ინსულინური ინდექსი.

ინსულინი არის ჩვენი ძირითადი ანაბოლური ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი. ის ჩვენ გვიცავს კუნთის დაშლისგან და გვეხმარება ავაშენოთ კუნთური მასა. მაგრამ ამავე დროს ის აგროვებს ცხიმს ორგანიზმში და ხელს გვიშლის ცხიმის წვაში. ამიტომ თუ გვინდა გამოშრობა და ცხიმის დაწვა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ინსულინის დონე ორგანიზმში იყოს დაბალი.

ეხლა გავიხსენოთ, რა არის გლიკემიური ინდექსი, რომელზეც მე ადრე ვწერდი და დევს ჩემ საიტზე. გ.ი. გვიჩვენებს, თუ რამდენით და რამდენად სწრაფად მოიმატებს სისხლში გლუკოზის დონე ამა თუ იმ საკვების მიღების შემდეგ. ე.ი. გლიკემიური ინდექსი პირდაპირ კავშირშია სისხლში შაქრის დონესთან. ინსულინის მთავარი ფუნქცია არის დაწიოს გლუკოზის დონე სისხლში, ამიტომ რაც უფრო მაღალი იქნება გლუკოზა სისხლში, მით მეტი ინსულინი იქნება საჭირო მის დასაწევად. შესაბამისად, იმისათვის რომ გავხდეთ, ჩვენ არ უნდა მივიღოთ მაღალი გ.ი. მქონე საკვები. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლ;ებიც არ შეიცავენ ნახშირწყლებს და არ იწვევენ შაქრის მომატებას სისხლში, მაგრამ იწვევენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ინსულინის სეკრეციას, რაც ისევე ცუდია, როგორც შაქრის მომატება. ამიტომ შემოღებული იქნა ინსულინური ინდექსის ცნება სხვადასხვა პროდუქტებისათვის.

როცა უნდოდათ გაეზომათ პროდუქტის გ.ი., ეტალონად აიღეს 50 გრამი გლუკოზის მიღების შემდეგ შაქრის დონე სისხლში, რაც პირობითად მიიჩნიეს 100 ერთეულად. ამის შემდეგ გაზომეს ყველა პროდუქტის გლიკემიური ინდექსი. ინსულინური ინდექსის გასაზომად აიღეს უკვე არა შაქრის დონე, არამედ ინსულინის დონე სისხლში ცალკეული პროდუქტებისათვის. არის პროდუქტები, რომლებსაც აქვთ დაბალი გ.ი. მაგრამ აქვთ მაღალი ინსულინური ინდექსი.

იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა განსხვავებაა გლიკემიურ ინდექსსა და ინსულინურ ინდექსს შორის, ვნახოთ რა პროცესები მიდის ორგანიზმში მაღალი გ.ი. მქონე პროდუქტის და მაღალი ი.ი. მქონე პროდუქტის მიღების შემდეგ. როდესაც ჩვენ ვჭამთ რაიმე ტკბილს, ორგანიზმმა არ იცის რამდენი შაქარი მივიღეთ, ამიტომ ინსულინი გამოიყოფა იმაზე მეტი, ვიდრე არის საჭირო, შესაბამისად სისხლში შაქრის დონე ეცემა ნორმაზე დაბლა, ამ პროცესს უწოდებენ რეაქტიული ჰიპოგლიკემიის ფაზას, რაც ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. თქვენთვის შეიძლება ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულების გარდაცვალება ხდება არა მაღალი შაქრის გამო, არამედ პირიქით, როცა შაქარი ეცემა კრიტიკულ მაჩვენებელზე ქვევით და ადამიანი ვარდება ჰიპოგლიკემიურ კომაში. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენი ენდოკრინული სისტემა გამოყოფს ჰორმონ გლუკაგონს, რომლის ფუნქციაა ასეთ დროს ღვიძლში მომარაგებული გლუკოზა მიაწოდოს სისხლში. ამის შემდეგ შაქრის დონე სისხლში ნორმალიზდება.

ანალოგიური პროცესი მიდის, როცა ჩვენ ვჭამთ ხაჭოს. ხაჭოს აქვს მაღალი იმსულინური ინდექსი და მისი მიღების შემდეგ გამოიყოფა ინსულინი, რომელსაც შაქარი მიაქვს უჯრედებში, ამან შეამცირა შაქრის დონე სისხლში, ხოლო გლუკაგონმა ღვიძლიდან გლუკოზა მიაწოდა სისხლში და დაარეგულირა შაქრის დონე. მაგრამ თუ შევადარებთ შაქარს და ხაჭოს, მივიღებთ ასეთ სურათს, რომ შაქრის მცირე რაოდენობით მიღებაც კი გაცილებით მაღლა სწევს ინსულინს და გლუკაგონი ვერ ახერხებს დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე, ეს იწვევს ჰიპოგლიკემიას, რაც არ ხდება ხაჭოს დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

მოდით ვნახოთ როგორ იანგარიშება გ.ი. და ინსულინური ინდექსი. გ.ი. იანგარიშეს შემდეგნაირად: ეტალონად აიღეს 50 გრამი გლუკოზა, 15 წუთში გაზომეს შაქრის დონე სისხლში და ჩათვალეს 100 ერთეულის ტოლფასად. ინსულინური ინდექსი კი გაზომეს სხვა პრინციპით, აიღეს პროდუქტის არა მასა, არამედ რაოდენობა რომელიც შეიცავს 240 კკალ. ეტალონად აიღეს თეთრი პურის რაოდენობა და მიანიჭეს 100 ერთეული. წონით ეს რაოდენობა თეთრი პური არის საკმაოდ ბევრი, 100 გრამზე მეტი. ეხლა ვნახოთ კვერცხი, მისი ი.ი. დაახლოებით 30-ია და უნდა ვჭამოთ 5 ცალი კვერცხი, რომ მივიღოთ 240 კკალ. გამოდის რომ 5 ცალი კვერცხი არის 20 გრამი თეთრი პურის ტოლფასი, რაც არც ისე ბევრია. ინსულინი კი გამოიყოფა ამ რაოდენობის კვერცხის ჭამისას, მაგრამ ის იმდენად მცირეა, რომ თქვენს გახდომაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

ისეთი პროდუქტების მიღებისას, რომლებიც არ შეიცავენ ნახშირწყლებს, მაგრამ ინსულინი მაინც გამოიყოფა, რომელიც დაწევს შაქარს სისხლში, ის კომპენსირდება ჰორმონ გლუკაგონის მიერ, რომელიც აიძულებს ღვიძლს გლუკოზის მიწოდებას სისხლში. ეს რომ არ მოხდეს, შაქარი ისე დაეცემა სისხლში, რომ ადამიანი ჩავარდება ჰიპოგლიკემიურ კომაში და დაიღუპება ისევე, როგორც იღუპებიან დიაბეტიანები ინსულინის ზედმეტი დოზის გამო. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მივიღებთ მაღალი ინსულინური ინდექსის მქონე პროდუქტს, ჩვენი გლუკაგონის სიმძლავრე და გლიკოგენის მარაგი ღვიძლში სრულიად საკმარისი იქნება, რომ გაანეიტრალოს სისხლში შაქრის დონე. თუ ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ 50 გრამ შაქარს და ერთ ბრიკეტ ხაჭოს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ინსულინური ინდექსი,  ჩვენ ვნახავთ, რომ ხაჭო ახლოსაც ვერ მოვა 50 გრამ შაქართან, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის შაქრის მიღებისას გლუკაგონი ვეღარ შეძლებს დაარეგულიროს რეაქტიული ჰიპოგლიკემია, მას შეიძლება აღარ ეყოს სისწრაფე და სიმძლავრე. ე.ი. ერთი ბრიკეტი ხაჭოც რომ ვჭამოთ, ის ვერ შეძლებს შეგვიშალოს ხელი ცხიმის დაწვაში. მაშასადამე, თუ თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოვარჯიშე და არ აპირებთ შეჯიბრისთვის მომზადებას, თუ თქვენ არ გჭირდებათ ცხიმის ძალიან მცირე პროცენტული შემცველობა, როდესაც ინსულინის მიმართ მგრძნობელობა ძალიან მაღალია და ხაჭომ შეიძლება შეაჩერის ცხიმის წვა, ამ შემთხვევაში თქვენ არ უნდა გეშინოდეთ  მაღალი ინსულინური ინდექსის მქონე პროდუქტის მიღების.  

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + ის“ ფილიალში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments