კატექოლამინები.

კატექოლამინები (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი)  გამოიყოფა სიმპატიკური ნერვების და თირკმელზედა ჯირკვლების ტვინის ნივთიერების მიერ. ისინი აგებენ პასუხს ორგანიზმის ერთიან რეაქციაზე სტრესის დროს, რომელიც მიმართულია ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე.

ადრენალინი არის კატექოლამინების ბიოსინთეზის საბოლოო პროდუქტი. ზოგადად, კატექოლამინების სინთეზი რთული ბიოქიმიური პროცესია, რომელიც სქემატურად ასე გამოიყურება: ტიროზინი დოფა დოფამინი ნორადრენალინი ადრენალინი. ამ პროცესის კატალიზაციისთვის საჭიროა მრავალი ფერმენტი.

ნორადრენალინი სიმპატიკური ნერვული სისტემის მთავარი მედიატორია, ხოლო ადრენალინი წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლების ტვინის ნივთიერების მთავარ ჰორმონს. სიმპატიკური ნერვული სისტემა აქტიურდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მდგომარეობისას – ფიზიკური აქტიურობისას/ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური დაძაბვისგან, სისხლის დაკარგვისას და სხვ. სტრესის დროს ხდება თირკმელზედა ჯირკვლების ტვინის ნივთიერების მიერ ადრენალინის გამოყოფა.

კატექოლამინები პირდაპირ ან ირიბად ააქტიურებენ ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას, ასტიმულირებენ ჰიპოთალამუსს და ჰიპოფიზს. ნებისმიერი დაძაბული მუშაობისას, განსაკუთრებით ფიზიკური შრომისას, სისხლში მატულობს კატექოლამინების შემცველობა. ეს არის სხეულის ადაპტაციური/შემგუებლური რეაქცია რაიმე სახის დატვირთვაზე და რაც უფრო გამოხატულია რეაქცია, მით უკეთესად ადაპტირდება სხეული, მით უფრო სწრაფად მიიღწევა გავარჯიშებული მდგომარეობა. ინტენსიური ფიზიკური შრომისას სხეულის ტემპერატურის მომატება, ხშირი გულისცემა და ა.შ. გამოწვეულია დიდი რაოდენობით კატექოლამინების სისხლში გამონთავისუფლებით.  

ადრენალინს იმის გამო უწოდებენ “შიშის ჰორმონს”, რომ შიშისგან გული უფრო სწრაფად იწყებს გულისცემას. ადრენალინის გამოტყორცნა ხდება ნებისმიერი ძლიერი აღელვებით ან დიდი ფიზიკური დატვირთვით. ადრენალინი ზრდის უჯრედული გარსის – მემბრანის გამტარიანობას გლუკოზისთვის, აძლიერებს ნახშირწყლების (გლიკოგენის) და ცხიმების დაშლას, იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების, კანისა და ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებას, აფართოებს ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს. ადრენალინის ზემოქმედებით არტერიული წნევა იზრდება. თუ ადამიანი შეშინებულია, აღელვებული ან აგზნებულია, მაშინ მისი გამძლეობა მკვეთრად იზრდება.

ნორადრენალინს უწოდებენ “გაბრაზების ჰორმონს”, რადგან სისხლში ნორადრენალინის დონის მომატებას ყოველთვის მოყვება აგრესია, მნიშვნელოვნად იზრდება კუნთების ძალა. მისი სეკრეცია და სისხლძარღვებში გამონთავისუფლება ძლიერდება სტრესის და სისხლდენის დროს, მძიმე ფიზიკური შრომისას და სხვა სიტუაციებში, რომლებიც სხეულის სწრაფ გარდაქმნას მოითხოვს. ვინაიდან ნორადრენალინს ახასიათებს სისხლძარღვების ძლიერი შემავიწროვებელი მოქმედება, სისხლში მისი გამოყოფა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის ნაკადის სიჩქარისა და მოცულობის რეგულირებაში.

მესამე ენდოგენური კატექოლამინია დოფამინი. დოფამინი იწვევს გულის მუშაობის გაძლიერებას, აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ა.შ., ასტიმულირებს გლიკოგენის დაშლას და ხელს უშლის ქსოვილების მიერ გლუკოზის გამოყენებას. დოფამინი ასევე იწვევს სიამოვნების შეგრძნებას, რითაც გავლენას ახდენს მოტივაციისა და სწავლის პროცესებზე. დოფამინი იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ზრდას. ის მონაწილეობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნის რეგულაციაში, აფერხებს პროლაქტინის სეკრეციას. დოფამინის არასაკმარისი სინთეზი იწვევს მოტორული ფუნქციის დარღვევას – პარკინსონის სინდრომს. შარდში დოფამინის და მისი მეტაბოლიტების ექსკრეციის მკვეთრი მომატება აღინიშნება ჰორმონალური სიმსივნეების დროს. ვიტამინ B6 -ის ჰიპოვიტამინოზის დროს, ტვინის ქსოვილებში დოფამინის შემცველობა იზრდება, ჩნდება მისი მეტაბოლიტები, რომლებიც ნორმაში არ არის.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments