რძემჟავა – მტერი თუ მეგობარი.

სატრენაჟორო დარბაზებში ხშირად გაიგონებთ მოვარჯიშეებისგან, რომ რძემჟავის გამო კუნთები სტკივათ, ემართებათ კრუნჩხვები, თავს ცუდად გრძნობენ. მოკლედ მათი აზრით, სპორტსმენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ლამის ყველა პრობლემის მიზეზი რძემჟავაა.

მოდით გავერკვეთ სინამდვილეში რა პროცესი ხდება ჩვენ ორგანიზმში ვარჯიშის დროს.

რძემჟავა წარმოიშობა კუნთებში ანაერობული გლიკოლიზის – გლუკოზის დაშლის შედეგად, რომელიც იწვევს მუშა კუნთის წვას. კუნთის დაღლას უშუალო კავშირი აქვს მუშაობის პერიოდში დახარჯული ნახშირწყლების რაოდენობასთან, რომლებიც კუნთური მუშაობის მთავარ საწვავს წარმოადგენს. ხანგრძლივი მუშაობის დროს კუნთში არსებული ნახშირწყლების მარაგი ილევა და მათ ნაცვლად გროვდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტი – რძემჟავა, რომელიც კუნთის დაღლას იწვევს. ერთი და იგივე კუნთის ვარჯიშის დროს რძემჟავა გროვდება კუნთში და რაც უფრო მეტ გამეორებას ვაკეთებთ, მით მეტია რძემჟავაც. ორგანიზმი ენერგიის საწარმოებლად იყენებს გლუკოზას, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს იშლება (ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე), რომლის დაჟანგვის საბოლოო პროდუქტი არის წყალბადის იონები და ლაქტატი. წყალბადის იონების ზედმეტი რაოდენობა ანადგურებს კუნთოვანი ბოჭკოების მიტოქონდრიებს, ანუ ზიანს გვაყენებს, ხოლო მისი ზომიერი რაოდენობა ეხმარება ჰორმონს – ტესტოსტერონს გახსნას უჯრედის დნმ-ის ინფორმაცია და დაიწყოს ცილის სინთეზი, ანუ კუნთის ზრდა. ინტენსიური ვარჯიშის დროს ლაქტატი გროვდება და ვერ გამოდის კუნთიდან. როდესაც ჩვენ ვამთავრებთ ვარჯიშის გამეორებებს, ლაქტატის დონე კრიტიკულია და იწყება კუნთის წვა. დასვენების დროს რძემჟავის დონე მცირდება, მაგრამ არა პირვანდელ მდგომარეობამდე. რაც მეტს და ინტენსიურად ვვარჯიშობთ, მით მეტი რძემჟავა გროვდება ჩვენს კუნთებში.

გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს რძემჟავა უარყოფითად მოქმედებს კუნთებზე და არ აძლევს მას საშუალებას ბოლომდე დაიტვირთოს. თუმცა ეს ასე არ არის. როგორც კი გვერდზე გადადებთ შტანგას სისხლი მაშინვე მიაწვება კუნთს და გამორეცხავს რძემჟავისგან, რომელიც ხვდება ღვიძლში და ხელახლა გარდაიქმნება გლუკოზად, ამ პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება. შემდგომში გლუკოზა კვლავ ხვდება სისხლში შემდგომი გამოყენებისთვის. ლაქტატის ასეთი ციკლი უმატებს სიმჟავეს სისხლში, რაც სტიმულს აძლევს მთელ ორგანიზმს და აახალგაზრდავებს მას.

გამოდის რომ ორგანიზმი რძემჟავას ხშირად გამოიყენებს როგორც ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს და ნედლეულს გლუკოზის და გლიკოგენის სინთეზისათვის. ვარჯიშის დროს გამომუშავებული რძემჟავის დაახლოებით 75% გამოიყენება როგორც საწვავი, დანარჩენი 25% ღვიძლის და თირკმელის საშუალებით გარდაიქმნება გლუკოზად. ამრიგად არავითარი ზედმეტი რძემჟავა არ გროვდება კუნთში, სამაგიეროდ სისხლში შენარჩუნებულია გლუკოზის საჭირო დონე. ეს კი მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ვარჯიშის დროს.

მთავარი მიზეზი, თუ რატომ გვტკივა კუნთები ვარჯიშის შემდეგ.

მძიმე ვარჯიშის მეორე მესამე დღეს კუნთების ტკივილთან (კრეპატურასთან) რძემჟავას არავითარი საერთო არ აქვს. ეს ტკივილი გამოწვეულია ვარჯიშის ექსცენტრიულ (უარყოფით) ფაზაში მოძრაობისას კუნთის ქსოვილის ბოჭკოების მიკროსკოპული ტრავმებით (მიოფიბრილების გაწყვეტით). როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ წონის დაშვება იწვევს კუნთის დაზიანებას და თუ ვინმე თქვენს მაგივრად დაუშვებს წონას, თქვენ კუნთის ტკივილი არასდროს არ გექნებათ, რაც მეცნიერულად არის დამტკიცებული. კონცენტრირებული შეკუმშვა კი (წონის აწევა) არ იწვევს მიკროტრავმებს და სწორედ ამ ფაზაში ხდება დიდი რაოდენობით რძემჟავის გამომუშავება. ტკივილის მიზეზი რომ რძემჟავა იყოს, აწევისას კუნთის მეტი ტკივილი იქნებოდა, რაც სწორედაც რომ პირიქითაა.

როგორ მოვიქცეთ, რომ რძემჟავა ნაკლებად დაგროვდეს კუნთში:

ვარჯიშის დაწყებამდე კარგად გახურდით.
გააკეთეთ გაწელვები ყველა მისვლის მერე.
მოუმატეთ წონებს თანდათანობით, როცა კუნთი მზად არის ახალი წონისთვის.
არ გააცდინოთ ვარჯიშები, რათა კუნთები მიეჩვიონ დატვირთვებს.
სრულად აღიდგინეთ ძალები ვარჯიშის შემდეგ.

მაშასადამე ჩვენ დავადგინეთ, რომ რძემჟავა ვარჯიშის დროს იწვევს კუნთებში წვის შეგრძნებას, მაგრამ არა ტკივილს მეორე ან მესამე დღეს.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო https://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments Box

Leave a Reply