შეგიძლიათ აღარ დათვალოთ კალორიები.

დიეტოლოგები უკვე მივიდნენ იმ აზრამდე, რომ კალორიების დათვლას აზრი არა აქვს, თუ არ გაითვალისწინებთ საკვების შემადგენლობას. კალორიების მიხედვით დიეტების დანიშვნა მოხერხებულია დიეტოლოგებისათვის, მაგრამ არა თქვენთვის. წარმოიდგინეთ, რამდენად რეალურია ყოველი საკვების მიღებისას აწონოთ ცალკეული პროდუქტები, მოძებნოთ ცხრილებში მათი კალორიულობა და დათვალოთ საერთო კალორიების რაოდენობა. თქვენ ვერასდროს ვერ დათვლით ზუსტად უკვე მომზადებული კერძის კალორიულობას, რომელმაც გაიარა თერმული დამუშავება და მთლიანად შეცვალა გამოყენებული პროდუქტის კალორიულობა. კიდევ უფრო ძნელია ზუსტად დათვალოთ დახარჯული კალორიების რაოდენობა.

მსუქანი ადამიანის ორგანიზმში დაგროვილია არა კალორიები, არამედ ცხიმი. ცხიმი არ არის კალორიების გროვა, ის არის რეალური ნივთიერება, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. თუ არის საკმარისი ენერგია ცხიმის სინთეზისათვის, მაგრამ არ არის შესაბამისი კომპონენტები, ცხიმი არ წარმოიქმნება. ზედმეტი კალორიები კი გაიხარჯება სითბოს სახით ან სხვა პროცესებზე, ან სულაც ორგანიზმს გაივლის ტრანზიტით.

რეალურად კალორიები არის სხვადასხვანაირი, ყველა პროდუქტის კალორია არ მუშაობს ცხიმის დაგროვებაზე. მაგალითად ასეთი “უცხიმო” კალორიაა ალკოჰოლში. 1 გრ. სუფთა ალკოჰოლი იძლევა 9 კკალ. იმდენივეს, რამდენსაც ცხიმი. ცხიმი ალკოჰოლისგან არ სინთეზირდება, და თუ არ დააყოლებთ ცხიმიან, ტკბილ საკვებს ცხიმი არ დაგროვდება, და პირიქით, თუ მიაყოლებთ უცხიმო ხორცს, თევზს და ბოსტნეულს გამოგივათ დიეტური საჭმელი. ცხიმი ძირითადად გროვდება ცხიმის და სწრაფი ნახშირწყლების ხარჯზე. ორგანიზმი სხვადასხვა ნუტრიენტებს სხვადასხვანაირად ითვისებს, ტრანზიტით უშვებს რასაც ვერ აითვისებს და დაიტოვებს რასაც ითვისებს.

იგივე შეიძლება ითქვას ცილებზე. ცილებშიც “უცხიმო” კალორიებია. 1 გრამი ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ. ენერგიას, მაგრამ ამ 1 გრ. ცილისგან არ სინთეზირდება არც ერთი მიკროგრამი ცხიმი. ასეა მოწყობილი ჩვენი ნივთიერებათა ცვლა, ცილა შედგება ისეთი “საშენი მასალისგან”, რომელიც არ გამოდგება ცხიმის საშენად. ცხიმის ასაშენებლად სხვა საშენი მასალაა საჭირო, რისგანაც შედგება ცხიმები და ნახშირწყლები.

ცხიმების და ნახშირწყლების მოლეკულები ერთი და იგივე ელემენტებისგან შედგება, ეს არის ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის ატომები. ცილის მოლეკულა კი შედგება ასევე გოგირდის და აზოტის ატომებისგან. ორგანიზმში ცხიმის წარმოქმნისთვის საჭიროა ცხიმოვანი მჟავები და გლიცერინი. ნახშირწყლების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ეს კომპონენტები, ამიტომ ნახშირწყლები გარდაიქმნება ცხიმად. ცილა შედგება ამინომჟავებისგან და ზოგიერთი ამინომჟავის დაშლით შესაძლებელია წარმოიქმნას ცხიმის შემადგენელი კომპონენტი, მაგრამ მასობრივი ცილის დაშლა ხდება როცა არის ენერგიის მწვავე დეფიციტი და ეს კომპონენტი გაიხარჯება ენერგიის გამომუშავებაზე. ამის გამოა, რომ ცილები არ გარდაიქმნება ცხიმად. ამიტომაცაა ეფექტური ცილოვანი და ნაკლებნახშირწყლოვანი დიეტები, რომლებსაც ხშირად მიმართავენ ბოდიბილდერები გამოშრობისას, თუმცა მათი კალორიულობა არ არის დაბალი.

არსებობს პროდუქტის ათვისების ე.წ. თერმოგენული ეფექტი TEF, რომელიც გვიჩვენებს საკვების გადამუშავებაზე და ათვისებაზე დახარჯული კალორიების რაოდენობას. ანუ თუ თქვენ იღებთ რაიმე საკვებს, მიღებული კალორიების გარკვეული ნაწილი წავა მის ათვისებაზე. ყველაზე მაღალი TEF აქვს ცილას – 20-30 %, ნახშირწყლებს 5-10 % ცხიმებს – 3 %.

სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ცხიმად გარდაიქმნება ორგანიზმში, ზოგს კი არ ითვისებს სრულად და გაატარებს. მაგალითად ავიღოთ ქატო, რომელიც არის ნახშირწყალი და აქვს მაღალი კალორიულობა. მაგრამ ორგანიზმი მას მთლიანად არ შეითვისებს. ვთქვათ თქვენ შეჭამეთ ქატო, ორგანიზმმა მიიღო კალორიები, მაგრამ ნაწილი არ დაიტოვა და ტრანზიტით გაატარა (ზუსტად ისე, როგორც ელექტრო გადამცემი ხაზები გაატარებენ კილოვატებს), გაწმინდა მომნელებელი სისტემა. ესეთი კალორიები არის სასარგებლო კალორიები და ის არ დაგროვდება ცხიმის სახით. თუ ჩვენ შევჭამთ იგივე რაოდენობის შოკოლადს, რომლის კალორიულობაც ნაკლებია ვიდრე ქატოსი, ამ სახეობის პროდუქტით მიღებული კალორიები დაგროვდება ცხიმის სახით.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: ავიღოთ 100 გრამი თეთრი პური რომლის გ.ი. თითქმის 100-ია და 100 გრ. ჭვავის პური, გ.ი. – 50. ორივეში ნახშირწყლების და კალორიების რაოდენობა იქნება ერთნაირი, მაგრამ თუ ჩვენ შევჭამთ თეთრ პურს, ის 2-ჯერ მეტად აწევს გლუკოზის დონეს სისხლში, ვიდრე ჭვავის პური. ეს ნიშნავს, რომ ინსულინიც 2-ჯერ მეტად გამოიყოფა და ცხიმის დაგროვების შანსიც 2-ჯერ მეტია. მაშინ რა აზრი აქვს კალორიების დათვლას თუკი ზოგი მაღალკალორიული პროდუქტი სასარგებლოა და ზოგიერთი დაბალკალორიული კი ცხიმად გარდაიქმნება. მთავარი კალორიების დათვლა კი არ არის, მთავარია პროდუქტები როგორ უთავსდება ერთმანეთს და ორგანიზმი როგორ მიიღებს მას.

დავუშვათ დიეტოლოგმა გირჩიათ 2000კკალ.-ის მიღება დღეში. თუ თქვენ ამ კალორიებს მიიღებთ შაურმის სახით ან ნებისმიერი სწრაფი კვების პროდუქტიდან, ან დალევთ კოკა-კოლას, ეს თქვენი 2000 კკალ იქცევა ცხიმად და თქვენ გახდომის ნაცვლად გასუქდებით. ამიტომ თავი დაანებეთ კალორიების თვლას და უფრო მეტი ყურადღებით შეუთავსეთ საკვები ერთმანეთს. ნუ შეჭამთ ცხიმებს ნახშირწყლებთან ერთად, მაგალითად კარაქი თეთრ პურთან და ა.შ.

მოკლედ, რა აზრი აქვს კალორიების დათვლას, თუ რაციონის გამოანგარიშებისას არ გაითვალისწინებთ ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ბალანსს. ცხიმი გროვდება არა კალორიების რაოდენობით, არამედ საკვების შემადგენელი კომპონენტების თავსებადობით ერთმანეთთან. გარდა ამისა, თქვენ ვერასდროს ვერ დათვლით ზუსტად მომზადებული სადილის კალორიულობას, თქვენ ვერ გაითვალისწინებთ ზუსტად რამდენად შეიცვლება პროდუქტების კალორიულობა თერმული დამუშავებისას, ასევე არ იცით თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის შემადგენლობა, ცხიმის შემცველობა, რა პირობებში იქნა მოყვანილი – ხილი, ბოსტნეული, ან რა საკვებით არის გაზრდილი საქონელი, ფრინველი. კიდევ უფრო რთულია დღეღამის განმავლობაში თქვენს მიერ დახარჯული კალორიების დათვლა.

ამიტომ, ჩემი რჩევაა, ეს არასასიამოვნო პროცედურა – კალორიების დათვლა, დაუტოვოთ მოქმედ ბბ-ებს, რომლებიც გამოშრობისას ზიან უმკაცრეს დიეტაზე და მათთვისაა მნიშვნელოვანი მიღებული კალორიების დათვლა, თქვენ კი ეს არაფერში არ გჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გაცილებით მარტივი, კორექციის მეთოდი – შეამოწმეთ წონა კვირაში ერთხელ, დილის ყველა პროცედურის შემდეგ, უზმოზე და თუ წონა მატულობს, შეამცირეთ მიღებული საკვების რაოდენობა, სანამ წონა არ გაჩერდება, ან არ დაიწყებთ კლებას.

პ.ს.

ამ სტატიის გამოქვეყნებას მოყვა ბევრი ნეგატიური გამოხმაურება კალორიების დათვლის მომხრეთა მხრიდან, დაახლოებით ამ ტიპის:

“თუკი ადამიანმა 2000 კკალ მიიღო შაურმით/კოკა-კოლით მაგრამ ამავდროულად დავწვა 2500 კკალს წონაში მომიმატებს?! ეს უკვე მკითხველის შეურაცხყოფაა:))!”

მსგავსი კითხვის ნიშნები რომ აღარ გაჩნდეს და ეჭვები გავფანტო მინდა დავამატო, რომ რა თქმა უნდა, გახდომის მთავარი პირობა – კალორიების დეფიციტი არავის გაუუქმებია და თუ ე.წ. სასარგებლო პროდუქტიდან მივიღებთ უფრო მეტ კალორიას, ვიდრე დავხარჯავთ, ჩვენ ვერ გავხდებით, მაგრამ სტატიაში საუბარი სხვა რამეზეა: წონაში მომატება და გასუქება სხვადასხვა ცნებაა და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. სიმსუქნე არის ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში, ხოლო წონაში მომატება კუნთის ხარჯზეც ხდება, ისევე როგორც წონაში დაკლება შეიძლება არა მარტო ცხიმის დაწვით, ასევე კუნთების დაწვით, ჩვენი ამოცანა კი ცხიმის დაწვაა.

ყველაფერი ძალიან მარტივადაა. შეიძლება მიიღო 2000 კკალ. და დახარჯო 2500 კკალ. მაგრამ ვერ დაწვა ცხიმი. ენერგო დეფიციტის პირობებში ორგანიზმი გადადის ენერგიის ეკონომიის რეჟიმში და პირველ რიგში თავიდან იცილებს ენერგიის მომხმარებელს – კუნთებს, ცხიმს კი ისევ ინახავს დეპოში. ამიტომაც არის ცხიმის დაწვა რთული და ხშირ შემთხვევაში ვინც ცდილობს მკაცრი დიეტით, შიმშილობით ან სირბილით დაწვას ცხიმი, ცხიმის ნაცვლად წვავს კუნთებს. ცხიმის წარმომავლობასაც გააჩნია, ცხიმს რა ფორმითაც ვიღებთ, იმ სტრუქტურის ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში. შაურმაში ბევრი ტრანსცხიმები და ცხოველური ცხიმებია, რომელთა დაშლაც ჩვენი ორგანიზმისთვის გაცილებით რთულია ვიდრე არანაჯერი ცხიმების. ტრანსცხიმები საერთოდ არაბუნებრივი, ტრანსფორმირებული ცხიმებია და ჩვენი ორგანიზმისთვის მისი დაშლა რთულია. ამიტომ როცა სისტემატიურად იკვებებით მსგავსი არაჯანსაღი საკვებით, თქვენ ენერგო დეფიციტის შემთხვევაში უფრო მალე დაწვავთ კუნთებს, ვიდრე ცხიმს (ცხიმი დაწვას ვერ ასწრებს და ახალ ცხიმს უმატებთ).

ამიტომ მთავარი კალორიების დათვლა კი არაა, მთავარი მიღებული საკვების შემადგენლობაა. სტატიაში მაქსიმალურად ვეცადე ამეხსნა ეს პროცესი, მაგრამ წლების განმავლობაში დიეტოლოგებმა იმდენი უჩიჩინეს ხალხს კალორიების დათვლის მნიშვნელობაზე წონაში დაკლებისას, რომ არავითარი განსხვავებული აზრის მოსმენა აღარ უნდათ.

და ბოლოს დავამატებ, რომ ეს არ არის ჩემი მოსაზრება, დიეტოლოგიაში უკვე კარგა ხანია შეიცვალა შეხედულებები, თავად დიეტოლოგებმა (გირჩევთ მოუსმინოთ ენდოკრინოლოგ ასმათ კევლიშვილს) უარყვეს კალორიების დათვლის მეთოდით (ასევე სისხლის ჯგუფის მიხედვით) სიმსუქნის მკურნალობა და უფრო მეტად ითვალისწინებენ ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ბალანსს და საკვების შემადგენელი კომპონენტების თავსებადობას ერთმანეთთან.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება