დუკანის დიეტა.

შენიშვნა: სტატია მომზადებულია გვერდის მომხმარებლების თხოვნით და მოგაწოდეთ მხოლოდ ინფორმაციის სახით. ის არ ისახავს მიზნად დიეტების რეკომენდაციას.

ფრანგი დიეტოლოგის დუკანის დიეტა შედგება 4 ეტაპისგან, თითოეულ ეტაპზე მოითხოვება დავიცვათ კვების კონკრეტული რეჟიმი და ვიკვებოთ მითითებული პროდუქტებით.

დუკანის დიეტის მენიუში ჭარბობს ცილები. ცილების ათვისებაზე ორგანიზმი ხარჯავს გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე ცხიმების და ნახშირწყლების ათვისებაზე. ასევე ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ უფრო დიდხანს გრძელდება დანაყრების გრძნობა. ცილები აძლიერებს იმუნიტეტს და კუნთებს, ინახავს კანის სიმკვრივეს.

ყველა ეტაპზე მარილის მიღება შეზღუდულია, რადგან ის აკავებს წყალს ორგანიზმში და აძლიერებს მადას, მხოლოდ დაბალწნევიანებისთვის შეიძლება მარილის ჩვეული რაოდენობით მიღება.

დღეღამეში აუცილებელია მივიღოთ 2 ლიტრი წყალი. წყალი აუცილებელია ტოქსინების გამოსატანად. ასევე წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს. სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში გახდომის პროცესი შეჩერდება. გარდა ამისა წყალი ავსებს კუჭს და ზრდის დანაყრების გრძნობას.  დიეტით დაშვებულია ჩაის, ციკორის, ასევე სხვადასხვა ბალახის ნაყენების მიღება რა თქმა უნდა შაქრის გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიეტა დავიცვათ თავიდან ბოლომდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ სასურველ შედეგს.

პირველი ეტაპი – შეტევა.

ამ პერიოდში დაშვებულია მხოლოდ ცილოვანი საკვები, მათი ჭამა შეიძლება ნებისმიერ დროს და რამდენიც გვინდა. დაშვებულია შერევა.

ხანგრძლივობა.

შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღიდან 10 დღემდე, დამოკიდებულია რამდენი კილოგრამით დაკლებას ვგეგმავთ, თუ არ გვაქვს 5 კგ-ზე მეტი დასაკლები, მაშინ შეტევა მხოლოდ ერთი დღე უნდა გაგრძელდეს. 6-დან 10 კგ-მდე ვისაც უნდა გახდომა მაშინ 3 დღე. 5 დღე დასჭირდებათ იმათ  ვისაც 10-დან 20 კგ-მდე აქვს დასაკლები. ხოლო უფრო მეტი წონის დასაკლებად 10 დღემდე გრძელდება ცხიმთან ბრძოლა.  

დაშვებული პროდუქტები.

ხბოს, საქონლის, კურდღლის, ფრინველის ხორცი, ღვიძლი, ენა. ნებისმიერი თევზი. კიბორჩხალას ჩხირები, ზღვის პროდუქტები, კვერცხის ცილა, უცხიმო რძის პროდუქტი. უშაქრო სხვადასხვა ბალახის ნახარში, ჩაი, ციკორი. დღეში ერთხელ 1.5 სუფრის კოვზი ქატო.

აკრძალული პროდუქტები.

ცხიმიანი ხორცის ნაჭრები მაგ. ანტრეკოტი, ნეკნები, ღორის, ცხვრის, იხვის და ბატის ხორცი, შაქარი, ზეთი, ცხიმი, კეტჩუპი და მაიონეზი.

მომზადების წესი.

ნებისმიერი მომზადების წესი ზეთის გამოყენების გარეშე.

ფიზიკური დატვირთვა.

დღეში მინიმუმ 20 წუთი ფეხით სიარული.

მეორე ეტაპი – მონაცვლეობა.

ცილა ისევ რჩება კვების ძირითად ნაწილად, მაგრამ ამას ემატება კიდევ ბოსტნეული. ერთი დღე ცილოვანი, მეორე დღე ცილოვან-ბოსტნეული, ანუ დღეგამოშვებით.

ხანგრძლივობა.

ამ ეტაპის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ არ მივიღებთ სასურველ შედეგს.  იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კვირაში საშუალოდ წონას ვიკლებთ 1 კილოგრამს, ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან რამოდენიმე თვე. ჭამა შეიძლება რამდენიც გვინდა, ოღონდ არა გაძღომამდე, არ გადავაჭარბოთ.   

დაშვებული პროდუქტები.

ყველაფერი რაც იყო დაშვებული პირველ ეტაპზე და ემატება ბოსტნეული. სტაფილო და ჭარხალი შეზღუდული, ხანდახან. ყოველდღე შეიძლება მივიღოთ 2 სუფრის კოვზი ქატო.

ბოსტნეულის დღეებში უკვე შეიძლება დაშვებული პროდუქტების მიღება, ოღონდ არა უმეტეს 2 პორციისა, მხოლოდ იმ დღეებში, როცა დაშვებულია ბოსტნეულიც და ცილებიც.

აკრძალული პროდუქტები.

კარტოფილი, ბარდა, ჩეჩევიცა, ლობიო, პარკოსნები, სიმინდი.

მოზადების წესები.

ნებისმიერი, გარდა ზეთში შეწვისა.

სალათებში ასევე არ დაიშვება ზეთის დამატება. სოუსის სახით შეიძლება ნაკლებად ცხიმიანი იოგურტი, ან ძმარი.

ფიზიკური დატვირთვები.

30 წუთიანი ფეხით სეირნობა დღეში.  

მესამე ეტაპი-გამყარება.

ამ ეტაპის პირველ ნაწილში კვირაში 6 დღე ვიცავთ ცილოვან-ბოსტნეულის დიეტას, ერთი დღე მხოლოდ ცილოვანი საკვები.

ხანგრძლივობა.

იანგარიშება შემდეგნაირად: დაკლებული კილოგრამები უნდა გავამრავლოთ 10-ზე. თუ დაიკელით 5 კგ. მაშინ ეს ეტაპი უნდა გაგრძელდეს 50 დღე.

დაშვებული პროდუქტები.

ყველა წინა ეტაპებზე დაშვებული პროდუქტები და ემატება:

უხეშად დაფქვილი პური დღეში 2 პატარა ნაჭერი,  ერთი ცალი დიდი ხილი, ან 2 პატარა, გარდა ბანანისა, ყურძნის, ალუბლის და ჩირებისა. 40 გრამი ყველის ნაჭერი დღეში. კვირაში ერთხელ სახამებელის შემცველი პროდუქტი ერთი პორცია. კვირაში ერთხელ ლორი. კვირაში ერთხელ დაშვებულია სადღესასწაულო სუფრა, სადაც შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის შეჭმა, მაგრამ ერთი პორცია დამატების გარეშე. ყოველდღე საჭიროა 2 სუფრის კოვზი ქატოს ჭამა.

გამყარების ეტაპის მეორე ნაწილში შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი პორცია სახამაბელის შემცველი პროდუქტი და კიდევ ერთი სადღესასწაულო სუფრა, ოღონდ არა ზედიზედ.

მომზადების წესები.

ყველაფერი იგივე, გარდა ზეთში შეწვისა.

ფიზიკური დატვირთვები.

დღეში 25 წუთიანი ფეხით გასეირნება.

მეოთხე ეტაპი – სტაბილიზაცია. (აუცილებელია შედეგის შესანარჩუნებლად)

ხანგრძლივობა.

პრინციპში ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს მუდმივად.

დაშვებული პროდუქტები.

ყველაფერი ის, რაც დაშვებული იყო გასამყარებელ ეტაპზე. მხოლოდ ქატო შეიძლება ჭამოთ 3 სუფრის კოვზი. თევზი ვჭამოთ ცილოვან დღეებში მხოლოდ თეთრი, ყველი დაბალი ცხიმიანობით. არ ვიყენებთ იხვის და ბატის ხორცს, სხვა ფრინველის ხორცს ვაცლით კანს.

ფიზიკური დატვირთვა.

იდეალური იქნება, თუ არ გამოვიყენებთ ლიფტს, ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით სეირნობა.

და ბოლოს: დუკანის დიეტა არის კვების სისტემა, რომელიც შეიძლება გავხადოთ როგორც ჩვენი ცხოვრების წესი და დავიცვათ  სიცოცხლის ბოლომდე.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + ის“ ფილიალში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments