.

ჰორმონების წარმოება ხორციელდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით, რომლებიც გაერთიანებულია საერთო, ენდოკრინულ სისტემაში. ასეთი ჯირკვლები 8 გვაქვს:

1. ჰიპოთალამუსი
2. ჰიპოფიზი
3. ფარისებრი ჯირკვალი
4. ფარისებრახლო ჯირკვლები
5. პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვალის) კუნძულები
6. თირკმელზედა ჯირკვლები
7. საკვერცხეები (ქალებში) და
8. სათესლე ჯირკვლები (მამაკაცებში)

ყველა ჯირკვალი აწარმოებს ერთ ან რამოდენიმე ჰორმონს, რომლებიც აძლევენ ბრძანებებს სხვადასხვა ორგანოებს. მაგ. ფარისებრი ჯირკვალი სისხლში გამოყოფს ჰორმონ თიროქსინს, რომელიც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. თუ ის ძალიან ბევრია, ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება და ადამიანი ხდება. თუ ცოტაა, ნივთიერებათა ცვლა ნელდება,ასე ჩნდება ზედმეტი წონა.

ადამიანის ყველა ასაკისთვის არსებობს ჰორმონების თავის ნორმა. 40-50 წლის ასაკში ჰორმონალური ფონი მთლიანად იცვლება. ხდება ადამიანის ორგანიზმის ასაკობრივი გადაწყობა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ჰორმონების დეფიციტთან. თუ ჰორმონების ასაკობრივი დეფიციტი იქნება აღმოფხვრილი, მაშინ ხანდაზმული ადამიანი თავს იგრძნობს ისევე, როგორც 40-45 წლის ასაკში და იქნება ახალგაზრდული შესახედაობის. რაც უფრო ემატება ასაკი ადამიანს, მით უფრო მწვავედ იგრძნობა სასქესო ჰორმონების დეფიციტი. ადამიანის ცხოვრება იყოფა ორ ეტაპად, სასქესო ჰორმონების დეფიციტამდე პერიოდი და სასქესო ჰორმონების დეფიციტის პერიოდი, როდესაც აღარ გვაქვს შემოქმედების, სიყვარულის და სიცოცხლის უნარი. ზოგიერთის შემთხვევაში ეს პერიოდი დგება 20-30 წლის ასაკში. ადამიანს შეუძლია ცხოვრების წესის შეცვლით მოაახლოვოს, ან შეანელოს ეს დაბერების პროცესი.

მამაკაცურ ჰორმონებს მიაკუთვნებენ ანდროგენებს, ქალურ ჰორმონებს – ესტროგენებს. ქალებსაც და მამაკაცებსაც უნდა ჰქონდეთ ორივე ტიპის ჰორმონები, ოღონდ სხვადასხვა პროპორციებით. მამაკაცებში უნდა იყოს უფრო მეტი ტესტოსტერონი, ქალებში უფრო მეტი ესტრადიოლი.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ჰორმონს, რომელიც სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმის მიერ, შეუძლია იმოქმედოს როგორც დადებითად, ისე უარყოფითად, ყველაფერი დამოკიდებულია მის კონცენტრაციაზე ორგანიზმში. მედიცინაში ცნობილია ფაქტები, როდესაც ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციაში დაიღუპნენ ე.წ. გულის გახეთქვისგან, რაშიც მთავარი დამნაშავე დიდი რაოდენობის ადრენალინია, რომელმაც გამოიწვია პათოლოგიური, გადაჭარბებული გულისცემა.

ყველა ჰორმონი გარკვეული დოზით წარმოადგენს შხამს ორგანიზმისთვის და იწვევს სიკვდილს, გააჩნია რამდენია მისი კონცენტრაცია ორგანიზმში. მაგ. ცნობილია, რომ ტვინის ნივთიერებიდან მთელი ადრენალინის მარაგების ერთდროულად გამოყოფისას დგება მომენტალური მოულოდნელი სიკვდილი. საბედნიეროდ ძლიერი სტრესის დროს სიკვდილიანობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ბუნებამ გაითვალისწინა დამცავი მექანიზმი, რომლის წყალობითაც ადრენალინი ორგანიზმში გამომუშავდება თანდათანობით და დოზირებულად.

ორგანიზმის ჰორმონალური ფონი მართავს ჩვენ ცხოვრებას, პრაქტიკულად ჰორმონები მართავენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს. ადამიანს თვითონ შეუძლია შეუწყოს ხელი ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას. რეგულარული ვარჯიში ეხმარება ორგანიზმს აქტიურად გამოიმუშავოს ბედნიერების ჰორმონი. რელაქსაციის მეთოდები თავიდან აგვაცილებს ადრენალინის დამღუპველი ზემოქმედებისგან. სიყვარულის გრძნობა ზრდის ტესტოსტერონის დონეს სისხლში, ხოლო ზრდის ჰორმონზე ზემოქმედებისთვის საჭიროა უბრალოდ გამოძინება, რადგან ის ძირითადად გამომუშავდება ღამე, ძილში.

ჰორმონების გამოყოფა ხდება რიტმულად, რამოდენიმეჯერ დღე-ღამეში. ეს სადღეღამისო ცირკადული რიტმები გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ჰორმონების ეს ცირკადული სადღეღამისო რიტმები ირღვევა დღეს ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლის გამო. თანამედროვე ადამიანის ბიოქიმიური რეაქციების გაშვებაზე დღეს მოქმედებს არა მარტო ბუნებრივი სტიმულატორები მზე და მთვარე, ასევე ხელოვნური განათება, რომელიც არღვევს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ჰორმონების ცირკადულ რიტმებს. როცა ჩვენ დაბნელების მერე წესით უნდა გვეძინოს, ხელოვნური განათების წყალობით ჩვენ არ ვიძინებთ, ამის მაგივრად ან ვმუშაობთ, ან ვერთობით ვუყურებთ ტელევიზორს, ჩართული გვაქვს კომპიუტერი და ა.შ. ეს ხელოვნური შუქი გავლენას ახდენს ჩვენს კანზე, თვალებზე, და რაც მთავარია ტვინზე, რომელსაც ვერ გაურკვევია, ღამის თორმეტ საათზე დღეა თუ ღამე. წესით ამ დროს ღამე უნდა იყოს, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი განათებულია, ჩვენ იმის მაგივრად რომ გვეძინოს ვმუშაობთ და შესაბამისად ორგანიზმი ძილის ჰორმონის – მელატონინის ნაცვლად გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს.

საუკუნეების მანძილზე მელატონინი დაღამებასთან ერთად გამომუშავდებოდა და გვეხმარებოდა მოდუნებაში, დაძინებაში, ხოლო კორტიზოლი გათენებისას 5-6 საათზე გამომუშავდებოდა სინთლის ზემოქმედებით, რომელიც გვაღვიძებდა და გვაფხიზლებდა. ეხლა კი, როცა ჩვენ ღამე არ გვძინავს და შუქი გვაქვს ჩართული, გამომუშავდება კორტიზოლი, რომელიც ხვდება სისხლში და აღაგზნებს ჩვენ ორგანიზმს. ეს აღგზნება ხდება უდროოდ, ამავე დროს გამომუშავდება ძილის ჰორმონი მელატონინი. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების გადაღლა, რადგან წესით ღამე ჯირკვლებს უნდა დაესვენათ, კორტიზოლი არ უნდა გამომუშავებულიყო, მაგრამ ჩართული ელექტროობის გამო ხდება კორტიზოლის გამოყოფა. ჩვენ თვითონ მიგვყავს თირკმელზედა ჯირკვლები გადაღლამდე, რასაც მოსდევს იმუნიტეტის და მეხსიერების დაქვეითება, ნაადრევი დაბერება.

კორტიზოლი კარგია როცა დროულად ხდება მისი გამოყოფა, ის სისხლს აწვდის კუნთებს, გულს. ჩვენი ტვინი იღებს სიგნალს სინათლისგან, გამომუშავდება კორტიზოლი, რაც აქვეითებს ჩვენს ფუნქციებს, ანელებს საჭმლის მონელებას (ცილები და ნახშირწყლები არ იშლება), რაც იწვევს სიმსუქნეს, ასევე უძილობას. საჭიროა, რომ სისხლიდან ნელნელა გავიყვანოთ კორტიზოლი, რომელიც წესით უნდა გამომუშავდეს 6 საათიდან 12 საათამდე, ჩვენ კი ამ დროს გვძინავს, იმიტომ რომ ღამე არ გვეძინა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თავს ჩვენ თვითონვე ვნებთ. ღამის გათენებით ეს ჰორმონები ერთმანეთს შეერია, ამის გამო გვაქვს უძილობა და დილით, როცა კორტიზოლი უნდა გამომუშავდეს ჩვენ გვძინავს. სწორედ ამ დროს კორტიზოლი დაწვავს ჩვენ კუნთებს.

ფარმაკოლოგია.

ბევრი ჰორმონი და მათი ანალოგი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ყველაზე ფართო გამოყენება აქვთ: ესტროგენებს და პროგესტაგენებს (ჰორმონალურ კონტრაცეპციასა და ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში), თიროქსინს (ჰიპოთიროიდიზმის წინააღმდეგ) და სტეროიდებს (აუტოიმუნური დაავადებებისა და სუნთქვის მოშლილობისას). ინსულინს იყენებს დიაბეტით დაავადებულთა დიდი ნაწილი. ადრენალინის ფარმაკოლოგიური ეკვივალენტი თვალის მკურნალობაში გამოიყენება , სტეროიდები და D ვიტამინი კი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიურ კრემებში.

ჰორმონის “ფარმაკოლოგიური დოზა” ჯანმრთელ ორგანიზმში ჰორმონის ნორმალურ რაოდენობას ბევრად აღემატება და მისი მოქმედებაც ჰორმონის ბუნებრივი მოქმედებისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის მაგალითია ანთების ჩაცხრობა გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური დოზებით.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments