თაფლი – სასარგებლო თუ საზიანო პროდუქტი ორგანიზმისთვის.

როდესაც ადამიანი მოდის ჩვენს დარბაზში სავარჯიშოდ წონის დასაკლებად, საფუძვლიანი გასაუბრების შემდეგ ვუტარებთ კონსულტაციას კვებაზე და  ჩვენი კონსულტაცია გრძელდება 2-3 საათი. ძირითადად ზედმეტი კილოგრამები გროვდება არასწორი კვებითი ჩვევებიდან  და უმოძრაო ცხოვრების რეჟიმიდან. აქედან გამომდინარე ორგანოზმში არის ჰორმონალური დისბალანსი, მიმდინარეობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ანთებითი პროცესი.  ადამიანები  ფიქრობენ  რომ სწორად იკვებებიან, მაგრამ  უჭირთ წონაში დაკლება. ჩვენ დეტალურად გვიწევს თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე და წვრილმანზე საუბარი, ახსნა იმისა, რომ  ბევრი პროდუქტი რომელიც  გვგონია ჯანსაღი და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის შეიცავს შაქარს (ნახშირწყალს). სწორედ ეს შაქარია რომელიც გვიგროვებს ზედმეტ ცხიმებს და გვირყევს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით ისინი ვინც ტკბილზე არიან დამოკიდებულები , დგებიან იმ რეალობის წინაშე, რომ  მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და  ხშირ შემთხვევაში საერთოდ  ამოიღონ რაციონიდან შაქრის შემცველი პროდუქტები, რადგან  წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიხსნიან მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას, შესაბამისად ვერ დაამარცხებენ ზედმეტ წონას. ასეთ  ადამიანებს ერთადერთ მხსნელად ევლინებათ თაფლი და მაშინათვე ისმის შეკითხვა: თაფლი ხომ შეიძლება მივიღოთ შაქრის მაგივრად? თაფლი ხომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?  სამწუხაროდ მათ სხვა მითებთან ერთად ეს მითიც ენგრევათ.

თაფლზე ბევრი კარგი რამ გვსმენია და გვგონია თუ ყოველდღიურად მივრთმევთ, ორგანიზმს გავაძლიერებთ და პრევენციულად ავიმაღლებთ იმუნიტეტს. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს(ფრუქტოზას და გლუკოზას),  ყოველდღიური  მირთმევის შემთხვევში ის  ჩვენს ორგანიზმზე  ძალიან ცუდ ზეგავლენას მოახდენს. დიდი რაოდენობით გლუკოზისგან და ფრუქტოზისგან პირველ რიგში ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ღვიძლი – ღვიძლი ხდება გაცხიმოვნებული(ჰეპატოზი), ცუდ დღეში ვარდება კუჭქვეშა ჯირკვალი პანკრიასი  რომელშიც გამომუშავდება ინსულინი –  გვემართება ქრონიკული პანკრეატიტი. გვეწყება ქრონიკული ნაღვლის ბუშტის ანთება  (ქოლეცისტიტი) , ორგანიზმში მატულობს ცუდი ქოლესტერინის დონე და გვემართება სისხლძარღვების  ათეროსკლეროზი. ეს ყველა დაავადება ურთიერთ კავშირშია ერთმანეთთან და წარმოადგენს უფრო გლობალური დაავადების მეტაბოლური სინდრომის გამოხატულებას.მეტაბოლური სინდრომი მთელი თავისი სიმპტომატიკით აქვს  ყველას, ვისაც აქვს ჭარბი წონა. ამიტომ, მე ყოველთვის ვამბობ და ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ჭარბი წონის დარეგულირება ეს არის უპირველეს ყოვლისა  ჯანმრთელობის პრობლემების მოწესრიგება.

ისტორიულად თაფლი არასოდეს წარმოადგენდა ყოველდღიურ საკვებ პროდუქტს, ის ყოველთვის იყო სამკურნალო საშუალება.თაფლი  შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფექციური და ვირუსული დაავადების დროს დღეში 1-2 ჯერ მცირე რაოდენობით, რადგან ამ დროს  ჩვენი იმუნიტეტი ებრძვის ორგანიზმში  ინფექციებს, ვირუსებს და ჩვენ სუსტად ვგრძნობთ თავს. თაფლი ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. თაფლს შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა ოფლის სახით  თბილ ჩაისთან ან რძესთ ერთად. ასე რომ როცა  ვართ ავად და ვებრძვით ვირუსს ან ინფექციას თავისუფლად შეგვიძლია ზოგჯერ გამოვიყენოთ თაფლი, ხოლო თუ ჩვენ პრევენციის სახით ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად ხშირად მივირთმევთ თაფლს,მით უმეტეს კარაქიან პურზე გადასმულს, ეს მიგვიყვანს ჩვენ მეტაბოლურ სინდრომამდე მთელი თავისი გამოვლინებებით.

ავტ. ირინა გონაშვილი,ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments