კორტიზოლი.

კორტიზოლს გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლები. მართალია კორტიზოლს სტრესის ჰორმონს ეძახიან, მაგრამ ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის ამზადებს ორგანიზმს მოქმედებისკენ სტრესის დროს. ექსტრემალურ სიტუაციებში – შიმშილის დროს, სისხლის დაკარგვისას, ყინვაში, ან ნერვული დაძაბულობის დროს კორტიზოლის დონე მატულობს და ის ეხმარება ადამიანს გადარჩეს.

კორტიზოლი საჭიროა ორგანიზმის კორექტული მუშაობისათვის. ის წარმოადგენს ორგანიზმის ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულატორს: არეგულირებს შაქრის ბალანსს, გლუკოზის და ინსულინის მეტაბოლიზმს. კორტიზოლს ახასიათებს სეკრეციის სადღეღამისო რიტმი: მინიმალური კონცენტრაცია აღინიშნება საღამოს საათებში, ხოლო მაქსიმალური დილის საათებში.

სისხლში გამოყოფილი კორტიზოლი ადვილად აღწევს ღვიძლის უჯრედებს, უჯრედების მემბრანის გავლით ხვდება ციტოპლაზმაში და ბირთვში, სადაც უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომელიც ააქტიურებს დნმ-ს. ამის შედეგად გლუკოზის სინთეზი ღვიძლში ძლიერდება, მაშინ როცა კუნთებში გლუკოზის დაშლა მცირდება. ღვიძლის უჯრედებში გლუკოზა გროვდება გლიკოგენის სახით. ამ ფორმით კორტიზოლი ეხმარება ორგანიზმს ენერგეტიკული რესურსების შენახვაში.

კორტიზოლი ადრენალინთან ერთად არის სტრესის ჰორმონი. კორტიზოლი, ისევე როგორც ადრენალინი გვეხმარება გადავლახოთ წინააღმდეგობები. ადრენალინი უზრუნველყოფს სწრაფ რეაქციას სტრესზე და მოქმედებს 10 წუთის მანძილზე. თუ ჩვენ ვერ დავწყნარდით და სტრესმა არ გაიარა, მერე იწყებს კორტიზოლი გამოყოფას და კორტიზოლი ჩერდება სისხლში დიდხანს, ადრენალინი დიდხანს არ ჩერდება, ის მყისიერი მოქმედების ჰორმონია, ძირითად ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას და დაზიანებას ახდენს კორტიზოლი.

კორტიზოლი ინსულინის ანტაგონისტი ჰორმონია – ზრდის ცხიმის დაშლას და იძლევა ენერგიას, აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, ერითროციტების და ტრომბოციტების რაოდენობას. რთავს იმუნიტეტს მთელი სიმძლავრით, ახდენს ორგანიზმის მთლიან მობილიზებას, მაგრამ მუდმივად მაღალი კორტიზოლის შემთხვევაში პირიქით დაბლა წევს იმუნიტეტს. ასეთი ურთიერთ საწინააღმდეგო მოქმედება აქვს კორტიზოლს ორგანიზმზე.

კორტიზოლის გამოყოფის პიკი მოდის დილის 8-9 საათზე, ის ეხმარება ორგანიზმს ამოქმედებაში, ამიტომ არ შეიძლება ამ დროს ვიწვეთ საწოლში და გვეძინოს, ამით ჩვენ შოკში ვაგდებთ ორგანიზმს. ამიტომ არ დაარღვიოთ კორტიზოლის გამოყოფის დღიური რეჟიმი ხელოვნურად, ამით თქვენ დაარღვევთ ჰორმონალურ წონასწორობას და თავს ცუდად იგრძნობთ, ადვილად დაავადდებით. რიტმის დარღვევით თირკმელზედა ჯირკვლები ვეღარ იგებენ, როდის უნდა გამოყონ კორტიზოლი, ამიტომაა, რომ ზოგჯერ ვიღვიძებთ დაღლილი, რადგან კორტიზოლის გამოყოფის დროს გვძინავს.

კორტიზოლი ჩვენს სიცოცხლის უნარიანობაზე მოქმედებს 3 გზით:

1. მაღლა წევს შაქარს სისხლში, როცა მისი  დონე დაბალია.

2. მაღლა წევს არტერიულ წნევას.

3. არეგულირებს ანთებით პროცესებს, ებრძვის ანთებას.

კორტიზოლი ეხმარება ორგანიზმს ექსტრემალურ სიტუაციაში ენერგიის მობილიზებაში. ის მუდმივად იცავს ჩვენ ორგანიზმს, ასტიმულირებს ადამიანის რეაქციას სტრესზე, ადამიანი ფხიზლდება და მზად არის გასაქცევად, ან საბრძოლველად. ამისთვისაც არსებობს კორტიზოლი, მატულობს შაქრის დონე და არტერიული წნევა სისხლში, ამის ხარჯზე მატულობს ჟანგბადის მიწოდება ტვინში, რაც ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას და გადაწყვეტილების სწრაფ მიღებას.

სტრესი ზრდის მის დონეს ნორმაზე ზევით და ამ დროს არის მისი მოქმედება კრიტიკული. თუ მუდმივად ხართ სტრესის ქვეშ, მუდმივად არის მაღალი კორტიზოლი, ჩნდება მაღალი წნევები – ჰიპერტონია, ქვეითდება ფარისებრი ჯირკვალის ფუნქცია, მოქმედებს გულისა და კუჭის მუშაობაზე. კუნთები დუნდება, ძვლები სუსტდება, კანი ბერდება, მატულობს ცხიმის ფენა მუცელზე, ეცემა იმუნიტეტი. თუ სტრესი ქრონიკულია, ვიღებთ ჩაკეტილ წრეს: ორგანიზმს მიეწოდება სიგნალი ჰიპოთალამუსიდან დააგროვოს ცხიმი ენერგეტიკული რეზერვისათვის, სწორედ კორტიზოლი გვიშლის ხელს ზედმეტი წონის დაგდებაში. თუ თქვენ გაუმკლავდებით სტრესს, კორტიზოლი ჩადგება ნორმაში. დადებითი ემოციური ფონი ხელს უწყობს კორტიზოლის ნორმაში მოყვანას.

როცა კორტიზოლი ბევრია და დიდხანს რჩება სისხლში, ამისგან სისხლში შაქრის დონე მუდმივად მაღალია. ქრონიკული სტრესის დროს, როდესაც მუდმივად მაღალია კორტიზოლი სისხლში, უჯრედები აღარ რეაგირებენ მასზე და ხდებიან კორტიზოლრეზისტენტული. ამ დროს კორტიზოლი ბევრია, მაგრამ ადამიანი ვერ არის მხნედ, ძალები გამოცლილი აქვს, შეშფოთებულია, იმიტომ რომ უჯრედებში კორტიზოლი არ არის, ის რჩება სისხლში და მთელი შაქარი, ცხიმები და ცილები, რომელიც ადამიანმა შეჭამა, გადაინახა ცხიმში, იმის მაგივრად, რომ ისინი გამოყენებული ყოფილიყო იქ, სადაც საჭიროა. ამის გამო კორტიზოლრეზისტენტულობას მივყავართ ინსულინრეზისტენტულობამდე. ანუ უჯრედის რეცეპტორები უკვე ინსულინზეც აღარ რეაგირებენ.

ორგანიზმზე კორტიზოლის მაღალი დონის უარყოფითი გავლენის გამოა, როდესაც ადამიანი თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, სწორადაც იკვებება, ვარჯიშობს, მაგრამ შედეგი მაინც არ აქვს –  წონა არ იკლებს, დაავადება არ ინკურნება, სახსრების ტკივილი გრძელდება. ეს იმიტომ ხდება, რომ განვითარდა უჯრედების კორტიზოლრეზისტენტულობა და კორტიზოლის დონე სისხლში ჯერ კიდევ მაღალია. ამას ემატება ის რომ ირღვევა შაქრის დონე სისხლში, შეიძლება განვითარდეს დიაბეტი, სიმსუქნე (კორტიზოლი ლეპტინზეც მოქმედებს). შეინიშნება ხასიათის ცვლილება, გაღიზიანება, დაღლილობა, ტრავმების აღდგენის შენელება, ძილის დარღვევა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება. საწყის ეტაპზე ადამიანი ჯერ კიდევ ქმედუნარიანია, დროთა განმავლობაში მაღალი კორტიზოლის ფონზე დგება მეორე ეტაპი, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიფიტება, კორტიზოლის გამოყოფა მცირდება და კორტიზოლი ვეღარ მუშაობს. ადამიანს ეცლება ძალები, დაბლა ეცემა წნევა, შეიძლება დეპრესია განვითარდეს.

მოკლედ კორტიზოლის დისბალანსი სახიფათოა ყველა მხრიდან. ეს არის ჩვენი დამცავი ფარი/ჰორმონი, რომელიც ყველაზე სწრაფად პასუხობს გარე გამაღიზიანებლებზე, ამიტომ ჩვენ ის უნდა მოვიყვანოთ ნორმაში.   

მაღალი კორტიზოლის დონე იწვევს:

1. კუნთოვანი მასის დაკარგვას. თუ კი ჩვეულებრივ სიტუაციაში ორგანიზმი ენერგიისთვის იყენებს ჯერ ნახშირწყლებს, ცხიმებს და მერე კუნთოვან ქსოვილს, მაღალი კორტიზოლის შემთხვევაში პირველ რიგში იყენებს კუნთოვან ქსოვილს.

2. ცხიმის მასის მომატება, ცხიმის დაგროვება მუცლის არეში. კორტიზოლის მომატება იწვევს შიმშილის გრძნობის გაძლიერებას და რაიმე ტკბილის მიღების სურვილს, რადგან შაქარი ცოტა ხნით ამცირებს კორტიზოლის დონეს. ამას მივყავართ ზედმეტი წონის და ცხიმის დაგროვებისკენ.

3. შაქრიანი დიაბეტის განვითარება. კორტიზოლის მაღალი დონე ზრდის შაქრის დონეს სისხლში. ჯერ ამცირებს ინსულინის სეკრეციას და შემდეგ შლის კუნთებს გლუკოზამდე. ქრონიკულად მაღალი კორტიზოლის შედეგად ვითარდება მე-2 ტიპის დიაბეტი.

4. ტესტოსტერონის დონის შემცირება. კორტიზოლი ტესტოსტერონის საპირისპირო ჰორმონია, რაც უფრო მაღალია კორტიზოლი, მით დაბალია ტესტოსტერონი.

5. იმუნიტეტის დაქვეითება. მოკლე დროით კორტიზოლი მუშაობს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ხანგრძლივი დროით ის აქვეითებს იმუნიტეტს.

6. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება. კორტიზოლი აიძულებს ორგანიზმს იმუშავოს ცვეთაზე, რაც ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს.

7. ოსტეოპოროზის განვითარება. კორტიზოლი ამცირებს კალციუმის და კოლაგენის შეთვისებას, რაც ძვლებს ხდის უფრო მყიფეს და ანელებს რეგენარაციის პროცესებს.

კორტიზოლის მომატების მიზეზები.

1. შიმშილობა. სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ზრდის კორტიზოლის დონეს.

2. ქრონიკული სტრესი. ნერვული გადაძაბვა აიძულებს ორგანიზმს გამოიყენოს ენერგიის ყველა ხელმისაწვდომი წყარო წინააღმდეგობის დასაძლევად. ხანგრძლივად ასეთ რეჟიმში ყოფნა ფიტავს ორგანიზმს.

3. ფიზიკური ვარჯიშები. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა გარკვეულ წილად წარმოადგენს სტრესს ორგანიზმისთვის, რაც უფრო დიდხანს და ინტენსიურად გრძელდება ვარჯიში, მით უფრო მაღალია კორტიზოლი სისხლში.

4. ყავა. ერთი ფინჯანი ყავა 30%-ით მაღლა წევს კორტიზოლის დონეს რამოდენიმე საათის მანძილზე.

მაღალი კორტიზოლის ნიშნები.

1. გიგროვდებათ ზედმეტი წონა. თუ თქვენ სწორ კვებაზე ხართ, ვარჯიშობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იმატებთ ცხიმს და ამავე დროს კარგავთ კუნთურ მასას, ე.ი. გაქვთ კორტიზოლის მაღალი დონე.

2. პულსის მაღალი სიხშირე. ვინაიდან კორტიზოლი იწვევს არტერიების შევიწროებას, ეს გამოიხატება მაღალი პულსით. თუ ხშირად გაქვთ მაღალი პულსი, ეს მეტყველებს კორტიზოლის მაღალ დონეზე.

3. მუდმივად დაძაბული, ნერვიული მდგომარეობა. კორტიზოლს ტყულად არ ეძახიან სტრესის ჰორმონს, ნერვიულობის დროს სწორედ კორტიზოლია პასუხისმგებელი ორგანიზმის რეაქციაზე.

4. პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტოსტერონის დაქვეითება იწვევს პოტენციის დაქვეითებას.

5. კუჭ-ნაწლავის პრობლემები. კორტიზოლი ხელს უშლის საჭმლის მონელებას და ათვისებას, რაც იწვევს აშლილობას, მუცლის შებერვას, გაზების დაგროვებას.

6. ოფლიანობა და ხშირი შარდვა. მაღალი კორტიზოლი იწვევს ოფლიანობას და ხშირ შარდვას, რითაც იკარგება სასარგებლო მარილები და მინერალები.

7. უძილობა და დეპრესია. კორტიზოლის მაღალი დონე იწვევს დეპრესიას და უძილობას.

როგორ შევამციროთ კორტიზოლის დონე?

1. ვარჯიში არ უნდა გაგრძელდეს ერთ საათზე მეტ ხანს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ვარჯიში, მით უფრო მეტად მატულობს კორტიზოლი.

2. ვარჯიშის დროს ნახშირწყლების და ბცაა-ს მიღება. წყალში გახსნილი 20 გრამი სწრაფი ნახშირწყალი (თაფლი, ხილის წვენი ან შაქარი) 5 გრამ ბცაა-სთან ერთად მოგცემთ ენერგიას ვარჯიშის დროს და შეამცირებს კორტიზოლის სინთეზს.

3. სპეციალური კვება. დიეტა, რომელიც ამცირებს კორტიზოლის დონეს. დიეტაში იყენებენ დაბალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტებს, ბევრ სასარგებლო ცხიმს, მინიმუმ ყავას.

4. დანამატები, რომლებიც ამცირებენ კორტიზოლის დონეს. აერობული ვარჯიშის მერე მაგნიუმის მიღება ამცირებს კორტიზოლს, მაგრამ ძალისმიერი ვარჯიშის შემთხვევაში ეს არ აღინიშნება.

5. სტრესთან ბრძოლა. რეგულარული ვარჯიში, მედიტაცია, იოგა სტრესთან ბრძოლის კარგი საშუალებებია.

6. სიცილი. დადგენილია, რომ კარგი გუნება-განწყობილება და რეგულარული სიცილი ამცირებს სტრესს და კორტიზოლის დონეს.

კორტიზოლის შემცირება კომპლექსური პროცესია, რომელიც სტრესთან ბრძოლით იწყება.

როგორ მოქმედებს კორტიზოლი კუნთის ზრდაზე.

სასარგებლოა თუ საზიანო კორტიზოლი კუნთის მასის ზრდისთვის?

ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ხდება კორტიზოლის გამოტყორცნა და რამდენად დიდხანს რჩება მისი დონე მომატებული. კუნთის ზრდისთვის კორტიზოლის გამოტყორცნა ვარჯიშის დროს წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან სიგნალს კუნთის ზრდისთვის. ანთება და კორტიზოლი, რომელიც მატულობს ვარჯიშის დროს ეხმარება ცილის სინთეზზე პასუხისმგებელ გენების აქტივაციას. რომ არა კორტიზოლის ეს მკვეთრი ზრდა, სხეული არ დაიწყებს აღდგენის და კუნთის ბოჭკოების მშენებლობის პროცესს.  ჩვენი კუნთები იმიტომ იზრდება ვარჯიშის შედეგად, რომ ვარჯიშზე ვიღებთ სტრესს და ჩვენი სხეული რეაგირებს ამ სტრესზე, ანუ კორტიზოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთის მშენებლობაში.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ კორტიზოლის გამოყოფა იყოს ეფექტური.

პირველ რიგში ვარჯიში უნდა იყოს ინტენსიური, რომ მივიღოთ კორტიზოლის დონის აწევა ვარჯიშის დროს, ხოლო ვარჯიშისგან განსხვავებით სხვა დროს უნდა მოვერიდოთ სტრესს, გადაღლას, უძილობას, რათა კორტიზოლის დონე ვარჯიშის მერე იყოს მინიმალური. ჩვენ კორტიზოლის მაღალი დონე გვინდა მხოლოდ ვარჯიშზე, რათა კუნთებმა მიიღონ სიგნალი ცილის სინთეზისათვის, ბოჭკოების აღდგენისათვის და ზრდისთვის. მაგრამ როგორც კი ჩვენ მოვრჩებით ვარჯიშს და შესაბამისმა გენებმა გაუშვეს ანაბოლური პროცესები, ამის მერე კორტიზოლი უნდა დაბრუნდეს ნორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კატაბოლური პროცესები გაგრძელდება და კუნთის ზრდის მაგივრად კორტიზოლი დაიწყებს კუნთის ბოჭკოების დაშლას. ამასთან ერთად სხეულის მგრძნობელობა კორტიზოლის მიმართ შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომდევნო ვარჯიშზე სტრესი იქნება ნაკლები, ვიდრე წინა ვარჯიშზე და რეაგირებაც სტრესზე იქნება ნაკლები. საჭირო გახდება მეტი ძალისხმევა, უფრო გვეტკინება კუნთები და სხეულიც ნაკლებად გამოიყენებს ცხიმს ენერგიის მისაღებად.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments